გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
140210016001412760
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210016001412760

საქმე №2/804-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2018 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

მოსარჩელე - ი----ა მ---–---–ი

მოპასუხე - ლ---ა ხ------–---–-

წარმომადგენელი - მ-----ე ჩ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ლ---ა ხ------–---–ს მოსარჩელე ი----ა მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 9380 (ცხრაათას სამას ოთხმოცი) აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ლ---ა ხ------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო 938 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ მას სარჩელით მოთხოვნილი ვალდებულება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ლ---ა ხ------–---–მა 2015 წლის 22 მაისს ი----ა მ---–---–ისგან ისესხა 9380 აშშ დოლარი. იმავე ხელწერილით აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 21 ივლისს, თვეში 720 აშშ დოლარის გადახდით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2015 წლის 22 მაისის ხელწერილიდან გამომდინარე ლ---ა ხ------–---–-ს ვალდებულება ი----ა მ---–---–ის მიმართ განისაზღვრება 9380 აშშ დოლარით.

 

3.2.2. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენლად მიიჩნევს, რომ ხელწერილით გათვალისწინებული თანხა 9380 აშშ დოლარი მოსარჩელე ი----ა მ---–--–-----ვის გადახდილი არ არის. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა 2015 წლის 22 მაისის ხელწერილში ციფროფრივი ჩანაწერი „9“ და „0“, მისი განმარტებით აღნიშნული ციფრები ჩამატებული იყო თავად მოსარჩელის მიერ, რის გამოც მოითხოვა ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება.

 

3.2.3 2017 წლის 0-----------–-ს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5-------17 ექსპერტიზის დასკვნით, ციფრობრივი და ტექსტობრივი ჩანაწერები "2015 წლის 22 მაისს ქ. გორში", "თანხის გადახდა უნდა დავამთავრო 2016 წლის 21 ივნისს თვეში 720 დოლარის გადახდა" , "2015 წელი 22.05." შესრულებულია ლ---ა ხ------–---–-ს მიერ. ამავე დასვნით შეუძლებელი აღმოჩნდა 2015 წლის 22 მაისის თარიღით შედგენილ ხელწერილზე არსებული ციფრის „9“ გამოკვლევა გამოსაკვლევი ციფრის არაინფორმაციულობის გამო.

 

3.2.4 2017 წლის 2-------------ს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5--------7 ექსპერტიზის დასკვნით 2015 წლის 22 მაისის თარიღით შედგენილ ხელწერილზე ციფრობრივ ჩანაწერში "9380" ბოლო ციფრი "0" მიწერილია შემდგომში. აღნიშნული ხელწერილში ციფრობრივი ჩანაწერის "9380" ადგილზე თავდაპირველად იყო ციფრობრივი ჩანაწერი "938". ამავე ექსპერტიზის დასკვნით ციფრობრივ ჩანაწერში „720“ ბოლო ციფრი „0“ მიწერილია შემდგომში. 2015 წლის 22 მაისით დათარიღებულ ხელწერილში ციფრობრივი ჩანაწერის „720“ ადგილზე თავდაპირველად იყო ციფრობრივი ჩანაწერი „72“, ხოლო დადგენა იმისა, როდის იყო მიწერილი ციფრი „0“ შესაბამის ჩანაწერებში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა საწერი საშუალებით შესრულებული ჩანაწერების ხანდაზმულობის დადგენის შესახებ .

 

3.2.5 2018 წლის 2-----------–-ს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5--------8 ექსპერტიზის დასკვნით, გადაწყვეტა საკითხისა, მცირე ციფრობრივი ჩანაწერი: „938“ განლაგებული ხელწერილში, 2015 წლის 22 მაისის თარიღით შესრულებულია თუ არა ლ---ა ხ------–---–-ს მიერ შეუძლებელია, გამოსაკვლევი ჩანაწერის მარტივი აგებულების, ინფორმაციული ნიშნების და ნიმუშების სიმცირის გამო .

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 623-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესათვის თანხის გადახდის დაკისრება სესხის სამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა სესხად აღებული თანხა მის მიერ შესრულებულ ხელწერილში მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ შორის არსებობდა სასესხო-ვალდებულებითი ურთიერთობა. მოპასუხე ლ---ა ხ------–---–მა სარჩელზე თანდართული ხელწერილით აღიარა ი----ა მ---–---–ისაგან სესხის სახით მიღებული თანხის მიღების და იკისრა ვალდებლება ამ თანხის კონკრეტულ ვადაში სრულად გადახდის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ ვალის აღიარებიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობა ი----ა მ---–---–სა და ლ---ა ხ------–---–ს შორის, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში სადავოა ზემოხსენებულ ხელწერილში მითითებული სესხის თანხის ოდენობა, კერძოდ 9380 აშშ დოლარი. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით, დადგენილად და დადატურებულად მიიჩნევს, რომ მიუხედავად ციფრობრივ ჩანაწერში "9380" ციფრი "0" შემდგომში ჩამატებისა, მოპასუხე ლ---ა ხ------–---–ს აღებული აქვს ვალდებულება სწორედ სადავო 9380 აშშ დოლარის ფარგლებში. სასამართლო ამ გარემოების დასადასტურებლად მხარეთა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს 2017 წლის 0-----------–-ს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5-------17 ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე , რომლითაც დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულ

2015 წლის 22 მაისის ხელწერილში არსებული ჩანაწერი "თანხის გადახდა უნდა დავამთავრო 2016 წლის 21 ივნისს, თვეში 720 დოლარის გადახდა" შესრულებულია მოპასუხე ლ---ა ხ------–---–-ს მიერ. ამდენად, ხელწერილის შინაარსის გათვალიწინებით სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სხვა სასესხო ვალდებულებები, რომლის შეჯამებამაც გამოიწვია ხელწერილის ციფრობრივ ჩანაწერებში "9380" და "720" ციფრი "0"-ის შემდგომში ჩამატება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

ვინაიდან მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ ნაკისრი ვალებულების შესრულების ფაქტი, ხელწერილით განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ი----ა მ---–---–ი, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე–5 მუხლის პირველის ნაწილის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

 

კონკრეტულ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რომ ი----ა მ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ასევე მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 938 აშშ დოლარის ნაწილში, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს სახელმწიფო სახელმწიფო ბაჟის - 661 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე ლ---ა ხ------–---–ს მოსარჩელე ი----ა მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 9380 (ცრაათას სამასოთხმოცი) აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ლ---ა ხ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 661 (ექვსას სამოცდაერთი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე