გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2018
საქმის ნომერი
160210017001842277
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160210017001842277

N2/200-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - ბე------------ე

მოპასუხეები: თა------------ი, ხა-----------ი, ელ--------------ი, ელ---------–---ა

მოპასუხე თა------------ის წარმომადგენელი - ოთ---------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თა------------ის, ხა-----------ის, ელ--------------ისა და ელ---------–---ასათვის სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად 24 637,50 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 17452,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 6253,71 აშშ დოლარი, დაზღვევა - 816,39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 114,93 აშშ დოლარი;

 

1.2. დავალიანების გადახდის მიზნით იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია: მდებარე, ქ. მა-------–-------------ს დასახლება, ს/კ 83.02.12.3--, მესაკუთრე თა------------ი (პ/ნ 2----------);

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულების მიქცევა თა------------ის, ხა-----------ის, ელ--------------ისა და ელ---------–---ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-19).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 25 დეკემბერს, შპს „მი----------------------------–-----------სა" და თა------------ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა 50000 ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

 

2015 წლის 25 დეკემბერს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაზე და მის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება: მდებარე ქ. მა-------–-------------ს დასახლება, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.02.12.3--. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

2015 წლის 28 დეკემბერს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და თა------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 20000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1,3%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.

 

სესხის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება". ამავედროს ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხების სრულად მოთხოვნის უფლება.

 

მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ, ხა-----------თან, ელნუ გასანოვთან და ელ---------–---ასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, ხა-----------ისა და ელ--------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 30016,57 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა პირგასამტეხლოებს, ხოლო ელ---------–---ას პასუხისმგებლობა 31000 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 01 იანვრის შემდგომ, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატიური და უწყვეტი ხასიათი. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება.

 

დღეის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 24637,50 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 17452,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 6253,71 აშშ დოლარი, დაზღვევა - 816,39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 114,93 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი 2-19);

 

2.1. მოპასუხეების თა------------ისა და ელ---------–---ას პოზიცია

 

მოპასუხეებმა თა------------მა და ელ---------–---ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათთვის ხელშეკრულების პირობები იყო უცნობი, რადგან არ იციან ქართულ ენაზე წერა-კითხვა. მართალია სურდათ სესხის აღება, თუმცა მათივე ინტერესები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. სესხის პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, მათ საერთოდ არ სჭირდებოდათ მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება და ზედმეტი თანხის გადახდა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 69-77).

 

2018 წლის 26 ივნისის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე თა------------ის წარმომადგენელმა ოთ---------–---–მა სარჩელი არ ცნო, მანვე მიუთითა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება (იხ. 26.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2.1. მოპასუხეების ხა-----------ისა და ელ--------------ის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ხა-----------მა და ელ--------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათთვის უცნობი იყო თუ რა ოდენობით თანხა გაიცა ბანკის მიერ, მათ უთხრეს, რომ მხოლოდ უნდა დაედასტურებინათ ბანკის მიერ თანხის გაცემა, მეტი პასუხისმგებლობა კი არ უკისრიათ (იხ. შესაგებელი ს.ფ. 95-102).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 დეკემბერს, შპს „მი----------------------------–-----------სა" და თა------------ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 240 თვის ვადით, სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.12.2015 წლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);

 

3.1.2. 2015 წლის 25 დეკემბერს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება: მდებარე ქ. მა-------–-------------ს დასახლება, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.02.12.3--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.12.2015 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26);

 

3.1.3. იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტით განისაზღვრა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.12.2015 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24);

 

3.1.4. 2015 წლის 28 დეკემბერს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და თა------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 20000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1,3%-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.27-28);

 

3.1.5. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.27-28);

 

3.1.6. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის თა------------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მი----------------------------–-----------ს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მი----------------------------–-----------”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);

- დაზღვევის ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ს.ფ. 30-43).

 

3.1.7. სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);

 

3.1.8. შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და თა------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 28 დეკემბერს ხა-----------თან, ელ--------------თან და ელ---------–---ასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-49);

 

3.1.9. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-49);

 

3.1.10. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, ხა-----------ისა და ელ--------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 30016,57 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა პირგასამტეხლოებს, ხოლო ელ---------–---ას პასუხისმგებლობა 31000 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-49);

 

3.1.11. მსესხებელი 2017 წლის 01 იანვრიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 52-55);

 

3.1.12. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მი----------------------------–-----------დ”. მოგვიანებით ასევე შეიცვალა დასახელება და დღეის მდგომარეობით იწოდება სს ,,კრ----------ად“

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 60-61).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 28 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 24637,50 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 17452,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 6253,71 აშშ დოლარი, დაზღვევა - 816,39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 114,93 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 56);

- სესხის გადახდის ისტორია (ს.ფ. 50-51);

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, რის გამოც არ უნდა დაეკისროთ დავალიანების გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია სესხის ხელშეკრულებაზე, თავდების განცხადებაზე და თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გაცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

თითოეულმა პირმა, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.

 

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ და არც თარჯიმანი მოუთხოვიათ. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდებობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ მოპასუხეებმა იციან ქართული ენა და მათთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რაზე აწერდნენ ხელს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - წერილობითი ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა ქართულ ენაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-49);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის” სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა და პროცენტის მსესხებელის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 114,93 აშშ დოლარისა, მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 30 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, მე-300, 301-ე, 115-ე, 316-ე, 361-ე, 416-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს თა------------მა შპს ,,მი----------------------------–-----------საგან” ისესხა 20000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, ყოველთვიური 2,35% სარგებლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. მსესხებელმა ასევე იკისრა ვალდებულება სრულად განეხორციელებინა სადაზღვევო შენატანები მოსარჩელე ორგანიზაციის მეშვეობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიოს გადახდა. გადასახდელი თანხების ოდენობა ასახულია გადახდის გრაფიკში.

 

ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს, სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი, კერძოდ, სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 01 იანვრის შემდგომ.

 

დადგენილია ასევე, რომ დღეისათვის დავალიანება შეადგენს 24637,50 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 17452,47 აშშ დოლარი, პროცენტი - 6253,71 აშშ დოლარი, დაზღვევა - 816,39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 114,93 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებიათ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის, პროცენტის, საკომისიოსა და დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნილი თანხა უნდა შემცირდეს 30 აშშ დოლარამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

ზემოთმითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 30 აშშ დოლარამდე და მოვალეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 30 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.2. სს ,,კრ----------ი” ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხა-----------მა, ელ--------------მა და ელ---------–---ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით.

 

მოპასუხეთა შესაგებელი ემყარებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მათ არ იცოდნენ, რას აწერდნენ ხელს, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს, საკომისიოს და სადაზღვევო შენატანის სახით არსებულ დავალიანებაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების, ასევე მის ფარგლებში დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა უძრავ ნივთზე (ს/კ 83.02.12.3--) დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული თა------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

ამდენად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის (დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად), სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 1833,15 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი იქნა 10 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 10 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ მოცემულ საქმეზე არ გამოუყენებია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს თა------------ს, ხა-----------ს, ელ--------------სა და ელ---------–---ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 24552,57 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 17452,47 აშშ დოლარი, სარგებელი - 6253,71 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 816,39 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 30 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული თა------------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, უძრავი ქონება მდებარე ქ. მა-------–-------------ს დასახლება, ს/კ 83.02.12.3--.

 

4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების თა------------ის, ხა-----------ის, ელ--------------ისა და ელ---------–---ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

5. მოპასუხეებს თა------------ს, ხა-----------ს, ელ--------------სა და ელ---------–---ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1833,15 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხეებს თა------------ს, ხა-----------ს, ელ--------------სა და ელ---------–---ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე