გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/920-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - მ-----–-----–---–-
წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ---------–-------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ---------------------
მესამე პირები (16.2) - ნ--------–---–-, გ-----------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის №------ ოქმი (სამართალდარღვევის თაობაზე);
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 06 ოქტომბრის შემოწმების აქტი (დაზუსტებული მოთხოვნა; იხ. 02.04.18 წლის განცხადება, ს.ფ. 54-55);
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება ,,მ-----–-----–---–-ს წარმომადგენლის ნ--------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის კონკრეტული მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირებს - ნ--------–---–ს და გ-----------–---–სწერილობითი ფორმით შესაგებელი მ-----–-----–---–-ს სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირებმა კი სარჩელს მხარი დაუჭირეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ. თბილისში, კ------------–---------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №-----------------------, (მე-2 სართული -46 კვ.მ.), 2006 წლის 29 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ-----–-----–---–-ს, ნ--------–---–-ს და გ-----------–---–-ს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1154.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 4, შენობა-ნაგებობები: №1-და №14-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.07.2016 (ს.ფ. 143-144).
4.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----–-----–---–-ს მიმართ 2016 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, კ------------–---------ში, მ-----–-----–---–-ს მიერ განხორციელებულია არსებული შენობის მეორე სართულზე მოქალაქეების, მ-----–-----–---–-ს, ნ--------–---–-ს და გ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული ფართის წინ მდებარე ღია აივანზე კაპიტალური კედლების, ფანჯრებისა და მცირე ზომის ფანჯრების მოწყობა. ასევე განხორციელებულია კაპიტალური მიშენება, რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი, დამატებულია საკომუნიკაციო მილები.
ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ-----–-----–---–ს დაევალა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის მოყვანა საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის მითითება №------ (131-132).
4.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 06 სექტემბრის №------- და №------- ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა ნ--------–---–-ს, გ-----------–---–-ს და მ-----–-----–---–-ს №--------- და №--------- განცხადებები და უარი ეთქვათ ქ. თბილისში, დიდუბეში, კ------------–------------ში, მათ პირად საკუთრებაში არსებულ №----------------------- უძრავ ქონებაზე უნებართვოდ მოწყობილის შენობის ნაწილებისა და უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ სალეგალიზაციოდ წარმოდგენილმა ობიექტმა, დღეის მდგომარეობით არსებული იერსახე მიიღო 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ, სახელდობრ ფანჯრების შეცვლიდან გასული იყო 2-3 წელი და შესაბამისად არ დასტურდებოდა მშენებლობის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით ნამდვილად 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყება, ნამდვილად 2007 წლამდე დასრულება და დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 06 სექტემბრის №------- ბრძანება (ს.ფ. 123-126);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 06 სექტემბრის №------- ბრძანება (ს.ფ. 127-130).
4.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 06 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----–-----–---–-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 27 ივნისის №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 06 ოქტომბრის შემოწმების აქტი №------ (ს.ფ. 112-113).
4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 06 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, მ-----–-----–---–- დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, კ------------–---------ში (ს/კ: №-----------------------) არსებული შენობის უნებართვოდ რეკონსტრუქციისთვის (არსებული შენობის მეორე სართულზე განხორციელდა ღია აივანზე კაპიტალური კედლების, ფანჯრების და მცირე ზომის ფანჯრების მოწყობა, ასევე კაპიტალური მიშენება, რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი, დამატებულია საკომუნიკაციო მილები). ამავე დადგენილებით მ-----–-----–---–ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების (არსებული შენობის მეორე სართულის ღია აივანზე მოწყობილი კაპიტალური კედლების, ფანჯრების, მცირე ზომის ფანჯრების, კაპიტალური მიშენების - რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი, ასევე დამატებულია საკომუნიკაციო მილები) დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ს.ფ. 95-98).
4.1.6. 2017 წლის 14 თებერვალს მ-----–-----–---–მა №---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანებით მ-----–-----–---–-ს წარმომადგენლის - ნ--------–---–-ს 2017 წლის 14 თებერვლის №---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-----–-----–---–-ს 2017 წლის 14 თებერვლის №---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 93-94);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება ,,მ-----–-----–---–-ს წარმომადგენლის ნ--------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ს.ფ. 86-92).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც მ-----–-----–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება ,,მ-----–-----–---–-ს წარმომადგენლის ნ--------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის №------ ოქმი (სამართალდარღვევის თაობაზე) ანუ მითითება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 06 ოქტომბრის შემოწმების აქტი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, რის გამოც სასამართლო მათზე დამოუკიდებლად არ იმსჯელებს, თუმცა რადგან საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-15 პუნქტში მითითებულია, რომ მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად, ხოლო შემოწმების აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იღებს დადგენილებას (25.9 მუხლი), ისინი ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილს წარმოადგენენ, მათი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
7.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ-----–-----–---–-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, კ------------–---------ში (ს/კ: №-----------------------) არსებული შენობის უნებართვოდ რეკონსტრუქციისთვის (არსებული შენობის მეორე სართულზე განხორციელდა ღია აივანზე კაპიტალური კედლების, ფანჯრების და მცირე ზომის ფანჯრების მოწყობა, ასევე კაპიტალური მიშენება, რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი, დამატებულია საკომუნიკაციო მილები). ამავე დადგენილებით დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების (არსებული შენობის მეორე სართულის ღია აივანზე მოწყობილი კაპიტალური კედლების, ფანჯრების, მცირე ზომის ფანჯრების, კაპიტალური მიშენების - რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი, ასევე დამატებულია საკომუნიკაციო მილები) დემონტაჟი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ - ობიექტი) არის - ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.
მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევად არის მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები(მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.
ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მ-----–-----–---–-ს მიმართ, 2016 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, კ------------–---------ში, მ-----–-----–---–-ს მიერ განხორციელებულია არსებული შენობის მეორე სართულზე მოქალაქეების, მ-----–-----–---–-ს, ნ--------–---–-ს და გ-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული ფართის წინ მდებარე ღია აივანზე კაპიტალური კედლების, ფანჯრებისა და მცირე ზომის ფანჯრების მოწყობა. ასევე განხორციელებულია კაპიტალური მიშენება, რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი, დამატებულია საკომუნიკაციო მილები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ-----–-----–---–ს დაევალა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის მოყვანა საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 06 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----–-----–---–-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 27 ივნისის №------ მითითების პირობები, რის გამოც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კანონით დადგენილ 2 თვიან ვადაში გამოიცა დადგენილება მ-----–-----–---–-ს დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ.
მოსარჩელის მოსაზრებით (იხ.სარჩელი), არ არსებობდა სადავო აქტების გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რადგან მითითებული მიშენება მის მიერ განხორციელებული იქნა იმ დროს, როდესაც მოქმედებდა „არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავდა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობასა და პასუხისმგებლობას, ხოლო საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დეტალიზებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის და პროექტის შეთანხმების პირობები. საქმის განხილის დროს კი მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა ზემოაღნიშნული დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სადავო მიშენებისთვის არ იყო აუცილებელი მშენებლობის ახალი ნებართვა, რადგან მიშენების ფართი მხოლოდ 1 მ2-ს წარმოადგენს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ მის მიერ მიშენება განხორციელებული იქნა 2003 წელს, რის დასტურადაც მიუთითა 2006 წლის ორთოფოტოზე (ს.ფ. 259). მოწმედ დაკითხულმა მარინა ნებიერიძემ განმარტა, რომ მიშენება მოსარჩელემ დაიწყო და დაასრულა 2002 წელს, ხოლო მოწმე თამარ პაპავას განმარტებით აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებლად გადმოვიდა 2005 წელს და სადავო ფართი უკვე მიშენებული იყო.
ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ შეაფასოს მოპასუხეთა მიერ გამოცემული სადავო აქტების კანონიერების საკითხი, მნიშვნელოვანია დადგინდეს 2002-2006 წლებში ნებართვის გარეშე შესაძლებელი იყო თუ სადავო ფართის მიშენება, რისთვისაც სასამართლო მოიხმობს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 20 დეკემბრის N72 ბრძანებას მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ (რომელიც გამოცემული იქნა „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე) და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილებას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.
„მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 20 დეკემბრის N72 ბრძანების პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ: 1. ეს წესი დამუშავებულია საქართველოს კანონების ”არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“, ”სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ და ”არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საფუძველზე და განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემასთან.
2. წესში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის.
3. მშენებლობის ნებართვას გასცემს ადგილობრივი არქიტექტურული სამსახური, არქმშენინსპექციიდან მშენებლობის წარმოებაზე ნებართვის მიღების შემდეგ.
4. მშენებლობის ნებართვა სავალდებულოა ყველა იმ შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის, მათ შორის, მიშენების, დაშენებისა და დანერგვის (დაშლის) სამუშაოების განხორციელებისათვის, რაზედაც საჭიროა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.
5. მშენებლობის ნებართვა სავალდებულო არ არის იმ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის განხორციელებაზე, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია №5 დანართში.
დანართი N5ის მიხედვით, კი მშენებლობის ნებართვა სავალდებული არ იყო შემდეგი შენობა-ნაგებობებისთვის: 1. ქალაქების ტერიტორიების ფარგლებს გარეთ არსებულ დასახლებებსა და სოფლებში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებულ საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე დამხმარე და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა აშენებაზე, გარდა კაპიტალური გარაჟებისა.
2. საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სასმელი და ცხელი წყლის დანადგარების მოწყობაზე.
3. 2.20 მეტრამდე ასაგები ღობეების აშენებაზე, თუ ისინი არ გამოდიან დასახლებათა ძირითად ქუჩებზე.
4. სასოფლო-სამეურნეო, სატყეო მეურნეობისა და საბაღე ნაკვეთების შემოღობვაზე.
5. შენობა-ნაგებობების შიგნით, არამზიდი სამშენებლო ელემენტების მოწყობაზე ან მათ გადაადგილებაზე.
6. სასოფლო-სამეურნეო, სატყეო მეურნეობისა და საბაღე დანიშნულების ნაგებობათა აშენებაზე, რომელთა სიმაღლე ნაგებობების გადახურვის კეხამდე არ აღემატება 4 მეტრს.
7. სათბურების მშენებლობაზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 4 მეტრს.
8. სასაფლაოებზე ასაგებ ძეგლებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 3 მეტრს.
9. იმ ნაგებობათა მშენებლობაზე, რომლებიც გათვალისწინებულია ბაღების, პარკების, სპორტული და სათამაშო მოედნების მოსაწყობად და როგორიცაა – გადახურული ხეივნები, კედლები მშრალი წყობით და სხვ.
10. სავაჭრო პავილიონებისა და ავტომატების დადგმაზე.
11. საგამოფენო მოედნების, დროებითი საკონცერტო ნაგებობებისა და მსუბუქი ავტომობილების ღია სადგომების მშენებლობაზე.
12. იმ დროებით ნაგებობათა მშენებლობაზე, რომლებიც დაკავშირებულია მოკლე პერიოდში გათვალისწინებული სახალხო დღესასწაულებისა და ბაზრობების ჩასატარებლად.
13. სარეკლამო კონსტრუქციების მოწყობაზე, რომელთა ფართობი არ აღემატება 0.5 მ2.
14. დროებითი სარეკლამო კონტრუქციების მოწყობაზე, მხოლოდ დროებითი ღონისძიების განხორციელების პერიოდში.
15. არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაზე და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარაჩოების, დროებითი საფეხმავლო გასასვლელებისა და სხვა მარტივი კონსტრუქციების მოწყობაზე.
16. იმ შენობებისა და ნაგებობების დანგრევის (აღების) სამუშაოთა განხორციელებაზე, რომელთა სამშენებლო მოცულობა არ აღემატება 300 მ3.
ამდენად, ცალსახაა, რომ მ-----–-----–---–- მიერ განხორციელებული მიშენება არ შედის ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის მიერ მიშენება განხორციელებული იქნა 2002-2003 წლებში, საჭიროებდა მშენებლობის ნაბართვას. ამასთან, თუ სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებილი მოსარჩელისა და მოწმეების განმარტებები და დაეყრდნობა, სარჩელში მითითებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მიშენება მოხდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების მოქმედების პერიოდში, რისთვისაც ასევე მოიშველიებს 2006 წლის ორთოფოტოსაც, სასამართლო მიიჩნევს სადავო ფართის მიშენებისთვის მოსარჩელს ამ დადგენილების შესაბამისადაც სჭირდებოდა ნებართვა, რადგან მართალია, მითითებული დადგენილების მე-60 მუხლი (2008 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით) I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის არ აწესებდა ნებართვის მიღების აუცილებლობას, თუმცა მნიშვნელოვანის ის გარემოება, რომ მ-----–-----–---–-ს მიერ განხორციელებული მიშენება არ ექცევა ამავე დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ I კლასის შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობებს წარმოადგენდნენ: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე მოშენების ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) 5 მ-მდე სიგრძის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის მქონე შენობა-ნაგებობა; ე) 1.2 მ-მდე სიგრძის ხის ან ლითონის კონსოლის მქონე შენობა-ნაგებობა; ვ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი).
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადავო მიშენებისთვის არ იყო აუცილებელი მშენებლობის ახალი ნებართვა და განუმარტავს მხარეს, რომ მითითებული მუხლი, გულისხმობს მშენებლობის მიმდინარეობისას თითოეული სართულის მოშენების ფართობის 1მ2 სიზუსტით შეცვლის შემთხვევაში ახალი ნებართვის აღებას არასავალდებულოობას, რაც ბუნებრივია მოიაზრებს უკვე დასრულებულ ან/და ექსპლოატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე 1მ2 ფართის მქონე მიშენებების უნებართვოდ განხორციელებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–-----–---–-ს მიერ განხორციელებული იქნა უნებართვო მშენებლობა, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის ბს-126-125(კ-12) გადაწყვეტილება). შესაბამისად ცალსახაა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოვლენისას და სადავო აქტის გამოცემისას იგი წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ-----–-----–---–-ს დაჯარიმების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მ-----–-----–---–-ს წარმომადგენელს - ნ--------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
7.7. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს მ-----–-----–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მ-----–-----–---–-ს სარჩელზე ნ--------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–-----–---–-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფ ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი