გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210018002467985
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15621-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე: ღია სააქციო საზოგადოება ''ს--–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–----------------------'' (ს/კ 2--------);

წარმომადგენელი: ა--------–-–---–-;

მოპასუხე: შპს ''ს----------–-------–------–-ა'';

წარმომადგენელი: ს-----------------–---–-;

დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შემცირდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 14.2.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და 0.07%-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.02%-ის ოდენობით, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიღებული სხვაობის - 624 898.64 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების ვალდებულება.

 

1.2. შპს ''ს----------–-------–------–-ას'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დღგ-ს სახით უკანონოდ დაკავებული თანხის - 182 303.36 ლარის ანაზღაურება.

 

1.3. შპს ''ს----------–-------–------–-ას'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით (დღგ-ს სახით დაკავებული თანხის 182 303.36 ლარის წლიური 9%-ის) თვიური სარგებლის 1367.27 ლარის გადახდა 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კარგად იცნობდა ხელშეკრულების პირობებს, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის დაცვით, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, რომლის შესრულების ვალდებულებაც დადასტურებულია ხელშემკვრელი მხარეების ხელმოწერებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 7 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4------, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ განახორციელა აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, წყალმიმღების, სალექარის, მაგისტრალური არხის, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესყიდვის მთლიან თავდაპირველ ღირებულებად განისაზღვრა 6 199 000 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.9 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველის მიერ 2014 წლის განმავლობაში მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1 500000 ლარს, 2015 წლის განმავლობაში 2 502 132 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 14.2.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმდა 10 დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების ცალკეული ცვლილებების თაობაზე, რომლიდანაც მე-9 დამატებითი ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა - 546 503.23 ლარით და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა - 5 652 496.76 ლარი.

 

3.1.2. 2017 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 28.08.2016 წლის N6 შეთანხმებით სამუშაოთა დასრულება გათვალისწინებული იყო 2016 წლის 28 დეკემბერს. საბოლოოდ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა N2) მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ფაქტიური თარიღია - 2017 წლის 02 ივლისი. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა - 5 652 496.76 ლარს. სსიპ - ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 6 სექტემბრის დასკვნის მიხედვით ობიექტზე შესრულებულია სულ - 5 338 883.03 ლარის ღირებულების სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ''შემსყიდველს'' და ''მიმწოდებელს'' ერთმანეთის მიმართ შესრულებული სამუშაოების თაობაზე პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

3.1.3. 2017 წლის 20 დეკემბრის აუდიტორული კომპანია შპს ''ჯ.------------'' აუდიტორული ანგარიშით დგინდება, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 7 აგვისტოს გაფორმებული N4------ ხელშეკრულების შესაბამისად სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 338 883.08 ლარი, საიდანაც, შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებულ იქნა 802 137.95 ლარი.

 

3.1.4. 2014 წლის 7 აგვისტოს N4------, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ვადის დარღვევით, კერძოდ, 186 დღის ვადაგადაცილებით.

 

3.1.5. შპს ''ს----------–-------------------–-------–------–-------------------------ს'' შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ''ს----------–-------–------–-ა''.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება; დამატებითი შეთანხმებები; დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები; მხარეთა შორის არსებული მიმოწერა; პირგასამტეხლოს დაანგარიშების შესახებ ცნობა; მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 394-ე, 412-ე, 417-ე-420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის დაანგარიშება განხორციელდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ხელშეკრულების მე-14 პუნქტის შესაბამისად, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა დღგ-ს თანხის უკანონოდ დაკავების ფაქტი, შესაბამისად, არ დასტურდება დღგ-ს თანხის უკანონოდ დაკავების შედეგად მოსარჩელისათვის მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რამდენადაც, ხელშეკრულებით 14.2.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებაში შედის ასევე დღგ-ს თანხაც.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა - 546 503.23 ლარით და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა - 5 652 496.76 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტით ასევე დგინდება, რომ საბოლოოდ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა N2) მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ფაქტიური თარიღია - 2017 წლის 02 ივლისი, ამდენად, დგინდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მხრიდან შესრულდა ვადის დარღვევით, კერძოდ, 186 დღის ვადაგადაცილებით, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 338 883.08 ლარი, საიდანაც, შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებულია - 802 137.95 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

კანონის თანახმად (სკ-ის 418.1 მუხლი), მართალია, პირგასამტეხლო შესაძლოა აღემატებოდეს ზიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამგვარი დათქმა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ჩაითვლებოდა, თუმცა, იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). ამდენად, მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420–ე) და მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც, მართალია, ვადის (186 დღე) გადაცილებით, მაგრამ საბოლოოდ მოსარჩელემ (მენარდე) სამუშაო შეასრულა, ხოლო მოპასუხემ (დამკვეთი) იგი მიიღო, ამ უკანასკნელის მიერ ნარდობის საზღაურის სახით მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის - 802 137.95 ლარის სრული ოდენობით პირგასამტეხლოს სახით დაკავება არ შეესაბამება პირგასამტეხლოს დანიშნულებას (მიზანს) და უფრო მოსარჩელის დასჯას ემსახურება. ამიტომ შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა უნდა შემცირდეს, ანუ პირგასამტეხლოს განაკვეთი შემცირდეს 0.07%-დან 0.02%-მდე და ვადაგადაცილებული დღეეების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს - 210 180 ლარით, ხელშეკრულების ღირებულებას 5 652 496.76 ლარს უნდა დაერიცხოს 0.02% პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 186 დღის გათვალისწინებით შეადგენს - 210 180 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან დარჩენილი სხვაობა - 591 958 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი უნდა არსებობდეს სახეზე 4 წინაპირობა. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ პირობებში, არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან დღგ-ს თანხის უკანონოდ დაკავებისა და ამ თანხის დაკავების გამო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და მატერიალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა.

 

8. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ღია სააქციო საზოგადოება ''---–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–-----------------------'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ''ს----------–-------–------–-ას'' მოსარჩელის ღია სააქციო საზოგადოება ''---–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–-----------------------'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან - 591 958 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ''ს----------–-------–------–-ას'' მოსარჩელის ღია სააქციო საზოგადოება ''---–-----–-----------–---–-------------–---------------–----------------–--------------–----------------–--–-----------------------'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი