გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21298-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: გო--------–---–ი, პ/ნ 1----------
წარმომადგენელი: თე--------------–---–ი
მოპასუხეები: გი------------------–---–ი, პ/ნ 0----------, ხა------------------–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: მა-------------–---–ი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გი------------------–---–ისა და ხა------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ-----------------------------------------------------------------, და აღნიშული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე გო--------–---–ს.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოპასუხეებს სხვა საცხოვრებელი არა აქვთ და ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გო--------–---–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ-----------------------------------------------------------------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება N4----, დამოწმებული 2018 წლის 10 ივლისს (ს.ფ. 14-15).
3.1.2. გო--------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები გი------------------–---–ი და ხა------------------–---–ი, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება (მხარეთა ახსნა-განმარტებები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ, მოსპოს საკუთრება. დაუშვებელია, პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობენ. მოპასუხეთა განმარტება, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არა აქვთ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ, ვერ შეაფერხებს მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობს არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხეთა მფლობელობიდან განთავისუფლებას და მოსარჩელისათვის მის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - გი------------------–---–ისა და ხა------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ზ-----------------------------------------------------------------, და აღნიშული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე გო--------–---–ს.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 120 ლარი (ს.ფ. 19). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გო--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გი------------------–---–ისა და ხა------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ-----------------------------------------------------------------, და აღნიშული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე გო--------–---–ს.
3. გი------------------–---–სა და ხა------------------–---–ს გო--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე