გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2018
საქმის ნომერი
140310018002561362
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002561362

საქმე № 3/197-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: გ------------–----–-------------------–----–-------------------–--ა

წარმომადგენელი: ა-–---- მ------–---–-

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია

წარმომადგენელი: ი---- ბ--–---–---–-

 

მესამე პირი: გ-----------–----–----------------------------------------–---–ი

წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

გ------------–----–-------------ის - კ------------- თ--------–---–ის თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევის დადასტურებულად არჩათვლის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2018 წლის 23 ივლისის № 10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დავალდებულება, გ------------–----–-------------ის - კ------------- თ--------–---–ის მიერ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნის დარღვევაზე დასკვნის მომზადებისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარდგენის შესახებ.

 

სარჩელის თანახმად, კ------------- თ--------–---–ი 2017 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა რა გ------------–----–-------------ის თანამდებობაზე, იგი იმავდროულად იყო შპს ,,მ-----ის" დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელიც. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტს, მ----- არ შეასრულა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში არ შეწყვიტა შეუთავსებელი საქმიანობა; თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ საკითხი დაყენებული იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წინაშე, რომ მომზადებულიყო შესაბამისი დასკვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ და გადაგზავნილიყო საკრებულოში, თუმცა კომისიამ დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ არ დასტურდებოდა თანამდებობრივი შეუთავსებლობა.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ კომისიაში საკითხის განხილვისას კ------------- თ--------–---–ი აღარ წარმოადგენდა შპს ,,მ-----ის" დირექტორს და წილიც გადაფორმებული იყო სხვა პირზე (მის შვილზე); ამავე დროს, კომისიამ ჩათვალა, რომ კ------------- თ--------–---–ის დირექტორობა მითითებულ საწარმოში იყო მხოლოდ ფორმალური, რადგან საწარმო წლებია, არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, იგი არ ახორციელებდა დირექტორის მოვალეობას.

 

მესამე პირს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო, განმარტა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადასტურების უფლებამოსილება არ გააჩნია; კანონმდებლობით ეს უფლება მხოლოდ სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიუროს" გააჩნია; კომისია დასკვნას ამზადებს და საკრებულოს უგზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი დადგენილია ,,ბიუროს" მიერ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. კ------------- თ--------–---–ი 1996 წლის 24 დეკემბრიდან 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით იყო შპს ,,მ-----ის" დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 20 ივნისისა და 2018 წლის 11 ივლისის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გ------------–----–-------------ად არჩეული იქნა კ------------- თ--------–---–ი;

 

მტკიცებულება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებგვერდი http://cesko.ge/res/docs/danOK47.pdf), მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ე-----------–------–----------------ის" თავმჯდომარემ - ბ--- ქ-------–---მ 2018 წლის 9 ივლისს მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მუნციპალიტეტის საკრებულოს, სადაც აღნიშნა, რომ გ------------–----–-------------ის ქმედებაში ადგილი ჰქონდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტს, კერძოდ: მ----- თანამდებობასთან ერთად, იგი იკავებდა შპს ,,მ-----ის" დირექტორის თანამდებობასაც, და ითხოვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაზე მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურების დაწყება;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ,,ე-----------–------–----------------ის" თავმჯდომარე ბ--- ქ-------–---ს 2018 წლის 9 ივლისის № 292/01 მოხსენებითი ბარათი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. 2018 წლის 11 ივლისს შპს ,,მ-----ის" დირექტორი, კ------------- თ--------–---–ის ნაცვლად, გახდა ი-–-- თ--------–---–ი, რომელზეც აღირიცხა კ------------- თ--------–---–ის კუთვნილი 40%-იანი წილიც;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 11 ივლისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.5. გ------------–----–-------------მა - კ------------- თ--------–---–მა 2018 წლის 23 ივლისს წერილობით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას, სადაც მიუთითა, რომ გარკვეული წლების განმავლობაში ფორმალურად იყო შპს ,,მ-----ის" დირექტორი, თუმცა 23 ივლისის მდგომარეობით არ არის არც ერთი საწარმოს დირექტორი და არც მართავს რომელიმე საწარმოს წილს; ამასთან, შპს ,,მ-----ი" მისი დაფუძნებიდან - 1996 წლიდან დღემდე არ ფუნქციონირებს;

 

მტკიცებულება: გ------------–----–-------------ის - კ------------- თ--------–---–ის 2018 წლის 23 ივლისის № 04/12870 მიმართვა.

 

3.2.6. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დადასტურებულად არ ჩაითვალა გ------------–----–-------------ის მიერ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა იმ საფუძვლით, რომ კომისიაში საკითხის განხილვისას კ------------- თ--------–---–ი აღარ წარმოადგენდა შპს ,,მ-----ის" დირექტორს და წილიც გადაფორმებული იყო სხვა პირზე; ამავე დროს, მისი დირექტორობა იყო მხოლოდ ფორმალური, რადგან საწარმო წლებია, არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, მერი არ ახორციელებდა დირექტორის მოვალეობას;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2018 წლის 23 ივლისის № 10 სხდომის ოქმი, მოპასუხის შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.7. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, შპს ,,მ-----ის" მიერ 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა გადახდილი არ არის.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" 2018 წლის 23 აგვისტოს მიმართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის გასაჩივრებული აქტი და დაევალოს მოპასუხეს, მოამზადოს დასკვნა გ------------–----–-------------ის თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და საკრებულოსთვის წარდგენის შესახებ, რამდენადაც დადგენილია და სადავო არაა, რომ კ------------- თ--------–---–ი გ------------–----–-------------ის თანამდებობაზე ყოფნისას იყო ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორი და წილის მფლობელი, რაც ქმნიდა მითითებული დასკვნის შედგენის ფორმალურ საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი", ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულება", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულება".

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გ------------–----–-------------ად არჩეული იქნა კ------------- თ--------–---–ი, რომელიც არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, მ----- თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, კანონშესაბამისია თუ არა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გ------------–----–-------------ის - კ------------- თ--------–---–ის თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადასტურებულად არჩათვლის შესახებ.

 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ფ" ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“, სხვა პირებთან ერთად, იგულისხმება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები;

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

იმავე მუხლის მე-5 - მე-8 ნაწილების თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში; საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით, სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი; საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.

 

დადგენილია და ასევე სადავო არაა, რომ კ------------- თ--------–---–ი 1996 წლის 24 დეკემბრიდან 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით იყო შპს ,,მ-----ის" დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი; 1996 წლიდან და გ------------–----–-------------ად არჩევის შემდეგაც (2017 წლის ნოემბერი) 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით მას ეკავა მითითებული საწარმოს დირექტორის თანამდებობა, და შესაბამისად, იყო სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი.

 

ამავე დროს, მის საკუთრებაში არსებული წილი, მ------ არჩევის შემდეგ, სხვისთვის სამართავად არ გადაუცია. შპს ,,მ-----იში" მისი 40%-იანი წილი სხვა პირის საკუთრებაში გადავიდა მხოლოდ 2018 წლის 10 ივლისს.

 

საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, მ----- თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

მითითებული კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს ამ კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას.

 

,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის" (დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის № 1 დადგენილებით) 93-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას, რომელიც ვალდებულია, საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მითითებული ,,რეგლამენტის" თანახმად, მ----–----–--------------- თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხის განხილვა და რეკომენდაციის საკრებულოსადმი წარდგენა შედის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის კომპეტენციაში.

 

დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ განიხილა საკითხი მ----–----–--------------- თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ და იმპერატიული ფორმით დაადგინა, დადასტურებულად არ ჩათვლილიყო მ----- მხრიდან თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმსჯელოს კომისიის მხრიდან ამგვარი დასკვნის შინაარსსა და ფორმაზე.

 

საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტი სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას არ ანიჭებს იმგვარი სახის უფლებამოსილებას, რომ თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ მის მიერ დადგენილ გარემოებებს ჰქონდეს პირდაპირი მოქმედების მნიშვნელობა და მის მიერ დადგენილი ფაქტი, თუნდაც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის, უაპელაციოდ გასაზიარებელი იყოს; საბოლოო შეფასებას, ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევას, აკეთებს საკრებულო და არა კომისია.

 

ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულებაც" (დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებით), რომლის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა" - ,,გ" ქვეპუნქტებით, კომისია აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას; ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ; აგრეთვე, შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.

 

ამასთან, თვით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.

 

,,რეგლამენტის" თანახმად კი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია, საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს წინადადება დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ რეკომენდაციის სახით.

 

როგორც აღინიშნა, მ----–----–--------------- თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტა ხდება სწორედ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ------------–----–-------------ის თუნდაც 2018 წლის 11 ივლისამდე შპს ,,მ-----ის" დირექტორად ყოფნა, მისი 40%-იანი წილის მინდობილი პირისათვის გადაუცემლობა, ქმნიდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი წინადადების საკრებულოსათვის გადაგზავნის ფორმალურ წინაპირობებს.

 

თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით, კომისიისათვის მნიშვნელობის მქონე უნდა ყოფილიყო აგრეთვე ისიც, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია, ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.

 

გ------------–----–-------------ის მხრიდან კი ამ ვადაში შეუთავსებელი თანამდებობიდან გადადგომას ადგილი არ ჰქონია.

 

თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან დაკავშრებით სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქმედებაში ამგვარი ფაქტის არსებობის უტყუარი და იმპერატიული ფორმით დადგენა-დადასტურება არ წარმოადგენს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის კომპეტენციას და მის მიერ ამ ფაქტზე მომზადებულ დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, რაც იმთავითვე, უპირობოდ გასაზიარებელ გარემოებას საკრებულოსთვის არ წარმოადგენს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

როგორც აღინიშნა, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ სრულად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მიეცა მათ;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა გ------------–----–-------------ის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი წინადადების საკრებულოსათვის გადაგზავნის ფორმალურ წინაპირობებს, რის გამოც სადავოდ გამხდარი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის" 93-ე მუხლის მოთხოვნებს, და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს გ------------–----–-------------ის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დასკვნის მომზადება და შესაბამისი წინადადების საკრებულოს უახლოესი სხდომისათვის გადაგზავნა, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ------------–----–-------------ი 2018 წლის 11 ივლისამდე იყო შპს ,,მ-----ის" დირექტორი, მისი 40%-იანი წილი მინდობილი პირისათვის არ იყო გადაცემული, ქმნიდა ამ ქმედების განხორციელების ფორმალურ წინაპირობებს.

 

დადგენილია, რომ სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას კ------------- თ--------–---–ი აღარ წარმოადგენდა შპს ,,მ-----ის" დირექტორს და კუთვნილი წილიც სხვა პირზე იყო გაფორმებული, რის გამოც აღარ ჩათვალა კომისიამ თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე დაკსვნის მომზადება საჭიროდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ფაქტები არ ქმნის შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და საკრებულოსთვის წინადადების გადაგზავნაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ დაუშვებელია ამ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოხელის სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ იმ დარღვევის აღმოფხვრას აქვს მნიშვნელობა, რაც არსებობდა მისი თანამდებობაზე დანიშვნის დროს, და შემდეგ გამოსწორდა.

 

ამაზე მიუთითებს დასახელებული ნორმის სხვა ნაწილებიც: მოხელე შესაძლებელია, სამსახურიდან გათავისუფლდეს, თუ: ა) დარღვეულია საჯარო სამსახურში მიღებისათვის ამ კანონით დადგენილი წესი ან მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

ამავე დროს, როგორც აღინიშნა, თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია, ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.

 

ამგვარ გარემოებებს კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებაში სასამართლო დარღვევის აღმოფხვრის იურიდიული შედეგის შინაარსს განმარტავს მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლის ნების საილუსტრაციოდ, რომ დარღვევის აღმოფხვრას იმ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, როდესაც დარღვეულია საჯარო სამსახურში მიღებისათვის ამ კანონით დადგენილი წესი ან მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

 

ამ მსჯელობისას სასამართლო არ გულისხმობს იმას, რომ სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დასკვნის შედგენის შემთხვევაში გ------------–----–-------------ი უპირობოდ ექვემდებარება სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მითითებული კომისია წარუდგენს შესაბამის დასკვნასა და წინადადებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირის წარმომადგენლის პოზიციას, რომ თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი დადგენილი და დადასტურებული უნდა იქნეს სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიუროს" მიერ.

 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო" ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს და ატარებს მხოლოდ თანამდებობის პირის მიერ ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობას, დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარების კონტროლს უზრუნველყოფს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ასრულებს ბიურო).

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებით" (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის № 181 დადგენილებით), განსაზღვრულია ,,ბიუროს" ამოცანები და ფუნქციები და თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგენის უფლებამოსილება გათვალისწინებული არ არის.

 

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მ----- თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს იმ წესით, როგორც ეს გათვალისწინებულია საკრებულოს წევრისათვის: მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას.

 

ამდენად, მ----–----–--------------- თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტს, სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის სახით, ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია და არა სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო".

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გ------------–----–-------------ის - კ------------- თ--------–---–ის მიერ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევის დადასტურებულად არჩათვლის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2018 წლის 23 ივლისის № 10 გადაწყვეტილება.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, გ------------–----–-------------ის - კ------------- თ--------–---–ის მიერ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნის დარღვევაზე დასკვნის მომზადება და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარდგენა.

 

2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი - გადახდეს მოსარჩელე ბ--- ქ-------–---ს სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი