გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210118002353199
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8015-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - შპს „სა---------–------------–-----------------------–-------------–-ა“

წარმომადგენელი - ირ---–----–-----–---–ი

მოპასუხე - შპს „აი----------ი“

წარმომადგენელი - სო-------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „აი----------ის“ შპს „სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 145 638.68 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 01 აპრილს მოსარჩელე შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–იასა“ და მოპასუხე შპს „აი----------ის“ შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ნასყიდობის საფასურის სანაცვლოდ მოპასუხისათვის მიეყიდა ბუნებრივი გაზი.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, როგორც ბუნებრივი გაზის საფასური, ასევე ანგარიშსწორების წესი მიწოდებულ ბუნებრივ გაზზე. ანგარიშსწორების წესის თანახმად, საანგარიშო თვეში მიწოდებული ბუნებრივი გაზის სრულ ოდენობაზე მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, ამავე წესის მიხედით, ანგარიშსწორება წარმოებდა მხარეთა შორის კომერციული აქტის საფუძველზე გამოწერილი საგადასახდო ანგარიშფაქტურის მიხედვით.

 

მოპასუხე სისტემატურად არიდებდა თავს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ნასყიდობის საფასურის გადახდას. ამასთან, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 145 638.68 ლარს.

 

2017 წლის 31 დეკემბერს მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად შპს „აი----------ის“ დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 145 638.68 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენდა ტიპიურ ნასყიდობის ხელშეკრულებას, არამედ რეალურად ეს იყო პარტნიორის შენატანი კაპიტალში. აღნიშნული გამომდინარეობდა იმ ურთიერთობიდან, რომ შპს „აი----------ის“ ერთ ერთი პარტნიორის შპს „სი-------ს“, დღეის მდგომარეობით შპს „ნე------ის“ 100%-იან დამფუძნებელს წარმოადგენს მოსარჩელე მხარე. მოპასუხის წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ მოპასუხე მხარე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას არ ხდის სადავოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 01 აპრილს შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–იასა“ და შპს „აი----------ის“ შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „სა---------–------------–-----------------------–--------------–-ამ“ იკისრა ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ შპს „აი----------ისათვის“ მიეყიდა ბუნებრივი გაზი.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზის წლიური და ყოველთვიური საორიენტაციო მოცულობა განსაზღვრულია დანართი №1-ში. ხოლო აღნიშნული დანართის თანახმად, კი ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის აპრილის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით თვეში 120 ათასი კუბ.მ. ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.04.2016წ. ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დანართით (იხ. ს.ფ. 19-25, 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 01.04.2016წ. ხელშეკრულების 6.1. და 6.2. პუნქტების თანახმად, მყიდველის მიერ ბუნებრივი გაზის ფასის წინასწარი (არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო თვის 5 რიცხვისა) გადახდის შემთხვევაში, ყოველი 1000 კუბ.მ. ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება - 275 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ამ ხელშეკრულების 7.3. პუნქტით გათვალისწინებული წესით (ყოველკვირეულად) გადახდისას, კი - 285 აშშ დოლარით, რომლებსაც შესაბამისად ემატება ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების სემეკის მიერ დადგენილი გადასახადი - 13.83 ლარი, გამანაწილებელი ლიცენზიატისათვის სემეკის მიერ დადგენილი გატარების ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დღგ.

 

ამავე ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, კი საანგარიშო თვეში მიწოდებული ბუნებრივი გაზის სრულ ოდენობაზე მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო თვის 15 რიცხვისა. ანგარიშსწორება წარმოებს მხარეთა შორის კომერციული აქტის საფუძველზე გამოწერილი საგადასახდო ანგარიშფაქტურის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.04.2016წ. ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ (იხ. ს.ფ. 19-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2018 წლის 25 იანვარს შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–იასა“ და შპს „აი----------ის“ შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად შპს „სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის“ მიმართ შპს „აი----------ის“ დავალიანება 2017 წლის 31 მდგომარეობით განისაზღვრა - 145 638.68 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.01.2018წ. შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. შპს „აი----------ის“ არ გადაუხდია მასსა და შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–იას“ შორის გაფორმებული შედარების აქტით განსაზღვრული დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 477-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აპრილს შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–იასა“ და შპს „აი----------ის“ შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „სა---------–------------–-----------------------–--------------–-მ“ იკისრა ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შპს „აი----------ისათვის“ მიეყიდა ბუნებრივი გაზი. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა ბუნებრივი გაზის მიწოდების გრაფიკი, მოცულობა, ნასყიდობის საგნის საფასური და ანგარიშსწორების წესი.

 

ამდენად, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

დადგენილია, ასევე რომ 2018 წლის 25 იანვარს შპს „სა---------–------------–-----------------------–------------–იასა“ და შპს „აი----------ის“ შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად შპს „სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის“ მიმართ შპს „აი----------ის“ დავალიანება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა - 145 638.68 ლარით. შესაბამისად, აღნიშნული აქტის გაფორმებით მხარეებმა თავად განსაზღვრეს არსებული დავალიანება და მისი ოდენობა. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ასევე რომ მოპასუხე შპს „აი----------ის“ არ შეუსრულებია მის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება და არ გადაუხდია შედარების აქტით განსაზვრული დავალაინება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს „აი----------ისათვის“ დავალიანების - 145 638.68 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა პარტნიორის შენატანს კაპიტალში სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი, მხოლოდ მისი ახსნა განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად (იხ. სუსგ. №ას-1219-1139-2017; 12.01.2018წ.).

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 4 480 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „აი----------ის“ მოსარჩელე შპს „სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 4 369.16 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, კი - 50 ლარის გადახდა.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე, დავის საგნის ღირებულების მიხედვით, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა - 4369.16 ლარს, თუმცა მოპასუხის მიერ გადახდილია - 4430 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60.84 ლარის ოდენობით.

 

7.2. მოპასუხე შპს „აი----------ის“ მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 150 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 16 აპრილს, ხოლო მოპასუხის მიერ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 150 ლარი. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, შპს ,,სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის’’ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ,,აი----------ის’’ (ს/კ 20------2) აეკრძალა მის ბალანსზე რიცხული ქონების - ავტოგასამართი სადგური SW-------M გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის’’ სარჩელი შპს „აი----------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე შპს „აი----------ის“ მოსარჩელე შპს ,,სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 145 638.68 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „აი----------ის“ შპს ,,სა---------–------------–-----------------------–-------------–-ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 4 369.16 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა

3. შპს ,,სა---------–------------–-----------------------–------------–იას’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 4480 ლარიდან - 60.84 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება - 15-------4.

 

4. შპს „აი----------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ირ---–----–--ის მიერ 2018 წლის 16 აპრილს საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება - 0.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე