გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე № 3/2594-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ივლისი, 2018 წ. ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - შპს „ჯ-------------–------ს“
წარმომადგენელი - რ------–-------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისი სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ა----------–-–---–ი
მესამე პირი - შპს „კ------------–------”
წარმომადგენელი - ლ-–-------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის NA---------------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს „კ------------–------“-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 25 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 8 აგვისტოს შედგა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელშიც სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ დ--------–----ე (პ/ნ 0----------) და ლ-------–----ე (პ/ნ 0----------), ხოლო კრედიტორს - ტ------–----------ე (პ/ნ 21001003069). აღნიშნული სანოტარო აქტის გაცემის დღისათვის დ--------–----ის და ლ-------–----ის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი დავალიანება შეადგენდა 1000000 (ერთ მილიონ) ლარს. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადახდა უნდა მიქცეულიყო სოლიდარული მოვალეების ნებისმიერი ქონების მიმართ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სანოტარო აქტი - სააღსრულებო ფურცელი ( ს.ფ. 110-112);
4.2. 2017 წლის 25 სექტემბერს, კრედიტორმა ტ------–----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო ფურცლის N1-------- საფუძველზე მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ. 109);
4.3. 2017 წლის 26 სექტემბერს მოვალეებს - დ--------–----ესა და ლ-------–----ეს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით დ--------–----ესა და ლ-------–----ეს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე გზავნილი გაეგზავნათ არაერთხელ, თუმცა ვერ ჩაბარდათ.
აღმასრულებლის მიერ აღნიშნული წინადადება გადაწყვეტილების შესახებ, დ--------–----ის მიმართ N5---- და ლ-------–----ის მიმართ N5---- ნომრებით გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინების სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 113-118);
- ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 119-122);
- საჯარო შეტყობინებები (ს.ფ. 123-124);
4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 29 სექტემბერს NA-------- წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება ო------------------–------- N26, საკადასტრო კოდი: 0--------------- ყადაღის რეგისტრაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 29 სექტემბერს NA-------- წერილი (ს.ფ. 125);
4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 დეკემბრის NA---------0------ წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს, ეთხოვა ლ-------–----ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, დასახლება ო------------------–-------, N26, საკადასტრო კოდი: 0--------------- საბაზრო ღირებულების შეფასება. სამსახურის, მიერ აღნიშნული კონება შეფასდა 250 000 ლარად შეფასდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 25 დეკემბრის NA---------0------ წერილი (ს.ფ. 151);
- შეფასების დასკვნა (ს.ფ. 152-160);
4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 24 იანვრის NA---------0------ წერილით, შპს „ჯ-------------–------ს“-ს როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების მქონე პირს, ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ 25.09.2017 წელს გაცემული N1-------- აღსრულების ქვემდებარე აქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი ლ-------–----ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, დასახლება ო------------------–------- N26; საკადასტრო კოდი 0---------------.
აღნიშნული შეტყობინება ადრესატს გაეგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე არაერთხელ, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 24 იანვრის NA---------0------ წერილი (ს.ფ. 166-167);
- ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 169-170; 173-174; 177-179; 182-184 );
4.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შპს „ჯ-------------–------ს“-ის შეტყობინება მიმდინარე იძულებითი აღსრულების თაობაზე გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინების გამოყენებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ვებგვერდიდან ამონაწერი (ს.ფ. 188);
4.8. ლ-------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით იძულებითი აღსრულების პროცედურა 2018 წლის 19 მარტს დაიწყო და 2018 წლის 4 აპრილს დასრულდა. ქონება პირველ განმეორებით აუქციონზე გასხვისდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აუქციონის შედეგები ( ს.ფ. 195-198);
4.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის NA---------------- განკარგულებით მოვალის ლ-------–----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (გამოყოფილი ნაწილის უძრავი ქონებიდან, კერძოდ, შენობა-ნაგებობა 287 კვ.მ.) მდებარე, ქ. თბილისში, ო---------------–---------–-------- ქ. N26, საკადასტრო კოდით: 0--------------- - შემძენი 2018 წლის 4 აპრილს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „კ------------–------“.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის NA---------------- განკარგულება (ს.ფ. 199-200);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 183-ე მუხლზე, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.2 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მათთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი არ ყოფილა უძრავ ქონების იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე, არ მომხდარა მათთვის გაფრთხილების თაობაზე შესაბამისი წინადადების ჩაბარება რითაც დარღვეულ იქნა სააღსრულებო წარმოების წესები.
ამავე კანონის 69-ე მუხლის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 24 იანვრის NA---------0------ წერილით, შპს „ჯ-------------–------ს“-ს როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების მქონე პირს, ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ 25.09.2017 წელს გაცემული N1-------- აღსრულების ქვემდებარე აქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი ლ-------–----ის (პ/ნ 0----------) კუთვნის უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, დასახლება ო------------------–------- N26; საკადასტრო კოდი 0---------------. აღნიშნული წერილი გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით შპს „ჯ-------------–------ს“-ს მითითებულ მისამართებზე გზავნილი გაეგზავნა არაერთხელ, მაგრამ ვერ ჩაბარდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შპს „ჯ-------------–------ს“-ს საჯარო შეტყობინებით ეცნობა აღნიშნული წერილისა და იძულებითი აუქციონის თაობაზე. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე.
ამავე კანონის 25-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის განმარტება სააღსრულებო წარმოების არაინფორმირებულობის თაობაზე გააზრებული ვერ იქნება, ვინაიდან იგი კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული მის მიმართ წარმართული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ცნობილი დაფიქსირებული და მისი გათვალისწინებით განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები დაინტერესებული პირის ინფორმირების თაობაზე.
აღნიშნული გარემოებების შეფასება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადაო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის A---------------- განკარგულების მოქმედება შპს „ჯ-------------–------ს“-ის მიერ აღსაძრავ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ-------------–------ს“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის A---------------- განკარგულების მოქმედების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე