განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
გიორგი გარაშვილის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ვ--–---------–-----ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა-------–------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. ვ--–---------–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ვ--–---------–-----ი იმყოფებოდა თბილისში, ა-------–-------------ში, რა დროსაც არასრულწლოვანი შვილის ს-----------–-----ის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს ი-----------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ვ--–---------–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. ვ--–---------–-----მა ასევე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ვ--–---------–-----ი იმყოფებოდა თბილისში, ა-------–-------------ში, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს ი-----------–---ს დაემუქრა, რომ მოკლავდა და სანამ ყელს არ გამოჭრიდა ვერ მოისვენებდა, ამ დროს კი ი-----------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.
ე.ი. ვ--–---------–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ--–---------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ვ--–---------–-----მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები თავისი და დაზარალებულ ი-----------–---ის ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
დაზარალებულ ი-----------–---ის ჩვენების თანახმად - იგი ბრალდებულ ვ--–---------–-----თან ერთად ქორწინებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში, თუმცა აქედან დაახლოებით 13 წელი ვ--–---------–-----ს ციხეში აქვს გატარებული. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი 25 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო - ს-----------–-----ი. მისი განმარტებით თავის ყოფილ მეუღლესთან ძირითადად ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, კერძოდ ბრალდებული სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდა მუდმივ სტრესს, რაც 3 წლის წინ გახდა მათი განქორწინების მიზეზი. მიუხედავად ამისა ცხოვრობდნენ თბილისში, ა-------–-------------ში მდებარე ერთ იტალიურ ეზოში, მეზობელ ოთახებში, სადაც ჰქონდათ საერთო სამზარეულო. მას ყოველ საღამოს უწევდა ვ--–---------–-----თან შეხვედრა, რომელიც მისი დანახვისთანავე ხდებოდა აგრესიული და იწყებდა გინებას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა თავად ყოველთვის ცდილობდა მას მორიდებოდა. ბრალდებული ხშირად თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ასევე მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. წაგების შემთხვევაში ხდებოდა აგრესიული და ლეწავდა ყველაფერს. 2018 წლის 27 მაისს, დაამთავრა სამსახური და დაახლოებით 21:00-საათიდან 21:10 საათამდე პერიოდში სახლში მივიდა, ბრალდებული ამ დროს თავის ოთახში იყო და ყვიროდა. როდესაც იგი დაინახა, გამოვიდა და დაუწყო გინება, მაშივე თმებში სწვდა და ძლიერად მოქაჩა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრო მათი 16 წლის ქალიშვილი ს-----------–-----ი. ამის შემდეგ თვითონ გაიქცა და ოთახში ჩაიკეტა, თუმცა ბრალდებული არ ანებებდა თავს, ემუქრებოდა ყელს გამოგჭრი და მოგკლავო, აგინებდა, ფარდა ჩამოგლიჯა, ცდილობდა ოთახში შეღწევას და კარის შემტვრევას, თან ჩაქუჩი ეჭირა. მან მოასწრო ფანჯრის ჩაკეტვა და დარეკა საპატრულო პოლიციაში. თანამშრომლები მოვიდნენ ძალიან მალე, დაახლოებით 10 წუთში, რომ არა ისინი, უარესი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო, შეიძლება მოეკლა. ბრალდებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული სიტყვები, რომ მოკლავდა და ყელს გამოჭრიდა აღიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა, სულ კანკალებდა, რადგან ყოველდღე ემუქრებოდა ბრალდებული. ეხლა როდესაც ვ--–---------–-----ი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, მშვიდად გრძნობს თავს, 3 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოუძახია საპატრულო პოლიცია.
ბრალდებულმა ვ--–---------–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა, რომ ი-----------–---ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ბოლო პერიოდში ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო ბინასთან დაკავშირებული საკითხებით. მისი განმარტებით, თავისი ყოფილი მეუღლისთვის არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია, თუმცა დაადასტურა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია მისთვის. 2018 წლის 27 მაისს ღამე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ი-----------–---ს შეაგინა, თუმცა აღნიშნული ფაქტი პროვოცირებული იყო თავად დაზარალებულის მხრიდან. ამის შემდეგ კი ი-----------–---მა გამოიძახა პოლიცია, რომელსაც განუცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მუქარა, რაც რეალურად არ მომხდარა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
არასრულწლოვანი მოწმის ს-----------–-----ის ჩვენების მიხედვით, ცხოვრობს დედასთან, ი-----------–---თან ერთად თბილისში, ა-------–-------------ში. ამავე ეზოში ცხოვრობს მამამისი - ვ--–---------–-----ი. დედ-მამა განქორწინებულები არიან 2015 წლიდან, თუმცა თავად მამასთან ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას. მამა ხშირად აყენებს დედას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს ხოლმე მას, დაკავებულია აზარტული თამაშებით და წაგების შემთხვევაში ხდება აგრესიული, ლეწავს ნივთებს. აღნიშნულის გამო 2018 წელს მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერიც. 2018 წლის 28 მაისს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში, თავის საძინებელ ოთახში, რა დროსაც მამამისმა ვ--–---------–-----მა სამზარეულო ოთახიდან დედამისს - ი-----------–---ს დაუწყო გინება, ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. როდესაც დედა გამოვიდა თავისი საძინებლიდან და გავიდა საპირფარეშოსკენ, მამამ იგი თმებით ითრია და გინება დაუწყო. ამ დროს კონფლიქტში თავად ჩაერია, ვ--–---------–-----ს გააშვებინა ხელი ი-----------–---ის თმებიდან და ეს უკანასკნელი ოთახში შეიყვანა. ამის შემდეგ ვ--–---------–-----მა ი-----------–---თან ოთახში შეღწევა ფანჯრიდან სცადა და ოთახის ფარდა ჩამოგლიჯა, თუმცა დედამ მოასწრო ფანჯრის შიგნიდან ჩაკეტვა, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში. ადგილზე მისულმა პოლიციამ ვ--–---------–-----ი დააკავა (ს.ფ. 120-123).
ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–--ის ჩვენების მიხედვით, იგი 2018 წლის 28 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მეწყვილე გ-----------–-------–თან ერთად მოძრაობდა ქუჩაში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ი-----------–---ის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული ინფორმაციის საფუძველზე, მის მეწყვილესთან ერთად ხელმძღვანელობის დავალებით გაემართა თბილისი, ა-------–-------------ში. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს დახვდათ ი-----------–---ი, რომელმაც მათ მიუთითა ეზოში მდგარ მამაკაცზე, რომელიც ი-----------–---ს აგინებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ი-----------–---ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი იყო მისი ყოფილი მეუღლე ვ--–---------–-----ი, რომელმაც იძალადა მასზე, კერძოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. ვ--–---------–-----ი დაკავებული იქნა და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში (ს.ფ. 32-34).
მოწმე ს--------------ის ჩვენების მიხედვით, იგი 2018 წლის 27 მაისს საღამოს 10:00 საათიდან 28 მაისის 03:00 საათამდე იმყოფებოდა თბილისში, ა-------–-------------ში მდებარე მისი საქმროს ნ----------–--ის სახლში. ამ დროს მეზობლად მდებარე ბინიდან გაისმა ქალის განწირული ყვირილი, რომელიც ითხოვდა შველას. ასევე ისმოდა მამაკაცის ყვირილი და გინების ხმა. კონკრეტულად რა ხდებოდა არ იცოდა, თუმცა მისი განმარტებით, იგი აღნიშნულ მეზობლებს იცნობს შორიდან, კერძოდ ქალს ჰქვია ი---, ხოლო მამაკაცს - ვ--–------- და ისინი არიან ყოფილი მეუღლეები, რომლებსაც ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. აღნიშნული ფაქტის გამო, ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც დააკავეს ვ--–------- და წაიყვანეს პოლიციაში (ს.ფ. 111-113).
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 მაისს, 00:25 საათზე თბილისში, გ. ა-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე დაკავებული იქნა ვ--–---------–-----ი (ს.ფ. 3-8).
2018 წლის 28 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ თბილისში, ა-------–-------------ში მდებარე ე.წ. იტალიურ ეზოში, ი-----------–---მა გამოძიებას მიუთითა ეზოში განთავსებულ საერთო სამზარეულოზე, სადაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა აღნიშნულ სამზარეულოში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მიუთითა საერთო სამზარეულოდან ეზოს გასწვრივ მდებარე თავის საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ სახლის კარებთან, მეუღლე თმებს ქაჩავდა და ემუქრებოდა მოკვლით. შემდეგ მიუთითა თავისი სახლის ფანჯარაზე და განმარტა, რომ მისი მეუღლე ვ--–---------–-----ი აგინებდა ეზოდან და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (ს.ფ. 22-31).
საქმეში ასევე წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერები და სასამართლოს გადაწყვეტილებები შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ვ--–---------–-----ი თავის ყოფილ მეუღლეს - ი-----------–---ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა (ს.ფ. 92-110).
შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ვ--–---------–-----ის მიერ ი-----------–---ის მიმართ ძალადობრივი ქმედებისა და მუქარის ჩადენას. დაზარალებულმა ი-----------–---მა სასამართლოს დეტალურად და თანიმდევრობით აღუწერა თუ როგორ იძალადა მასზე მისმა ყოფილმა მეუღლემ და როგორ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მუქარა აღიქვა რეალურად მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოწმე დ------------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი შეტყობინებიდან მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დახვდა ი-----------–---ი, რომელმაც მიუთითა ეზოში მდგარ ყოფილ მეუღლეზე - ვ--–---------–-----ზე, რომელიც მას აგინებდა, დაზარალებულმა დ------------–--ეს განუცხადა, რომ ვ--–---------–-----მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოწმე ს-----------–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 მაისს ღამის საათებში ვ--–---------–-----მა სამზარეულო ოთახიდან ი-----------–---ს დაუწყო გინება. როდესაც ვ--–---------–-----მა დაინახა გარეთ გამოსული ი-----------–---ი, იგი თმებით ითრია და გინება დაუწყო. ამ დროს კონფლიქტში თავად ჩაერია, ვ--–---------–-----ს გააშვებინა ხელი ი-----------–---ის თმებიდან და ეს უკანასკნელი ოთახში შეიყვანა. ამის შემდეგ ვ--–---------–-----მა ი-----------–---თან ოთახში შეღწევა ფანჯრიდან სცადა და ოთახის ფარდა ჩამოგლიჯა, თუმცა ი-----------–---მა მოასწრო ფანჯრის შიგნიდან ჩაკეტვა, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში.
ბრალდებულ ვ--–---------–-----ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ--–---------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ვ--–---------–-----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“ . ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ ვ--–---------–-----ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. კანონმდებლის მიერ მოხდა ოჯახური ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციის ერთ მუხლში სისტემატიზაცია, რომელსაც აქვს თავისი დადებითი ნიშნები, ის, რომ ოჯახში მოძალადე იგრძნობს, რომ იგი მოძალადეა, მოძალადის ქმედებას დაერქვა ადეკვატური სახელი, მოხდა დანაშაულის პრევენცია, დააშინებს იმ პირებს, ვინც პოტენციური მოძალადეები არიან, რომ სწორედ ისინი დაისჯებიან არა მხოლოდ ძალადობისათვის, არამედ მათივე ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ჩადენისათვის. სწორედ ოჯახში მყოფი მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის, როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის (პირის, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი) თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა (რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული) ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ვ--–---------–-----ი იმყოფებოდა თბილისში, ა-------–-------------ში, რა დროსაც არასრულწლოვანი შვილის ს-----------–-----ის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს ი-----------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ი-----------–---ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ვ--–---------–-----ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, რომელმაც თავის ყოფილ მეუღლეს ჯერ თმები მოქაჩა, ხოლო შემდეგ ყელის გამოჭრით დაემუქრა, ჩაქუჩის მეშვეობით ცდილობდა კარის შემტვრევას, რის შემდეგაც მსხვერპლის ოთახში შესვლა ფანჯრიდან სცადა, დაზარალებულის განმარტებით, მან მოასწრო ფანჯრის შიგნიდან ჩაკეტვა და ადგილზე პოლიცია დროულად რომ არ მისულიყო, ვ--–---------–-----ი მის ოთახში შეღწევას შეძლებდა და შესაძლოა მოეკლა კიდეც.
ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა (რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული) ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ვ--–---------–-----ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ა-------–-------------ში, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს ი-----------–---ს დაემუქრა, რომ მოკლავდა და სანამ ყელს არ გამოჭრიდა ვერ მოისვენებდა, ამ დროს კი ი-----------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.
შესაბამისად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვ--–---------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–---------–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ) და ასევე მან ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის I ნაწილი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ).
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ ვ--–---------–-----მა დანაშაულებრივი ქმედებები - ძალადობა (არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და მუქარა განახორციელა ყოფილი მეუღლის მიმართ, შესაბამისად, ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის I ნაწილით არის სწორი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–---------–-----ს პასუხისმგებლობის გამოკვეთილად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ--–---------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ვ--–---------–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ვ--–---------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, დაზარალებულის პოზიციას, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ვ--–---------–-----ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--–---------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ--–---------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ--–---------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ--–---------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, ვ--–---------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მაისიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე ერთ ცალად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე