გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1179-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - რ----– ი--–---ი
წარმომადგენელი - ჯ-----------------
მოპასუხე - შპს ,,მ-----“
წარმომადგენლები - ა--------ა, ს--–--------------–--ე
მოპასუხე - მ---–----ი დ-----–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს ,,მ-----ს“ და მ---–----ი დ-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე რ----– ი--–---ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 2300 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ საკუთრებაშია ავტომანქანა - სუბარუ ფორესტერი, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2002, სატრანსპორტო რეგისტრაციის მოწმობა - ალ------6, სახელმწიფო ნომრით - S------, რომელიც მ---–----ი დ-----–---–ის კანონიერ მფლობელობაში იყო გადაცემული, რომელიც სარგებლობდა ამ ავტომანქანით. 2016 წლის 29 ნოემბერს მ---–----ი დ-----–---–ი დაეჯახა რ----– ირ-–----ს საკუთრებაში მყოფ ავტომანქანა - ,,ტოიოტა პრიუსი-ჰეტჩბეკი“, გამოშვებული 2004 წელს, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც შემთხვევის დროს მართავდა რა---------------ი. საპატრულო პოლიციის მიერ 29/11/2016 წელს, 12:48 სთ-ზე, #ეი-----7 შედგენილი საჯარიმო ქვითრიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხე შპს ,,მ-----ს“ საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის მიზეზით/ბრალეულობით, ხოლო მოსარჩელე რ----– ი--–---ის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის ავტო-საგზაო შემთხვევამდე არსებულ მდგომარეობამდე აღდგენას ესაჭიროება 2300 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ-----მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს, შპს ,,მ-----ს“ და მ---–----ი დ-----–---–ს შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის #FL------------8 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,მ-----ს“ საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა - სუბარუ ფორესტერ, სახელმწიფო ნომრით - S--------, მფლობელობაში გადაეცა ლიზინგის მიმღებს - მ---–---- დ-----–---–ს. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, შპს ,,მ-----“ ლიზინგის მიმღებს გადასცემს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება.
2.2. მოპასუხე მ---–---- დ-----–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამარლო პროცესზე დაუფიქსირებია პოზიცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს, მოპასუხე მ---–---- დ-----–---–ი, მართავდა რა ავტომანქანას - სუბარუ ფორესტერს, სახელმწიფო ნომრით - S------, ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რ----– ი--–---ის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანა - ,,ტოიოტა პრიუსი-ჰეტჩბეკი“, გამოშვებული 2004 წელს, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც შემთხვევის დროს მართავდა რა---------------ი.
აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში, სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულ იქნა მ---–---- დ-----–---–ი, რომელიც დაჯარიმდა 250 ლარიანი ჯარიმით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სქემა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი) (ს.ფ. 18);
- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 19-20);
- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 21-22);
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - S------, მარკა, მოდელი - სუბარუ ფორესტერი, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2002, შასის ნომერი - S--------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------, რეგისტრირებულია შპს ,,მ-----ს“ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.12.2016 წლის ცნობა სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 10.12.2015 წელს, შპს ,,მ-----ს“ და მ---–----ი დ-----–---–ს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ---–----ი დ-----–---–ს შპს ,,მ-----სგან“ გადაეცა მფლობელობაში ლიზინგის საგანი, ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - S------, მარკა, მოდელი - სუბარუ ფორესტერი, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2002, შასის ნომერი - S--------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------. ხელშეკრულება დაიდო 10.08.2017 წლამდე ვადით.
ხელშეკრულების თანახმად, შემძენს (მ---–----ი დ-----–---–ი) სურდა შეეძინა გამსხვისებლისგან ავტომობილი აქ აღწერილი პირობებით და წესით, ხოლო გამსხვისებელს კი სურდა გადაეცა შემძენისთვის ავტომობილი ხელშეკრულებაში აღწერილი წესითა და პირობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.12.2015 წლის ლიზინგის ხელშეკრულება (ს.ფ. 76-87);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ რ----– ი--–---ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი შეადგენს 2300 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნით დადგენილია, რომ არსებულ მდგომარეობაში შეფასების ობიექტის თავდაპირველ, ავარიამდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად საჭირო იყო მისი შეკეთება ისეთ ავტოპროფილაქტიკებში, როგორებიცაა: ტოიოტა ცენტრი თბილისი, თეგეტა მოტორსი, კავკასიის ავტოსერვისი და მსგავსი. ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა ღირებულებები, რომელთა გასაშუალოების გზით მიღებულ იქნა ავტომანქანის აღდგენის მომსახურების საბაზრო ღირებულებები. ამავე დასკვნაში იქნა მოცემული ავტომანქანის ზიანის ღირებულების კალკულაცია: წინა ბამპერი - 400 ლარი, კაპოტი - 300 ლარი, წინა მარცხენა ფარი - 500 ლარი, წინა პანელი - ( ე.წ. ,,აბლიცოვკა“) – 100 ლარი, წინა მარცხენა ,,კრილო“ – 200 ლარი, სათუნუქე და დაშლა-აწყობის სამუშაოები - 500 ლარი, სამღებრო სამუშაოები მასალით - 300 ლარი, სულ ზიანის ღირებულება ლარში - 2300 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რ----– ი--–---ის მოთხოვნა ზიანის 2300 ლარის მოპასუხე მ---–---- დ-----–---–ის მიმართ დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარეს აღნიშნულ ფაქტზე შედავება არ განუხორციელებია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 463-ე, 464-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამდენად, მითითებული ნორმის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვით, მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთ წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისთვის გადაცემა.
მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე განმარტებას საჭიროებს მფლობელის ცნება, რომელიც არ უნდა იქნეს გაიგივებული სანივთო-სამართლებრივ მფლობელის ინსტიტუტთან. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, იმდენად, რამდენადაც განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი. პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი კლასიფიკაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და ნორმის მიზნიდან გამომდინარე მფლობელად უნდა მიჩნეულ იქნას პირი, რომელიც ფაქტობრივად, სივრცობრივად კავშირი აქვს და სრულად აკონტროლებს (ახდენდეს მანქანის გამრთულობის, მისი შეკეთებისა თუ სარგებლობისათვის საჭირო ყველა მოქმედების განხორციელებას) და ასევე, წარმოდგენილ შემთხვევაში მართლზომიერად (იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე) ფლობს ნივთს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მომხდეს. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამგვარი
ურთიერთობის ფარგლებში მისთვის გარანტირებულია ნივთით სარგებლობის შედეგად მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული მახასიათებლებით ლიზინგის მიმღების უფლებები უთანაბრდება მოიჯარის უფლებებს და ხშირად ადგილი აქვს ლიზინგისა და საიჯარო ურთიერთობების გაიგივებას. სალიზინგო ურთიერთობაში აღიარებული პრინციპების მიხედვით ლიზინგის მიმღები ეკონომიკური/იურიდიული მესაკუთრის სტატუსით არის ცნობილი. ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის თანმხვედრი უფლებებითა და მოვალეობებით. შესაბამისად, რადგან ლიზინგის მიმღები უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი, განსხვავებით თხოვების ხელშეკრულებისაგან, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით ცალმხრივი ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამნათხოვრებელს, ხოლო მონათხოვრეს აკისრია მხოლოდ ვალდებულებები (სამოქალაქო კოდექსის 615-622-ე მუხლები). ასეთ შემთხვევაში, როდესაც სამართალურთიერთობას ჰყავს ერთადერთი მოთხოვნის მქონე სუბიექტი, ნივთის განათხოვრების შედეგად დამდგარი ზიანის რისკის მატარებელი სწორედ გამნათხოვრებელია, ანუ მოთხოვნის კრედიტორი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მ---–---- დ-----–---–ს შპს ,,მ-----სგან“ ავტომობილი გადაცემული ჰქონდა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიზანს წარმოადგენდა ამ ავტომობილზე საკუთრების უფლების მოპოვება. შესაბამისად, მფლობელობის გადაცემით, მ---–---- დ-----–---–ზე გადავიდა ამ ავტომობილიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის რისკი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ტვირთის მატარებელ მხარეს მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სწორედ მოპასუხე მ---–---- დ-----–---–ი, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----– ი--–---ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მ---–---- დ-----–---–ის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მ---–----ი დ-----–---–ის მიმართ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის, საექსპერტო დასკვნის მომზადების საფასურის - 150 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 92 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მ---–---- დ-----–---–ს მოსარჩელე რ----– ი--–---ის სასარგებლოდ. ასევე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მირ ზემდეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე რ----– ი--–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მ---–----ი დ-----–---–ს მოსარჩელე რ----– ი--–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 2300 ლარის გადახდა.
2. რ----– ი--–---ის სასარჩელო მოთხოვნა შპს "მ-----ს" მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე მ---–----ი დ-----–---–ს მოსარჩელე რ----– ი--–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე მ---–----ი დ-----–---–ს მოსარჩელე რ----– ი--–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე მ---–----ი დ-----–---–ს მოსარჩელე რ----– ი--–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 92 ლარის ანაზღაურება.
6. რ----– ი--–---ს დაუბრუნდეს მის მიერ 13/01/2017 წლის N1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 103.5 ლარის ნაწილი 3.5 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22,7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე