გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210018002327601
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6445-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი’’

წარმომადგენელი - თა-------------–--ე

 

მოპასუხე - ზუ-----------–---–ი

წარმომადგენელი - მი-------------------ე

 

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზუ-----------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 01 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 628.68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3 843.35 ლარი, პროცენტი - 556.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1 222.54 ლარი, დაზღვევა - 6.42 ლარი და დაეკისროს 2016 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 698.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 392.78 ლარი, პროცენტი - 91.56 ლარი, პირგასამტეხლო - 214 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2016 წლის 01 მარტს სს ,,თი---------სა’’ და ზუ------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი), შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი - 5 000 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1446 კალენდარული დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი - 17%. პირგასამტეხლო - 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა დაეფარა ყოველი თვის 15 რიცხვში, მხარეებს შორის ასევე დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება.

 

მოპასუხემ 2016 წლის მარტში აითვისა თანხა. იგი 2017 წლის აპრილის ჩათვლით ახორციელებდა შენატანებს. მოპასუხეს პირველი დარღვევა უფიქსირდება 2017 წლის 15 თებერვალს და მომდევო დღიდან დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხეს ამის შემდეგ კვლავ შეჰქონდა თანხები. ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 18 აპრილს.

 

მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 01 მარტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 5 628.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3 843.35 ლარი, პროცენტი - 556.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1 222.54 ლარი (დაანგარიშებულია 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით), დაზღვევა - 6.42 ლარი.

 

2016 წლის 23 ივლისს სს ,,თი---------სა’’ და ზუ------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (პრაიმ ქარდი), შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 500 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4947 კალენდარული დღით. წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო 20 ლარი და დავალიანების 0,5% გრაფილის ყოველი დარღვევისას. მოპასუხეს ყოველთვიურად შესატანი თანა უნდა დაეფარა ყოველი თვის 20 რიცხვში.

 

მოპასუხემ 2016 წლის ივლისში დაიწყო თანხის ათვისება, იგი არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს. მოპასუხეს პირველი დარღვევა უფიქსირდება 2016 წლის 20 ოქტომბერს და მომდევნო დღიდან დაერიცხა პირგასამტეხლო. ამის შემდეგ მას კვლავ შეჰქონდა თანხები, ბოლო გადახდა მან განახორციელა 2017 წლის თებერვალში. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2017 წლის 20 მარტს, თუმცა თანხა არ შეუტანია და მას კვლავ დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებაზე შეადგენს 698.34 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 392.78 ლარი, პროცენტი - 91. 56 ლარი, პირგასამტეხლო - 214 ლარი (დაანგარიშებულია 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით).

 

მოსარჩელე მოითხოვს ზუ------------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 6 327.02 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხების, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოითხოვა მისი შემცირება, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც თვეში შეადგენს - 15%-ს, არის საკმაოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 მარტს სს ,,თი---------სა’’ და ზუ------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი), შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი - 5 000 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1446 კალენდარული დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი - 17%. პირგასამტეხლო - 20 ლარი და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა დაეფარა ყოველი თვის 15 რიცხვში, მხარეებს შორის ასევე დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 01 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, პოლისი, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 15-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ზუ-----------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 01 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 01 მარტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 5 628.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3 843.35 ლარი, პროცენტი - 556.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1 222.54 ლარი, დაზღვევა - 6.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 26);

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 27-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2016 წლის 23 ივლისს სს ,,თი---------სა’’ და ზუ------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 500 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4947 კალენდარული დღით. წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო 20 ლარი და დავალიანების 0,5% გრაფიკის ყოველი დარღვევისას. მოპასუხეს ყოველთვიურად შესატანი თანა უნდა დაეფარა ყოველი თვის 20 რიცხვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 23 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ზუ-----------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 23 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 698.34 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 392.78 ლარი, პროცენტი - 91. 56 ლარი, პირგასამტეხლო - 214 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 26);

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 33-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, 208-ე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად, ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ (ორივე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში), რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე და 400-ე მუხლები). დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს. მოპასუხე სადავოდ არ ხდის დავალიანების არსებობას სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელს ცნობს სრულად. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ ნაწილში სარჩელის ცნობა (ვალდებულების აღიარება), როგორც შეუქცევადი სამართლებრივი შედეგი, წარმოადგენს მისთვის აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს (სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლები).

 

6.3. რაც შეეხება სარჩელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოქმედი კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ (ხელშეკრულებების 2.10. - 2.1.17. მუხლები), რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. ამასთან, კერძოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და კანონი თანაბარ მდგომარეობაში განიხილავს მის სუბიექტებს. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხე ზუ-----------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 01 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა - 200 ლარისა და 2016 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 50 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში (4 890.48 ლარი). შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ გარემოებათა პროპორციულად, ანუ - 146.71 ლარი.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 200 ლარისა და 2016 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი -7.50 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის საფოსტო მომსახურების ხარჯის - 10.50 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას. სარჩელს არ ერთვის ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ადგენს მხარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებას, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საფოსტო ხარჯის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ამგვარი ხარჯების გაღება საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ზუ-----------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 01 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 606.14 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3 843.35 ლარი, პროცენტი - 556.37 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი, დაზღვევა - 6.42 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ზუ-----------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 534.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 392.78 ლარი, პროცენტი - 91.56 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი.

 

2. მოპასუხე ზუ-----------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 57.50 ლარის გადახდა.

 

3. სს ,,თი---------ის” მოთხოვნა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სს ,,თი---------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 27/02/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 190.00 ლარიდან - 146.71 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება N19, დანარჩენი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე