გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210018002461670
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - სს „მ---------------ი“

წარმომადგენელი - მ----------------ია

მოპასუხე - გ--------------–--ი

წარმომადგენელი - დ--------–----ე

მოპასუხე - ა-----–-------–-----–---–ი

დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 . ა-----–-------–-----–---–სა და გ--------------–--ს სს „მ---------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4700 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2 . ა-----–-------–-----–---–ს სს „მ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2464.86 აშშ დოლარისა და 228 ლარის გადახდა;

 

სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

 

2014 წლის 27 იანვარს ა-----–-------–-----–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ა-----–-------–-----–---–მა მიიღო სესხი 4700 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 12 თვე. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური 4.7%-ით, ხოლო სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.25%.

სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის იმავე დღეს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, გირავნობის საგანს წარმოადგენს დამგირავებლის ა-----–-------–-----–---–ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და გ--------------–--ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სადაც გ--------------–--ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4700 აშშ დოლარით.

 

მსესხებელი ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს, შესაბამისად პირველი დარღვევის შემდეგ ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის მაისის თვეში, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.

 

(04.10.2018 წლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მ----------------იამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 4700 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე ა-----–-------–-----–---–ს ასევე დაეკისროს 1144 აშშ დოლარის და 228 ლარის ოდენობით სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდა).

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ წერილობით შესაგებლით, მათ არ ცნეს მოსარჩელის მოთხოვნა და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე გ--------------–--ის წარმომადგენელმა დ--------–----ემ სასარჩელო მოთხოვნის ძირი თანხა ცნო 2960 აშშ დოლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 27 იანვარს ა-----–-------–-----–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ა-----–-------–-----–---–მა მიიღო სესხი 4700 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 12 თვე. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური 4.7%-ით, ხოლო სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.25%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.01.2014 წლის სესხის ხელშეკრულება N------;

- გრაფიკი.

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის იმავე დღეს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, გირავნობის საგანს წარმოადგენს დამგირავებლის ა-----–-------–-----–---–ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ბმვ X-, სახ. ნომრით Q-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.01.2014 წლის გირავნობის ხელშეკრულება N------/1;

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესა და გ--------------–--ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სადაც გ--------------–--ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4700 აშშ დოლარით.

 

თავდებობის წერილებით ბანკს მიენიჭა უფლება, წაუყენოს სოლიდარულ თავდებს მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.01.2014 წლის თავდებობის ხელშეკრულება N------/2.

 

3.1.4. მსესხებელი ახორციელებდა არასტაბილურ გადახდებს, შესაბამისად პირველი დარღვევის შემდეგ ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო.

სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის მაისის თვეში. შემდგომ, სესხის დაფარვა აღარ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 24.05.2018 წლის მდგომარეობით (სარჩელის აღძვრის თარიღი) 2014 წლის 27 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არის 4700 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი - 1144 აშშ დოლარი და 228 ლარი სასამართლოს გარეშე ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადახდების ისტორია, გაფრთხილების წერილები) საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც დავალიანების დაფარვის ფაქტს დაადასტურებდა, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის, წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით შესრულებული გადახდებით დაფარულია მხოლოდ პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- გადახდის გრაფიკი;

- გადახდის ქვითრები;

- გადახდების ისტორია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,მ---------------ი“-ს სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სს ,,მ---------------ი“-სა და ა-----–-------–-----–---–ს შორის 2014 წლის 27 იანვარს სესხის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებით გ--------------–--ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4700 აშშ დოლარით, ხოლო სოლიდარული თავდების მიმართ სს ,,მ---------------ი“-ს მოთხოვნა არ აღემატება აღნიშნულ ფარგლებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, ვინაიდან 27.01.2014 წლის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არც მსესხებელს და არც სოლიდარულ თავდებს არ შეუსრულებიათ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი ანიჭებს კრედიტორს უფლებას ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ მოვალეებს, სს ,,მ---------------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი ნაცვლად 569.65 ლარისა, წინასწარ გადახდილია 529.43 ლარის ოდენობით (40.22 ლარით ნაკლები). ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1320.86 აშშ დოლარით (სარჩელის წარდგენის დღეს არსებული კურსით 1 აშშ დოლარი=2.6184 ლარი), შესაბამისად ამ ნაწილის სახ. ბაჟს 103.75 ლარს უნდა გამოაკლდეს წინასწარ გადასახდელი სახ. ბაჟის დაკლებული თანხა 40.22 ლარი და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 103.75-40.22=63.53 ლარი.

ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეებს ა-----–-------–-----–---–სა და გ--------------–--ს სს ,,მ---------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 252.94 ლარის ანაზღაურება, ხოლო ა-----–-------–-----–---–ს სს ,,მ---------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 212.95 ლარის ანაზღაურება.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49.1-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „მ---------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ა-----–-------–-----–---–სა და გ--------------–--ს სს „მ---------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4700 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ა-----–-------–-----–---–ს სს „მ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1144 აშშ დოლარისა და 228 ლარის გადახდა;

 

4. ა-----–-------–-----–---–სა და გ--------------–--ს სს „მ---------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 252.94 ლარი;

 

5. ა-----–-------–-----–---–ს სს „მ---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 116.25+89.86+6.84=212.95 ლარი;

 

6. სს „მ---------------ი“-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 28.06.2017წ. №---------- საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 529.43 ლარიდან (გადამხდელი - სს „მ---------------ი“ (ს/ნ 2--------), გადამხდელის ბანკი - სს თ----- ბანკი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 63.53 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე