გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13407-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე სს „ს----------–---------“
წარმომადგენელი ი------–--------–-
მოპასუხე თ-----------–---–ი, რ----–------------, ნ------------–-–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 თ-----------–---–ს, რ----–-- გ-------სა და ნ------------–-–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9156.68 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 24 აპრილს მოპასუხე თ-----------–---–მა მოსარჩელე სს „ს----------–--------თან“ გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მიიღო კრედიტი - 4670 ლარი 36 თვით, წლიური 27.6% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კრედიტი უზრუნველყოფილია სს „ს----------–--------სა“ და რ----–-ნ გ-------სა და ნ------------–-–---–ს შორის 2009 წლის 24 აპრილს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. რ----–------------სა და ნ------------–-–---–ის პასუხისმგებლობა თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენდა 9340 ლარს.
მოპასუხე თ-----------–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირველად დაირღვა 12.06.2009 წელს, რის შემდეგაც პერიოდულად ირღვეოდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს „ს----------–---------ს“ მიმართ შეადგენს 9156.68, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4656.68, დაკორექტირებული პროცენტი - 2500 ლარი და ასევე დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლები და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლის 24 აპრილს მოპასუხე თ-----------–---–მა (მსესხებელი) მოსარჩელე სს „ს----------–--------თან“ გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მიიღო კრედიტი - 4670 ლარი 36 თვით, წლიური 27.6% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა დავალიანების 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N6----- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2. კრედიტი უზრუნველყოფილია ერთი მხრივ სს „ს----------–--------სა“ და მეორე მხრივ რ----–-- გ-------სა და ნ------------–-–---–ს შორის 2009 წლის 24 აპრილს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. რ----–------------სა და ნ------------–-–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენდა 9340 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- N6------ა და N6------ბ განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ.
3.1.3. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირველად დაარღვია 12.06.2009 წელს, რის შემდეგაც პერიოდულად იხდიდა ყოველთვიურ შენატანებს არასრულად. ბოლო გადახდა ფიქსირდება 02.10.2009 წელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია.
3.1.4. 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება სს „ს----------–---------ს“ მიმართ შეადგენს 9156.68, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4656.68, დაკორექტირებული პროცენტი - 2500 ლარი და ასევე დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–---------ს” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 128-ე,129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ს----------–--------სა“ და თ-----------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებას. (იხ. 3.1.1 და 3.1.3 პუნქტები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია რ----–------------სა და ნ------------–-–---–ის სოლიდარული თავდებობით.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ასევე დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოვალემ ზედიზედ სულ მცირე ორჯერ გადააცილა გადახდის გრაფიკს, კერძოდ, ვალდებულება პირველად დაარღვია 12.06.2009 წელს, რის შემდეგაც პერიოდულად ახორციელებდა არასრულ შენატანებს. ბოლო გადახდა ფიქსირდება 02.10.2009 წელს.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
„ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ Nას-547-515-2012).
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ბანკს მოთხოვნის უფლება 2009 წლის 3 ოქტომბრიდან წარმოეშვა, როცა მოვალემ განახორციელა ბოლო არასრული გადახდა, ამასთან, მანამდე სულ მცირე ზედიზედ ორჯერ ჰქონდა დარღვეული სესხის დაბრუნების გრაფიკი. სუბიექტური ფაქტორი ემთხვევა ობიექტურ ფაქტორს. სარჩელი კი წარმოდგენილია 07.05.2018 წელს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სარჩელი ხანდაზმულია (იხ. 21.09.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 17:06:04).
მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასული დრო ბევრად აღემატება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, შესაბამისად, სს „ს----------–---------ს“ სარჩელი, ხანდაზმულობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სს „ს----------–---------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საფუძველი არ არსებობს.
მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა თ-----------–---–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მან წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში თავად განსაზღვროს იურდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს „წაგებულ“ მხარეს.
განსახილველი საქმის სირთულის და მასზე დახარჯული ძალისხმევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს „ს----------–--------ს“ უნდა დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურიდან 200 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–---------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ს----------–---------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სს „ს----------–--------ს“ დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურიდან 200 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია