გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4792-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - გიო-----–--–----–---–ი;
მოპასუხე - შპ-------------–ი’’;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპ-------------–ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 280 (ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - შპს ,,კვ-------–ს’’ დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------–ს’’ შორის 2012 წლის 15 ივნისს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვას უნდა უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის (მარკეტის) დაცვა. 1.2. და 2.1. პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 135 ლარი. დაცვამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, დამკვეთის მიერ კი დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 421 ლარის ოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის გამო 2017 წლის 23 ივნისიდან შეწყდა ხელშეკრულება, რის შესახებაც მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 16 ივნისის N------- წერილით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დავალიანების გადანაწილების მიზნით 2017 წლის 15 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ურთიერთშეთანხმება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული შეთანხმების პირობებიც დაარღვია და გადაიხადა მხოლოდ 141 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე შპ-------------–ს’’ მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს 280 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპ-------------–ს’’ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 14 ივნისის N699335 ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქ. თბი-–--------------------- N 5-ში მდებარე შპ-------------–ის’’ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 14 ივნისის N699335 ბრძანება (ს.ფ. 14);
3.1.2. 2012 წლის 15 ივნისს შპ-------------–სა’’ (,,დამკვეთი’’) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (,,დაცვა’’) შორის გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის მარკეტის დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბი-–--------------------- N5. 2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135,00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება ხდბა ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს. 6.6 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.06.2012 წლის N------2 ხელშეკრულება (ს.ფ. 11-13);
3.1.3. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 ივნისის N------- წერილით შპ-------------–ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ დაცვის მომსახურების დავალიანების არსებობის გამო, 2012 წლის 15 ივნისს გაფორმებული N------ ხელშეკრულების 6.6. პუნქტის საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 23 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტს აღნიშნულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 ივნისის N------- წერილი (ს.ფ. 16);
3.1.4. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 ივნისის N1466510 ბრძანებით, 23.06.2017 წლიდან შეწყდა შპს ,,კვ-----–ის’’ ობიექტის (მდებარე: ქ. თბილისი, გუდამაყრის N5) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 ივნისის N1466510 ბრძანება (ს.ფ. 15);
3.1.5. 2017 წლის 13 სექტემბრის ცნობის თანახმად, შპ-------------–ს’’ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 13.09.2017 წლის მდგომარეობით, 15.06.2012 წლის N------ ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება დებიტორული დავალიანება 421.00 ლარი. მათ შორის:
- 2017 წლის მარტი - 52 ლარი
- 2017 წლის აპრილი - 135.00 ლარი
-2017 წლის მაისი - 135.00 ლარი
- 2017 წლის ივნისი - 135 ლარი
- სულ დებიტორული დავალიანება - 421 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.09.2017 წლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17);
- თანხის ბრუნვები (ს.ფ. 18-23);
3.1.6. 2017 წლის 15 დეკემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------–ს’’ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შპ-------------–ი’’ ეთანხმება შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 15/06.2012 წლის N------ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ დაცვის მომსახურების დავალიანებას - 421 ლარს. მე-2 პუნქტის თანახმად, შპ-------------–ი’’ ვალდებულია ურთიერთშეთანხმების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანება გადაიხადოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ, შემდეგი გრაფიკით:
- 71 ლარი - არაუგვიანეს 20.12.2017 წლამდე
- 70 ლარი - არაუგვიანეს 20.01.2018 წლამდე
- 70 ლარი - არაუგვიანეს 20.02.2018 წლამდე
- 70 ლარი - არაუგვიანეს 20.03.2018 წლამდე
- 70 ლარი - არაუგვიანეს 20.04.2018 წლამდე
- 70 ლარი - არაუგვიანეს 20.05.2018 წლამდე
ამავე ურთიერთშეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის პირველივე დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.12.2017 წლის ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 24);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპ-------------–ს’’ (ს/კ 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 280.00 (ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა, ვინაიდან შპ-------------–ს’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------–ს’’ შორის გაფორმებული N------ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ - საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------–ს’’ შორის 2012 წლის 15 ივნისს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვას უნდა უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის (მარკეტის) დაცვა. 1.2. და 2.1. პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 135 ლარი. დაცვამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, დამკვეთის მიერ კი დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 421 ლარის ოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის გამო 2017 წლის 23 ივნისიდან შეწყდა ხელშეკრულება, რის შესახებაც მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 16 ივნისის N------- წერილით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დავალიანების გადანაწილების მიზნით 2017 წლის 15 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ურთიერთშეთანხმება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული შეთანხმების პირობებიც დაარღვია და გადაიხადა მხოლოდ 141 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე შპ-------------–ს’’ მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს 280 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - შპ-------------–ს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპ-------------–ს’’ (ს/კ 4--------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 280.00 (ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - შპ-------------–ს’’ (ს/კ 4--------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი