გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4521-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შპს „-----------------
წარმომადგენელი - ე-----------------ე
მოპასუხე - შპს „--–-----------------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „------------------ს სასარგებლოდ საექსპედიტორო მომსახურების საზღაურის 16 276.02 ევროს დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „---------------სა“ და შპს „--–----------------- შორის გაფორმდა ზეპირი სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „----------------- უწევდა შპს „--–----------------- საექსპედიტორო მომსახურებას. 2017 წლის 5 აპრილს მხარეებმა წერილობით გააფორმეს ხელშეკრულება და განაგრძეს თანამშრომლობა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე პერიოდულად, მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, უწევდა საექსპედიტორო მომსახურებას, კერძოდ, ახორციელებდა ევროპის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებას. ამასთან, თითოეული მომსახურების პირობა თანხმდებოდა წინასწარ, ელ-ფოსტით მიმოწერის საშუალებით. მოსარჩელის მიერ, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელდა ყველა მომსახურება, თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა რამდენიმე მომსახურების ინვოისის საზღაურის გადახდის ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო იმავე ინვოისით. შეთანხმების საფუძველზე გაწეული მომსახურების საზრაურის გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ინვოისის წარდგენის დღიდან 30 დღის ვადაში. დღეისათვის, მოპასუხის მიერ გადაუხდელი რჩება მოსარჩელის მიერ ჯეროვნად განხოცრციელებული მომსახურების საზღაური 1466.02 ევრო და 14 810 ევრო ჯამში - 16 276.02 ევრო.
(მტკიცებულება: 14.02.2018 წლის სარჩელი, 20.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 15 000 ევროს ფარგლებში.
(მტკიცებულება: 02.04.2018 წლის შესაგებელი, 20.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „---------------სა“ და შპს „--–----------------- შორის გაფორმდა ზეპირი სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „----------------- უწევდა შპს „--–----------------- საექსპედიტორო მომსახურებას. 2017 წლის 5 აპრილს მხარეებმა წერილობით გააფორმეს ხელშეკრულება და განაგრძეს თანამშრომლობა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე პერიოდულად, მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, უწევდა საექსპედიტორო მომსახურებას, კერძოდ, ახორციელებდა ევროპის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ელ-ფოსტით მიმოწერა;
- 05.04. 2017 წლის შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მიერ, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელდა ყველა მომსახურება, თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა რამდენიმე მომსახურების ინვოისის საზღაურის გადახდის ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო იმავე ინვოისით. შეთანხმების საფუძველზე გაწეული მომსახურების საზრაურის გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ინვოისის წარდგენის დღიდან 30 დღის ვადაში. დღეისათვის, მოპასუხის მიერ გადაუხდელი რჩება მოსარჩელის მიერ ჯეროვნად განხოცრციელებული მომსახურების საზღაური 1466.02 ევრო და 14 810 ევრო ჯამში - 16 276.02 ევრო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები, 05.04.2017 წლის შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, ინვოისები, ელ-ფოსტით მიმოწერა) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ელ-ფოსტით მიმოწერა;
- 05.04. 2017 წლის შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. შპს „--–-----------------ათვის“ შპს „------------------ს სასარგებლოდ საექსპედიტორო მომსახურების საზღაურის 16 276.02 ევროს დაკისრება;
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ჯერ ზეპირი ფორმით, ხოლო შემდგომ წერილობითი ფორმით დადებული სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე, მხარეები ვალდებულები არიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქმის მასალების დასტურდება, რომ თითოეულ ინვოისში, მითითებულია შესაბამისი გადახდის პირობა, ასევე, 05.04.2017 წლის შეთანხმების თანახმად, განსაზღვრულია საზღაურის გადახდის მაქსიმალური ვადა, 30 დღე, თუმცა, როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს 2016 წელს გაწეული მომსახურების საფასურიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან გაეწია საექსპედიტორო მომსახურება, ხოლო მოპასუხეს არ გადაუხდია მომსახურების საფასური - 16 276.02 ევროს ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1494.96 ლარს, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარს, ჯამში - 1544.96 ლარს.
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ (მოთხოვნის 92%) – 15 000 ევროს ფარგლებში, რომლის პროპორციული ბაჟი 1421.4 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხის 123.56 ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურების საფასურის - 1947 ლარის, თარჯიმნის ხარჯის - 73 ლარის და 366.75 დოლარის (331.75+35), ქონების მოძიების ხარჯის - 10 ლარის, სატრანსპორტო საშუალების ცნობის ხარჯის - 21 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელის მოთხოვნა, საადვოკატო მომსახურების საფასურის - 1947 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სარჩელს ერთვის მხოლოდ ინვოისი და არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს "------------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებებში მოპასუხე შპს ’---–------------------ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 16276,02 ევროს ფარგლებში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას და შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლით განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს "------------------ს სარჩელი მოპასუხის შპს "--–---------------ი"-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს მოპასუხე შპს "--–---------------ს" მოსარჩელის შპს "------------------ს სასარგებლოდ 16 276.02 ევროს ეკვივალენტი ლარებში გადახდა;
3. დაეკისროს მოპასუხე შპს "--–---------------ს" მოსარჩელე შპს "------------------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 123.56 ლარის ოდენობით;
4. დაეკისროს მოპასუხე შპს "--–---------------ს" მოსარჩელის შპს "------------------ს სასარგებლოდ თანჯიმნის ხარჯი - 73 ლარი და 366.75 დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა;
5. დაეკისროს მოპასუხე შპს "--–---------------ს" მოსარჩელის შპს "------------------ს სასარგებლოდ ქონების მოძიების ხარჯის - 10 ლარის გადახდა;
6. დაეკისროს მოპასუხე შპს "--–---------------ს" მოსარჩელის შპს "------------------ს სასარგებლოდ სატრანსპორტო საშუალების ცნობის ხარჯის - 21 ლარის გადახდა;
7. მოსარჩელე შპს "---------------ს" მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების საფასურის - 1947 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვას უარი;
8. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს "---------------ს" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1421.4 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკის“ 08/02/2018 წლის №1--------- საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე