გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
030210017002231494
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210017002231494

N 2/1346-2017

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა

 

განმცხადებელი შპს ,,შ----------–--- პ------–-’’

დირექტორი გ---–---- ბ------ (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი ფ-------- ჭ--–--ე (არ გამოცხადდა)

 

მოწინააღმდეგე მხარე ხობის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: ჯ------ ბ------, თ----- ტ------ა

 

დავის საგანი საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება

 

განმცხადებლის მოთხოვნა:

1.1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს შპს ,,შ----------–--- პ------–-ს“ სასარგებლოდ, სასამართლოს გარეშე ხარჯის, საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

განმცხადებლის პოზიცია:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი შპს ,,შ----------–--- პ------–-ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. 2018 წლის 04 სექტემბერს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილებაში არ იქნა ნამსჯელი შპს ,,შ----------–--- პ------–-ს“ მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების მეორე მხარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერიისადმი დაკისრების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,შ----------–--- პ------–-ს“ მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურეობის შესახებ და საგადასახადო დავალება იურიდიული მომსახურეობის თანხის გადახდის შესახებ

 

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. 2018 წლის 15 იანვარს შპს ,,შ----------–--- პ------–სა“ და ადვოკატებს: ფ-------- ჭ--–--ეს და გ--- ც--–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურება. აღნიშნული მომსახურების საფასური განისაზღვრა 2500 ლარით.

 

3.2.2. 2018 წლის 09 აგვისტოს N1838 საგადახდო დავალების შესაბამისად, შპს ,,შ----------–--- პ------–მა“ გადარიცხა 2500 ლარი, საადვოკატო მომსახურების თანხა გ--- ც--–--ის სახელზე.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ,,შ----------–--- პ------–-ს’’ წარმომადგენლის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,შ----------–--- პ------–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 492.83 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

2017 წლის 25 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოპასუხე - შპს ,,შ----------–--- პ------–-ს“ მიმართ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

2018 წლის 15 იანვარს შპს ,,შ----------–--- პ------–სა“ და ადვოკატებს: ფ-------- ჭ--–--ეს და გ--- ც--–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურება. აღნიშნული მომსახურების საფასური განისაზღვრა 2500 ლარით.

 

2018 წლის 09 აგვისტოს N1838 საგადახდო დავალების შესაბამისად, შპს ,,შ----------–--- პ------–მა“ გადარიცხა 2500 ლარი, საადვოკატო მომსახურების თანხა გ--- ც--–--ის სახელზე.

 

მოპასუხეს შეგებებული სარჩელი არ წარმოუდგენია, მაგრამ ითხოვა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება.

 

2018 წლის 04 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,შ----------–--- პ------–-ს’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით - 1374.25 ლარის ანაზღაურება, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინის ანგარიში: 200 122 900, სახემწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 300 403 254. შპს ,,შ----------–--- პ------–ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ისეთ ცნებას, როგორიცაა ,,ხარჯების ანაზღაურება“. ამ ხარჯებში იგულისხმება ადვოკატის (წარმომადგენლის) დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები. ადვოკატის (წარმომადგენლის) დახმარების გამო გადასახდელი ხარჯები შეადგენს ხარჯების ცალკე ჯგუფს, რომელთაც კანონი სასამართლოს გარეშე ხარჯებს უწოდებს. მართალია, სასამართლოს გარეშე ხარჯები არ მიეკუთვნება საკუთრივ სასამართლო ხარჯებს, მაგრამ ეს ხარჯები მხარეებს ეკისრებათ სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით. ამ ხარჯების ანაზღაურებით უფრო მეტადაა გარანტირებული პროცესში მხარეთა უფლებების რეალური დაცვა მაგრამ სახელმწიფო ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან განსხვავებით ადვოკატის მომსახურების ანაზღაურება პირდაპირაა დამოკიდებული მხარეთა ნების გამოვლენაზე. კანონის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმე სასამართლოში აწარმოოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლად მხარეს შეუძლია აირჩიოს ადვოკატი, ან სხვა ქმედუნარიანი პირი. ყველა შემთხვევაში წარმომადგენლის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება ხდება შეთანხმების საფუძველზე.

 

წარმომადგენლის იურიდიული დახმარების გამო გადახდილი ხარჯების ანაზღაურება იმ მხარისთვის, რომელმაც ეს ხარჯები გასწია, დამოკიდებულია კონკრეტული სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, როცა დავა ქონებრივია, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისი თანხის ოდენობა, რომელიც გადახდევინებულ უნდა იქნას მეორე მხარისაგან, კანონით არ არის დაზუსტებული და მყარი თანხით განსაზღვრული. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ხარჯების ოდენობას ადგენს სასამართლო კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით და გონივრულ ფარგლებში. ამიტომ, კონკრეტული თანხის განსაზღვრა, რომელიც უნდა გადახდეს მეორე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე (,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი“, ავტორები: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, გამომცემლობა ,,მერიდიანი“ 2015 წელი). აღნიშნულ მოსაზრებებს სასამართლოც იზიარებს.

 

დავის საგნის ფასს წარმოადგენდა 13695.02 ლარი, 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ და შპს ,,შ----------–--- პ------–-ს’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით - 1374.25 ლარის ანაზღაურება. დავის საგნის ფასსა და დაკმაყოფილებულ მოთხოვნას შორის სხვაობა არის 12320 ლარი. აღნიშნული თანხის 4% - 492 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,შ----------–--- პ------–-ს’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,შ----------–--- პ------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 492.83 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე