გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.08.2018
საქმის ნომერი
330310018002532055
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/4257-18

30 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი

მოსარჩელე - მ--------------ო

მოსარჩელის წარმომადგენელი - მ-------–---–---ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2-----ისის N1--------- გადაწყვეტილება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განაახლოს წარმოება 2018 წლის 2-----ისის N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოცემულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ნ-----იის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე მ--------------ო (M------------- დაბ.: 25.02.1--- წელს, ნ-----იაში, პასპორტის №A0-------) 2018 წლის 1-----ისს №1--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მ--------------უს განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე (ს.ფ. 50-53)

- მ--------------უს პასპორტი (ს.ფ.18)

 

3.1.2. მოსარჩელე მ--------------უ საქართველოში შემოვიდა 2018 წლის 2--------- (3-------თ.) სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - თბილისის აეროპორტის საშუალებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს. ფ. 64)

 

3.1.3. მოსარჩელე მ--------------უ 2018 წლის 2------------- საქართველოში იმყოფება დ------------------ ვიზის საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-დ------------------ მიერ გაცემული ვიზა (ს.ფ.20)

 

3.1.4 მოსარჩელე მ--------------უ არის ა(ა)იპ ნ------–-------------ტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარე სტუდენტი და ა(ა)იპ ნ------–---------------ტეტში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N4-- ბრძანების საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ა(ა)იპ ნ------–-------------ტეტის მიერ 2018 წლის 2-------ს გაცემული ცნობა (ს.ფ.21)

 

3.1.5 მოსარჩელე მ--------------უს ,,თი ბი სი“-ს პლასტიკურ ბარათებს. მის ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენს 5---.40 აშშ დოლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ,,თი ბი სი“ ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ს.ფ.56 )

 

3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 2--------- საკადრო შემოწმების მონაცემებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში მ--------------უს თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 2--------- საკადრო შემოწმების მონაცემები (ს.ფ. 65)

 

3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 2-----ისს №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა მ--------------უსთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2--------- №1---------/1 წერილი (ს. ფ. 66)

 

3.1.8. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 1-----–-სის SSG 5 1---------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის N1--------- საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 1-----–-სის SSG 5 1---------- წერილი (ს.ფ.67)

 

3.1.9. მოსარჩელე მ--------------ომ 2018 წლის 1-----ისს N1--------- განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. მოსარჩელეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, გამოვლინდა რომ მ--------------ოს არ წარმოუდგენია ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებულ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2--------- N1---------/7 წერილით მ--------------უს მისი 2018 წლის 1-----ისის N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.

მოსარჩელე მ--------------ოს 2018 წლის 2--------- N1---------/7 წერილით დაუდგინდა ხარვეზი. მოსარჩელეს დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 2-----ისამდე. დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.0-.2018 წლის №1---------/7 წერილი გამოქვეყნდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე. ასევე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუ არ შეავსებდა დადგენილ ხარვეზს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2--------- N1---------/7 წერილი (ს.ფ.22)

 

3.1.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N1000-1---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ--------------ოს 2018 წლის 1-----ისის N1000-1---- განცხადება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებით. მ--------------ოს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადეს 2018 წლის 2------სიდან 2018 წლის 1-----–-სამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N100-1---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-26)

 

3.1.11. დადგენილია, რომ მოსარჩელეს განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია არ წარუდგენია, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 1-----–-სის №117 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ივლისის №----- ბრძანების თანახმად განუხილველად დარჩა 2018 წლის 2-----ისის N1--------- განცხადება, მ--------------ოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2-----ისის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-24)

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--------------ოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ”კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2-----ისის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც მ--------------ოს განცხადება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, პარულ კუმარ ჯაისვალის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის მუხედვით ბინადრობის ნებართვა სასწავლო ნებართვის მიზნით, გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანამხად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 1-----ისს მ--------------ომ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მ--------------ოს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.

 

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, მ--------------ოს დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 2-----ისამდე.

 

განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge -ზე განთავსება.

 

კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილი მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

 

მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სასწავლო ბინადრობის მოპოვების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ადგენს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-6 მუხლი. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინაიდან ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ მ--------------ომ არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 2-----ისს მიიღო კანონშესაბამისი N1--------- გადაწყვეტილება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2-----ისის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც - მერ ენ ოვუნოს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადაიხდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი