გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
240210016001507579
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001507579

(2/384-2016 წ)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ს-----

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ს-----ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თემურ ჩიტაია

 

მოსარჩელე - ვლ-------- მს---–--ე

წარმომადგენელი - რა---- წი---–--ე

 

მოპასუხე - ვე-----ა თო----ა

მოპასუხე - და----ო თო----ა

წარმომადგენელი-რო--- მა----–-ა, გუ---- სა-----ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ვლ-------- მს---–--ის სასარგებლოდ, მოპასუხეების ვე-----ა თო----ასა და და----ო თო----ასათვის 5600 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 20 ივნისის ვალის აღიარებისა და გადახდის წესის შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, მოპასუხეები ვე-----ა თო----ა და და----ო თო----ა აღიარებენ მოსარჩელის ვალს-5600 აშშ დოლარს. მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ აღნიშნული თანხა მოსარჩელისათვის სრულად გადაეხადათ 2013 წლის 20 ნოემბრამდე. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეების მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება დაიდო მოჩვენებითად, მოსარჩელის თხოვნით, მისი კრედიტორების დასარწმუნებლად, რომ მათ მიმართ არსებული ვალის გადახდის წყარო გააჩნდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე ვლ-------- მს---–--ესა და მოპასუხეებს - ვე-----ა თო----ასა და და----ო თო----ას შორის 2013 წლის 20 ივნისს ქ. ს-----ს სანოტარო ბიუროში შედგა სანოტარო აქტი ვალის აღიარებისა და გადახდის წესის შესახებ (რეგისტრაციის N1--------).

 

მითითებული აქტის მიხედვით,მხარეები, კრედიტორი ვლ-------- მს---–--ე (პ/ნ 42---------) და მოვალეები ვე-----ა თო----ა (პ/ნ 3----------) და და----ო თო----ა (პ/ნ 3----------) ადასტურებენ, რომ ერთმანეთს შორის არსებობს სავალო ურთიერთობები, კერძოდ, მოვალეები ვე-----ა თო----ა და და----ო თო----ა აღიარებენ, რომ აქვთ კრედიტორის, ვლ-------- მს---–--ის ვალი 5600 აშშ დოლარი. ვალს პროცენტი არ ერიცხება. მოვალეები იღებენ ვალდებულებას, რომ 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით სრულად დაფარავენ ვალს(1-4 მუხლები).

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოვალეების ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების ან გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ვალის დაბრუნების დროის დადგომამდე კრედიტორი იტოვებდა ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას. ასევე შეთანხმდნენ დავის მოლაპარაკების გზით, ხოლო მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, სასამართლოსათვის მიმართვით გზით გადაწყვეტაზე.

 

აღნიშნული გარემოებები დგინდება შემდეგ მტკიცებულებებით:

- N1-------- სანოტარო აქტით(20.06.2013 წ)

-მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა გარიგების მოჩვენებითად დადების ფაქტი.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ საქმეზე, მოსარჩელემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ მისი ვალი- 5600 აშშ დოლარი, წარმოადგინა ვალის აღიარებისა და გადახდის წესის შესახებ სანოტარო აქტი (რეგისტრაციის N1--------), რომლის მიხედვით მოპასუხეებმა ვე-----ა თო----ამ და და----ო თო----ამ აღიარეს კრედიტორის ვლ-------- მს---–--ის ვალი 5600 აშშ დოლარი და იკისრეს მისი 2013 წლის 20 ნოემბრამდე სრულად დაფარვის ვალდებულება.

 

უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სანოტარო აქტი ვალის აღიარების შესახებ, წარმოადგენს ჩვეულებრივ გარიგებას, ე.ი. მხარეთა შორის გამოვლენილ ნებას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ (სსკ-ის 50-ე მ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, გარიგება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

გამოვლენილი ნების ნებაყოფლობით გამოხატვა მოპასუხეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ, თუმცა ამის საპირისპიროდ, მიუთითეს გარიგების მოჩვენებით ხასიათზე და აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის რაიმე სახის ფულადი ვალდებულება არ არსებობდა. მოსარჩელეს ქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მოპასუხეებს, როგორც ყოფილ თანამშრომლებს, თხოვა აღნიშნული გარიგების დადება მისი კრედიტორების დასარწმუნებლად, რომ გასესხებული ქონდა თანხა და გააჩნდა მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოპასუხეთა პოზიციით, გარიგება არ დადებულა იმ მიზნით, რომ მოყოლოდა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით (სუსგNას-862-812-2015წ 11.11.-15) მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებითად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

გარიგების მოჩვენებითი ხასიათის მტკიცების ტვირთი ეკისრება ამ გარემოების მიმთითებელ პირს, შესაბამისად, მოპასუხეებს. მოპასუხეების ვალდებულებაა წარმოუდგინონ სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების მოჩვენებით ხასიათს, ანუ იმ გარემოებას, რომ გარიგებით მხარეებს არ სურდათ დამდგარიყო ის სამართლებრივი შედეგი, რაც რეალურად დადგა, თუმცა მათ ასეთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენიათ. მოპასუხეები შემოიფარგლნენ მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რაც ცხადია, მოსარჩელის პოზიციას ვერ გააქარწყლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის მტკიცებულება წარუდგინონ სასამართლოს. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ მისი უპირობოდ გაზიარება და დადგენილად მიჩნევა დასაშვებია მხოლოდ მეორე მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში, ხოლო თუ მხარე უარყოფს მოწინააღმდეგე მხარის განმარტების სისწორეს, მაშინ იგი სხვა მტკიცებულებებით გამყარებას მოითხოვს. მართალია, სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში (სსკ-ის 105-ე მ) და შეუძლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობის შესაძლებლობას. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს. სასამართლო კი, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტი, ვალდებულია დაიცვას ეს პრინციპები, რათა საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. შესაბამისად, მხოლოდ განმარტება, თუ იგი სხვა მტკიცებულებით არ არის გაჯერებული, ვერ მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად და ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, რომელიც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

 

მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს მათივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, ვერ წარმოადგინეს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა სანოტარო აქტში ასახული ჩანაწერის (გარიგების) სისწორის ვარაუდს და რაც სასამართლოს შეუქმნიდა მისი გაზიარების საფუძველს.

 

ამდენად, მოპასუხეებმა, მათი წილი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება-გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, რამაც გამიწვია მოპასუხეებისათვის არახელსაყრელ შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულება-ეს არის განსაზღვრული სამართალურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი პირი, მოვალე ვალდებულია, მეორე პირის, კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება შეასრულოს (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაიხადოს ვალი და ა.შ.) ან თავი შეიკავოს მისი შესრულებისგან. ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველი ხელშეკრულებაა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა სახეები ამომწურავი არ არის და მხარეებს, ამავე კოდექსის განხილული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, შეუძლიათ, დადონ მათთვის სასურველი შინაარსის და კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დაიდო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, მხარეები წერილობითი ფორმით შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, კერძოდ, ვალის 5600 აშშ დოლარის არსებობაზე და გადახდის დროზე- რომ 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით სრულად დაფარავდნენ ვალს, ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დავის მოგვარების გზებზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას, კერძოდ, სახეზეა მოპასუხეების ფულადი ვალდებულების არსებობა მოსარჩელის მიმართ, მიუხედავად იმისა, რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს იგი, ხოლო მოპასუხეების მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მზადყოფნა.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით (გარიგებით) მხარეებმა თავისუფლად განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი და დადეს იგი მათთვის სასურველი პირობებით- ნების გამოვლენის მეშვეობით მიზნად დაისახეს გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევა და შეთანხმდნენ არა მხოლოდ შედეგებზე, არამედ წესებზეც, ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნაკლი, კერძოდ, ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი, რასაც მოპასუხეები უთითებდნენ, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1.პუნქტი). მოპასუხეებმა, მათი წილი მტკიცების ფარგლებში, ვერ უზრუნველყვეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმფციის გაქარწყლება, ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა მოპასუხეების ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას მოსარჩელესთან და შესაბამისად, საპირისპირო ვალდებულების- ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მოსარჩელის მხრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (უსგN ას -209-199-2016,8.04.2016 წ).

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათივე ნებით შეთანხმებული სახელშეკრულებო ვალდებულება, დღემდე გადაუხდელი აქვთ მოსარჩელის ვალი-5600 აშშ დოლარი, რაც სარჩელის უპირობოდ, დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-388.76 ლარი. მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, მითითებული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ვლ-------- მს---–--ის სარჩელი მოპასუხეების ვე-----ა თო----ასა და და----ო თო----ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1.დაეკისროს ვე-----ა თო----ასა და და----ო თო----ას ვლ-------- მს---–--ის სასარგებლოდ 5600 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს ვე-----ა თო----ასა და და----ო თო----ას ვლ-------- მს---–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 388.76 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ს-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ს-----ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია