გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/3720-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები - ნათია ჭკადუა, ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ა---------ნია
წარმომადგენელი - ნ-----------–--
მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმომადგენელი - თ------------–-–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 17 მაისის N------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20118 წლის 30 იანვრის უარი ინფორმაციის გაცემაზე;
1.3. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასცეს შემდეგი ინფორმაცია: 1) ირიცხებოდა თუ არა ე-–---------–-ვა, იგივე ე-–------------–-აია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე 1985 წლიდან 1991 წლამდე პერიოდისათვის; 2) დაასრულა თუ არა მან მითითებული ფაკულტეტი; 3)მოპასუხე მხარემ მიაწოდოს მოსარჩელეს ე-–---------–---ს, იგივე ე-–------------–-აიას მიერ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და მისი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომის, საგამოცდო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების და გამოცდის საოქმო ჩანაწერების ასლები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ა---------ნიამ 2018 წლის 24 იანვრის წერილით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ე-–---------–---ს განათლების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 24 იანვრის წერილი (ს.ფ. 22-24);
3.2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 30 იანვრის N------------- წერილით დაინტერესებულ პირს 2018 წლის 25 იანვრის კორესპონდენციის პასუხად ეცნობათ, რომ ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია იყო პერსონალური მონაცემების შემცველი, უნივერსიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია გაეცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ წერილობითი ფორმით გაცემული, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 30 იანვრის წერილი (ს.ფ. 25);
3.3. 2018 წლის 28 თებერვალს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარედგინა ა---------ნიას ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 30 იანვრის N------------- უარი ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 17 მაისის N------------- წერილის თანახმად, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 27-310;
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 17 მაისის N------------- წერილი (ს.ფ. 32-33).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------ნიას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის დადგენილება N139 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
ანალოგიურ დანაწესს შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”მ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
ამავე კოდექსის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, ასევე საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებელი გაცემის ვალდებულება. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისა და ოფიციალური დოკუმენტების გაცნობა, თუ ისინი არ შეიცავენ პირად, პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული მუხლებით აღიარებული კონსტიტუციური უფლებაა. ხსენებული კანონის ნორმები ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უარი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს და მისი თანხმობის გარეშე იგი ხელმისაწვდომი ვერ გახდება. ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არ არსებობდა საჯარო ინტერესი განსახილველი საკითხისადმი. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მოიაზრება თუ არა სხვა პირის პერსონალურ მონაცემად და ასევე განსაზღვროს, აღნიშნული ინფორმაციის ღიაობა ხომ არ იყო უზრუნველყოფილი კანონით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) განიმარტება, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემების დამუშავება მათ შორის მოიცავს მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის ,,ბ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და მართვის პრინციპებს. ხსენებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭირვალობას. ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს რა უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრირების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობისა და ზოგადად მართვის პროცესის გამჭირვალობის აუცილებლობას, იმავე ინფორმაციის საჯაროობის ჭრილში არ მოიაზრებს სტუდენტის შესახებ ინდივიდუალური ინფორმაციის ღიაობის დასაშვებობას.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის განმარტებას იძლვა თანამდებობის პირის ?????? ?????????????? ????????? ??????????????? ?? ????????? ??????? საქართველოს კანონის მე-2 მუხლის. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ღ) მოსამართლე;
სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის N139 დადგენილებით დამტკიცებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების თაობაზე, რომლის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე, წარმოადგენს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირს.
სასამართლო ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სტუდენტის აკადემიური მოსწრების თაობაზე, რომელიც თავისთავში მოიცავს სტუდენტის სწავლების წლებს, სწავლების შესახებ ინფორმაცისა და დიპლომისა თუ საგამოცდო შედეგების ამსახველ დოკუმენტაციას, წარმოადგენს სტუდენტის პერსონალურ მონაცემს, რომლის დაცვის მოვალეობა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს. რაც შეეხება მოთხოვნილ ინფორმაციაში დასახელებული ე-–------------–-აიას (ხ----–---ს) სტატუსს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება, ვინაიდან საქმეში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს, შესაბამისად, მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოაზრებული „თანამდებობის პირის“ შესახებ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი ვერ გავრცელდება.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს და იგი არ ექვემდებარება საჯაროობას, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა თვით ამ პირის თანხმობა, ხოლო როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ასეთი თანხმობები მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ წარუდგენია. ასეთ პირობებში მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა აღნიშნული ინფორმაციის მისთვის მიწოდების თაობაზე.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 ლარი, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------ნიას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე