გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3837-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - შპს „----------- უ------- ე--- ფ-------“
წარმომადგენელი - ი----- ნ-----–--–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - თ----- ბ--------
მესამე პირი - შპს ,,ლ------ გ-----ი“
წარმომადგენელი - გ---- ფ---–---–--ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირის შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. შპს ,,ლ------ გ-----ი“ მისამართზე: საბურთალო, მერაბ ალექსიძის ქ, შენ 01-, არის სასმელი წყლის მომხმარებელი და შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 7--------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 78-81).
4.2. 2016 წლის 02 აგვისტოს, შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელმა N IN1------- განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ--------- უ------- ფ-------ს“ ახალი მიერთებების ჯგუფის უფროს სპეციალისტს და მოითხოვა ტექნიკური პირობა მათი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგება - წყალანირებისათვის, მისამართზე: ალექსიძის N1- (საკადასტრო კოდი N0---------------); 2016 წლის 10 აგვისტოს, შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელმა დამატებით N IN1------- განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ--------- უ------- ფ-------ს“ ახალი მიერთებების ჯგუფის უფროს სპეციალისტს და მოითხოვა, მათი განაცხადით გამოთხოვილი წყალანირების მილის დიამეტრად მითითებული ყოფილიყო 250მმ, მისამართზე: ალექსიძის N1- (საკადასტრო კოდი N0---------------) რაზეც ითხოვდნენ ტექნიკურ პირობას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2016 წლის 02 აგვისტოს N IN1------- განცხადება (ს.ფ. 72);
- 2016 წლის 10 აგვისტოს N IN1------- განცხადება (ს.ფ. 74);
4.3. 2016 წლის 18 აგვისტოს, შპს „----------- უ------- ე--- ფ--------“ განიხილა შპს ,,ლ------ გ-----ის“ N IN1------- განცხადება, ალექსიძის ქ. N1--ში მდებარე ობიექტისათვის წყალმომარაგება - წყალანირების ტექნიკური პირობის გაცემის თაობაზე.
შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ წყალარინების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ეცნობა შპს ,,ლ------ გ-----ს“, რომ წყალარინების უახლოესი ქსელი სადაც შეიძლება მოხდეს მოსაწყობი წყალარინების ქსელის დაერთება მდებარეობს დაახლოებით 6 გრძ.მ-ს მოშორებით.
ამასთან შენიშვნის სახით განემარტა შპს-ს, რომ საჭიროა საკანალიზაციო ქსელის გადართვა სანიაღვრე კოლექტორში, შესაბამისი სამსახურის ნებართვით.
ასევე, დამატებით ეცნობა შპს ,,ლ------ გ-----ს“, რომ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 2012 წლის 22 მარტის დადგენილება N4-ის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ დამტკიცებული განაცხადით მომართვის შემთხვევაში კომპანია განიხილავს ობიექტისათვის წყალანირების სრული ტექნოლოგიური ციკლის ჩატარების შესაძლებლობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ 2016 წლის 18 აგვისტოს №O--------- წერილი (ს.ფ. 69).
4.4. 2018 წლის 6 თებერვალს, შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა შპს ,,ლ------ გ-----ის“ კუთვნილი ობიექტის წყალანირების ქსელი. კომპანიამ მიიჩნია, რომ ქსელი მოწყობილია და მიერთებულია კომპანიის საკანალიზაციო კოლექტორზე თვითნებურად, რაზეც შედგა ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტი N------ და მომხმარებელს დაერიცხა წყალანირების ქსელზე 200 მმ დიამეტრის მილით მიერთების საფასური 20 500 ლარის ოდენობით.
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 6 თებერვლის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტი N------ (ს.ფ. 77);
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-60).
4.5. 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელმა N1------ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა კომპანიის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს შედგენილი ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N------ აქტის გაუქმება.
2018 წლის 16 აპრილს შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ მიერ მათთვის დარიცხული 20 500.00 (ოციათასხუთასი) ლარის ჩამოწერა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს ,,ლ------ გ-----ის“ 2018 წლის 15 თებერვლის N1------ განცხადება (ს.ფ. 68);
- შპს ,,ლ------ გ-----ის“ 2018 წლის 16 აპრილის N4------ წერილი (ს.ფ. 65).
4.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენლის განცხადება. შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ 2018 წლის 6 თებერვლის N------ ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს ,,ლ------ გ-----ისთვის“ მიერთების საფასურის (20500 ლარის) დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და ცვლილების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის (აბ. N7--------) ბარათში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-60).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული შპს ,,ლ------ გ-----სა“ და შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------“ შორის არსებული დავის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.
,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
ხსენებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე, სათანადოდ გაწმე---ის უზრუნველყოფა. ხოლო მე-3 მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამ წესების მიზნებისათვის კი სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამასთან, მე-4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. ხოლო, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება: ა) წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება; ბ) მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მომარაგების საკუთარ წყაროზე (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) არსებული მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა; გ) წყალარინების ქსელზე არსებული აღრიცხვის კვანძის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის პერიოდში, წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ღირებულება მომხმარებლისთვის გამოითვლება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ან 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-82 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს აქტი წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის შესახებ.
განსახილველ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში სუბიექტს წარმოადგენს შპს ,,ლ------ გ-----ი“, რომელიც არის სასმელ წყლის მომხმარებელი და იგი შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით N7--------. კომპანიამ შპს ,,ლ------ გ-----ს“ ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით დაარიცხა წყალანირების ქსელზე 200 მმ დიამეტრის მილით მიერთების საფასური 20 500 ლარი. შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ პოზიციის თანახმად, ამ თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა ის, რომ ქსელი მოწყობილია და მიერთებულია კომპანიის საკანალიზაციო კოლექტორზე თვითნებურად.
სასამართლო განმარტავს, რომ წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სასამართლო ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „----------- უ------- ე--- ფ--------“ გამოავლინა რა წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს №008583 ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტის შედგენაში, რომლითაც მომხმარებელს დაერიცხა წყალარინების ქსელზე 200 მმ დიამეტრის მილით საფასური 20500 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელმა N1------ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა კომპანიის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს შედგენილი ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N------ აქტის გაუქმება. ამასთან, 2018 წლის 16 აპრილს შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ მიერ მათთვის დარიცხული 20 500.00 (ოციათასხუთასი) ლარის ჩამოწერა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილებით, შპს ,,ლ------ გ-----ის“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ 2018 წლის 6 თებერვლის N------ ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს ,,ლ------ გ-----ისთვის“ მიერთების საფასურის (20500 ლარის) დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------“, გააუქმოს უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და შეიტანოს ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის (აბ. N7--------) ბარათში.
7.3. სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელი სასმელი წყლისა და წყალარინების მილების მოთხოვნილი დიამეტრის მიხედვით (დანართი №3). მე-7 პუნქტის თანახმად, კი წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება. მე-8 პუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ. წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან. ხოლო, მე-1- პუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს): ა) მისაერთებელი სასმელი წყლის/წყალარინების მილის დიამეტრი და წარმადობა; ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება.
წესების N3 დანართის თანახმად, მიერთების საფასური დადგენილია მხოლოდ 100, 150 და 200 მმ დიამეტრის წყალანირების მილით ობიექტის ქსელზე მიერთებაზე. კერძოდ, 100მმ-იანი დიამეტრის მილის მიერთების ღირებულებაა - 1000 ლარი, 150მმ-იანი დიამეტრის მილის მიერთების ღირებულებაა - 1- 500 ლარი და 200მმ-იანი დიამეტრის მილის მიერთების ღირებულებაა 20 500 ლარი.
ზემოაღნიშნული წესის მე-181 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს; ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს; გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად); დ) არსებული მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში).
განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მის მიერ შპს ,,ლ------ გ-----ს“ გადასახდელად დაერიცხა საკანალიზაციო ქსელზე დაერთებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ტარიფით - 20 500 ლარი. ვინაიდან, აღნიშნული წესების N3 დანართით, მიერთების საფასური დადგენილია მხოლოდ 100, 150 და 200 მმ დიამეტრის წყალანირების მილით ობიექტის ქსელზე მიერთებაზე. შპს ,,ლ------ გ-----მა“ კი წყალანირების ქსელზე მიერთება მოითხოვა 250 მმ დიამეტრის მილით. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ მიერ განსაზღვრული ზემოაღნიშნული მიერთების საფასური. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მიერ განხორციელებული აღნიშნული დარიცხვა კანონთან შეუსაბამობაშია და უნდა ჩაითვალოს უსაფუძვლოდ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მიერთების საფასური დარიცხულია იმ მომსახურებისთვის, რომელიც შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------“ არ გაუწევია და ზიანიც არ მისდგომია. კერძოდ, შპს ,,ლ------ გ-----ს“ კომპანიისთვის არ მიუმართავს ,,წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით და წესების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, არც კომპანიას შეუსრულებია წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოები. შპს ,,ლ------ გ-----მა“ თავად განახორციელა ობიექტის მიერთება კომპანიის ქსელზე 250 მმ დიამეტრის მილით. შესაბამისად, კომპანიის მიერ მიერთების საფასურის - 20500 ლარის გადახდა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
მხარეები სადავოდ ხდიან საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ 2016 წლის 18 აგვისტოს №O--------- წერილს. აღნიშნული წერილით, შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ წყალარინების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ეცნობა შპს ,,ლ------ გ-----ს“, რომ წყალარინების უახლოესი ქსელი სადაც შეიძლება მოხდეს მოსაწყობი წყალარინების ქსელის დაერთება მდებარეობს დაახლოებით 6 გრძ.მ-ს მოშორებით. ამასთან შენიშვნის სახით განემარტა შპს-ს, რომ საჭიროა საკანალიზაციო ქსელის გადართვა სანიაღვრე კოლექტორში, შესაბამისი სამსახურის ნებართვით.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ლ------ გ-----ს“ შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ 2016 წლის 18 აგვისტოს №O--------- წერილის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა. მხარემ მიმართა შესაბამის ორგანოს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ალექსიძის 1--ში მდებარე ობიექტის (საკადასტრო კოდი: 0---------------) კომპანიის წყალანირების ქსელზე 250 მმ დიამეტრის მილით მიერთებაზე ტექნიკური პირობის გაცემა, რაზეც მიიღო დადებითი პასუხი და თავად განახორციელა ობიექტის მიერთება კომპანიის ქსელზე 250 მმ დიამეტრის მილით, კომპანიის წერილში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად. წერილის შინაარსი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კომპანიამ იმსჯელა და შეაფასა განცხადებაში მითითებული საკითხი და დადებითად გადაწყვიტა. მან „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-181 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2 კვირის ვადაში გაუგზავნა აღნიშნული წერილი მიერთების მსურველს, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული ობიექტის მისაერთებლად საჭირო კომპანიის წყალანირების ქსელის პარამეტრები, ასევე, ქსელის მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სადავო შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ 2016 წლის 18 აგვისტოს №O--------- წერილი თავისი შინაარსით სრულად შეესაბამება ტექნიკურ პირობას, მიუხედავად მისი დასახელებისა და იგი კომპანიის მიერ გაცემულ ამგვარ დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვინაიდან კომპანია აფიქსირებდა, რომ ზემოაღნიშნული წერილი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩათვლილიყო ტექნიკურ პირობად, კომისიამ კომპანიისგან გამოითხოვა ამავე ობიექტის სასმელი წყლით მომარაგების ტექნიკური პირობა. წარდგენილი ტექნიკური პირობიდან, ასევე, ანალოგიურ საკითხებზე კომისიის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ კომპანიის წერილის (№O---------. 18.08.2016) შინაარსი ანალოგიური იყო სხვა შემთხვევებში გაცემული ტექნიკური პირობების შინაარსისა.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №3--- გადაწყვეტილება კანონიერია, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „----------- უ------- ე--- ფ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე