გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002560869
საქმე 2/293-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.09.2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ც------ ა-----ე
წარმომადგენელი: ი-----–--- მ--------ე
მოპასუხე: ნ---- ჯ--------ე
დავის საგანი: სესხი
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ც------ ა-----ემ (პ/ნ.3----------) მოპასუხე - ნ---- ჯ--------ის (პ/ნ. 5----------) მიმართ, დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხე მუშაობს საჩხერეში კ--------- ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ვაჭრობს მეორადი საქონლით და მას ხშირად უწევს ამ გზით სიარული და მასთან შეხვედრა. 2016 წლის თებერვალში მოპასუხე წუხდა , რომ მას მაღაზია გაუქურდეს და მოსარჩელეს თხოვა თანხის სესხება ახალი აღებული ჰქონდა პენსია და მას ასესხა უყოყმანოდ 200 ლარი. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ თხოვა მოპასუხემ მოსარჩელეს თანხა და მანაც ასესხა 200 ა.შ.შ. დოლარი, რომელიც დისშვილს გამოართვა. მოპასუხემ რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ თხოვა და მოსარჩელემაც ასესხა 1000 ლარი. ამის შემდეგ გავიდა ორ წელზე მეტი მოპასუხე ფულს არ აბრუნებს . მან 200 ლარი დააბრუნა მხოლოდ2018 წლის 2 თებერვალს კი დაწერა აღიარების ხელწერილი , რომ თანხას 2018 წლის 2 მაისს დააბრუნებდა თუმცა დღემდე არ დაუბრუნებია.
მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, რომ მოპასუხე ნ---- ჯ--------ეს, ც------ ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ნ---- ჯ--------ემ მოცემულ სარჩელზე შესაგებელი არ შემოიტანა, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელს ცნობს 1000 ლარის ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ც------ ა-----ე ცხოვრობს ქ,საჩხერე ს---------- ქ.N5 და იგი სესხის გაცემამდე იცნობდა ნ---- ჯ--------ეს. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მათ ჰქონდათ ახლო ურთიერთობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-13)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
3.2.2. 2018 წლის 2 თებერვლის ხელწერილით , რომელიც შედგენილია ნ---- ჯ--------ის მიერ დასტურდება, რომ 2016 წელს ნ---- ჯ--------ემ ც------ ასანიზისაგან ისესხა 200 ა.შ.შ,. დოლარი და 1000 ლარი , რომელიც დღემდე არ გადაუხდია და გადაიხდის სამი თვის განმავლობაში. ხელწერილს ხელს აწერს ნ---- ჯ--------ე. სესხი ასევე დასტურდება საქმეში არსებული სხვა ხელწერილებითაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 14-17)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც------ ა-----ე არის სოციალურად დაუცველი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან სიაშია აღრიცხული 35150 ქულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 19)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ც------ ა-----ის სარჩელი ნ---- ჯ--------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ ნ---- ჯ-------ზეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა 1000ლარის და 200 ა.შ.შ. დოლარის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ზეპირი ფორმით, თუმცა დადასტურებული იქნა შემდგომ წერილობითი მტკიცებულებით, მაშასადამე მოცემული ხელშეკრულების ნამდვილობა დადგენილია ასევე წერილობითი მასალებიდან შვიდასი ლარის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რასაც მოპასუხე მხარეც ადასტურებს. 2018 წლის 2 თებერვლის ხელწერილით , რომელიც შედგენილია ნ---- ჯ--------ის მიერ დასტურდება, რომ 2016 წელს ნ---- ჯ--------ემ ც------ ა-----ისაგან ისესხა 200 ა.შ.შ,. დოლარი და 1000 ლარი , რომელიც დღემდე არ გადაუხდია და გადაიხდის სამი თვის განმავლობაში. ხელწერილს ხელს აწერს ნ---- ჯ--------ე. სესხი ასევე დასტურდება საქმეში არსებული სხვა ხელწერილებითაც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სესხის თანხა შეადგენდა მხოლოდ 1000 ლარს, ვინაიდან აღნიშნული პოზიციის თაობაზე არავითარი დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია .
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე - ნ---- ჯ--------ეს მოსარჩელე ც------ ა-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1000 ლარის და 200 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარისგადახდა.
6.3. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც------ ა-----ის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს და ნ---- ჯ--------ეს (პ/ნ5----------) ც------ ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) ლარის და 200 (ორასი) ა.შ.შ. დოლარის, ეკვივალენტი ლარის, გადახდა.
2. ნ---- ჯ--------ეს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 15 (თხუთმეტი) ლარი და 74 (სამოცდათოთხმეტი) თეთრი გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი