განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
160100117001953990
დავის ტიპი
143 (1) 3 დ , 143 (1) 3 ა
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100117001953990

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/129-17 10 ივლისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031280417001)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, თამთა ჩულუხიძე

დიანა ქოჩორაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ვალერიან ასპანიძე, ომარ მურადასილოვი

 

ბრალდებული: რ---- რ-------ი

მამის სახელი: რაფიკ

დაბადებული: 1988 წლის 13 დეკემბერი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი თაქალო

 

ბრალდებული: გ------- ზ-----–---ი

მამის სახელი: ზახიდ

დაბადებული: 1996 წლის 1 იანვარი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი თაქალო

 

თარჯიმანი: ნაილი იბრ-------ა, სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,, დ“ ქვეპუნქტები.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1 რ---- რ-------ს და გ------- ზ-----–---ს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში არსებული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ---- რ-------მა გ------- ზ-----–---თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელში აყვანის და ავტომანქანაში ჩასმის გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან ზ------- მ-----------ას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ---- რ-------ის და გ------- ზ-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. საქმის მასალების თანახმად დადგენილი, რომ ზ------- მ-----------ა დაბადებულია 1999 წლის 12 ივნისს და ბრალდებულთათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულთათვის ცნობილი იყო ზ------- მ-----------ას ასაკის შესახებ.

 

რ---- რ-------ს და გ------- ზ-----–---ს ედავებიან თავისუფლების აღკვეთაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი შეთანხმებულად წავიდნენ ზ------- მ-----------ასთან შესახვედრად, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა, რომ რ---- რ-------მა და გ------- ზ-----–---მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს ზ------- მ-----------ას თავისუფლების უკანონო აღკვეთა. აღნიშნული გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ზ------- მ-----------ა (ზ------- რ-------ა). მან უარი განაცხადა რ---- რ-------ის (მეუღლე, ახლო ნათესავი) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება გ------- ზეინალოთან მიმართებას დაზარალებულმა განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს მიდიოდა სკოლაში, გზაში შეხვდა თანაკლასელს სევილ მ--------ას. მათ მიუახლოვდათ მანქანა, მას შეეშინდა, რადგან გარდა რ---- რ-------ისა იგი სოფელში სხვასაც უყვარდა და იფიქრა არ მოეტაცებინათ. ავტომანქანა გაჩერდა მათგან დაახლოებით 3-4 მეტრში. ზ------- მ-----------ამ განმარტა, რომ მას ზურგში მოკიდეს ხელი, შეეშინდა და იყვირა, იყვირა მისმა მეგობარმაც. გაქცევას ცდილობდა რის გამოც ფეხი მოსაცმელში ჩაყვა და წაიქცა. ადგომის შემდეგ მან დაინახა რ---- რ-------ი. გ------- ზ-----–---ი მას არ შეხებია. როდესაც წაიქცა მას გუმგატ ზ-----–---ი დაეხმარა ადგომაში. დაზარალებულმა ზ------- მ-----------ამ განმარტა, რომ მანქანაში ჩაჯდა თავად. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გამოქვეყნდა დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, კერძოდ 2017 წლის 29 აპრილი და ამავე წლის 1 მაისი ჩვენებები. სახელმწიფო ბრალმდებლის შეკითხვაზე თუ რით იყო გამოწვეული ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა დაზარალებულმა განმარტა, რომ ჩვენებებში მითითებული გარემოებები მას არ ახსოვდა.

 

სევილ მ--------ამ დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს 8:45 საათზე გამოვიდა სახლიდან, დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით შეხვდა კლასელს ზ------- მ-----------ას და გაემართნენ სკოლის მიმართულებით. მათ შენიშნეს რ---- რ-------ის ,,ფორდ ტრანზიტი“, რომელიც მობრუნდა მათკენ, გაჩერდა და გადმოვიდა რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი. სევილ მ--------ამ განმარტა, რომ ამ დროს მარჯვნივ მის უკან მოდიოდა ზ------- მ-----------ა, რომელიც რ---- რაიმოვის და გ------- ზ-----–---ის დანახვისას გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, სწრაფი ნაბიჯით, გადასვლისას წაიქცა, სავარაუდოდ ფეხი დაადგა გრძელ მოსაცმელს. რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი წავიდნენ მისი მიმართულებით, თავიდან და ფეხებიდან აიყვანეს და მანქანაში ჩასვეს, სანამ მანქანამდე მოიყვანდნენ ზ------- მ-----------ა იყო მშვიდად, მხოლოდ დაცემისას დაიყვირა დედაო. სევილ მ--------ამ განმარტა, რომ მას სურდა დახმარება, თუმცა ძალა არ ეყო, იგი ცდილობდა რ---- რ-------ის და გ------- ზ-----–---ის გამოწევას წაქცეული ზ------- მ-----------ასგან, თუმცა ვერ შეძლო. მას სურდა ზ------- მ-----------ას დახმარებოდა წამოდგომაში. სევილმ მ--------ამ განმარტა, რომ მან სკოლაში მისვლისას ნახე იალჩუ ახმედოვი, შემთხვევით შეხვდა და უთხრა, რომ ზ------- მ-----------ას მშობლებისათვის შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ. მოწმემ დაადასურა, რომ იალჩუ ახმედოვს მან განუმარტა, რომ ზ------- მ-----------ა მოიტაცეს, რადგან გზიდან,რომ წაიყვანეს ყველა ასე იფიქრებდა.

 

სასამართლო სხდომაზე სატტარხან მ--------მა განმარტა, რომ რ---- რ-------ი არის მისი მეგობარი, მივიდა მასთან და უთხრა, რომ მას და ზ------- მ-----------ას უყვარდათ ერთმანეთი. ასევე მისთვის ცნობილი იყო, რომ სოფელში ზ------- მ-----------ა უყვარდათ სხვებსაც, სათხოვნელადაც იყვნენ მისულები. მას რ---- რ-------მა უთხრა, რომ გოგო თანახმა იყო, ხოლო მისი მშობლები ითხოვდნენ ჯერ სკოლა დაემთავრებინა. ბოლოს რ---- რ-------მა მას უთხრა, რომ ზ------- მ-----------ა გათხოვებაზე იყო თანახმა და მათ მოტაცების სცენა უნდა გაეთამაშებინათ. ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტით“ წავიდნენ რ---- რ-------ი, გ------- ზ-----–---ი და თავად. სატტარხან მ--------მა დაადასტურა, რომ მართავდა საჭეს, რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი კი ისხდნენ მასთან ერთდ წინა სავარძლებზე. შემდეგ დაინახეს, რომ გოგო მოდიოდა და გააჩერეს მანქანა. სატტარხან მ--------მა განმარტა, რომ ავტომანქანიდან ჩავიდა ჯერ გ------- ზეინლოვი, ხოლო შემდეგ რ---- რ-------ი. მანქანა გოგოსგან 2-3 მეტრით იქნებოდა დაშორებული. მოწმემ ჩვენებაში რამოდენიმეჯერ დაადასტურა, რომ გოგოს მოტაცებაზე რ---- რ-------ისათვის ჰქონდა თანხმობა ნათქვამი, მათ კი ისე გაითამაშეს, რომ სოფელს და იმ ადამიანებს, ვინც გოგოსთან ერთად იყვნენ მოტაცების შთაბეჭდილება დარჩენოდათ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას იოლჩუ ახმედოვის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს სკოლის სამეურნეო განყოფილებაში. 2017 წლის 28 აპრილს იჯდა სკოლის წინ მაგიდასთნ, სადაც მივიდა ერთი გოგო და თქვა - გოგო მოიტაცესო. მან განმარტა, რომ ეს ნათვამი შესაძლოა სხვებსაც გაეგოთ, რაც შეეხება გოგონას ემოციას მოწმის განმარტებით არ ახსოვდა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ალიმა ქერიმოვამ განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს მიდიოდა სკოლაში, რა დროსაც გაიგონა ყვირის ხმა, როდესაც იკითხა თუ რა ხდებოდა უთხრეს, რომ მოიტაცეს ზ------- მ-----------ა. სევილ მ--------ასაგან გახდა მისთვის ცნობილი, რომ მოიტაცეს ზ------- მ-----------ა. სევილ მ--------ა კი იყო შეშინებული, ტიროდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ პირადად მას მოტაცების ფაქტი არ დაუნახავს.

ლაიმა მ--------ამ განმარტა, რომ არის ალიმა ქერიმოვას დედა, სკოლაში მუშაობს მასწავლებლად. იმყოფებოდა სამასწავლებლოში, როდესაც მასთნ მივიდა სევილ მ--------ა და უთხრა, რომ მოიტაცეს ზ------- მ-----------ა. ლამია მ--------ამ განმარტა, რომ მან აღნიშნული შეატყობინა სკოლის დირექტორსაც. ზ------- მ-----------ასთნ დაკავშირებით კი განმარტა, რომ არის კარგი მოსწავლე, მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ------- მ-----------ას და რ---- რ-------ს უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ასევე იცოდა, რომ სკოლის დამთავრებამდე ზ------- მ-----------ას ოჯახი წინააღმდეგი იყო მისი გათხოვებისა.

 

სასამართლო სხდმაზე დაიკითხა მაყვალა მენთეშაშვილი. მან განმარტა, რომ მუშაობს სკოლაში დამხმარე პედაგოგად. 2017 წლის 28 აპრილს სკოლაში იყო ხმაური, რა დროსაც შემოვიდა ლამია მ--------ა, ქართულის მასწავლებელი და თქვა, რომ ზ------- მ-----------ა მოიტაცეს. დაადასტურა, რომ თავად არაფერი დაუნახავს, ფაქტის შესახებ ჰკითხა ლამია მ--------ას შვილს, რომელმაც უთხრა, რომ შეესწრო ფაქტს. მან განმარტა, რომ ბავშვები იყვნნ შეშინებულები, რათა თავადაც არ მოეტაცათ. მოწმის განმარტებით სკოლაშ მუშაობს სამი წელია, ზ------- მ-----------ას და რ---- რ-------ის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

სასამართლოში ასევე დაიკითხა სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი. მან განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს მისთვის ბავშვებისგან ცნობილი გახდა, რომ მოიტაცეს ზ------- მ-----------ა. ასევე უთხრეს, რომ წაიყვანა ბიჭმა სახელად რ----ი და მას ასევე ახლდა ორი ბიჭიც. ჰუსეინ ჰუსეინოვმა ასევე განმარტა, რომ სკოლაში მოსვლის შემდეგ მას ზ------- მ-----------ამ განუცხადა, რომ რ---- რ-------ს ცოლად გაჰყვა ნებით.

 

დაკითხვისას რ---- რ-------ის მამამ რაფიკ რ-------მა განმარტა, რომ გოგოსთან ხელის სათხოვნელად იმყოფებოდა 5-6-ჯერ. დაადასტურა, რომ გოგოს ოჯახს უარი არ უთქვამს, ვერ თანხმდებოდნენ დროზე. გოგოს ოჯახს სურდა ზ------- მ-----------ას სკოლა დაემთავრებინა, ატესტატი აეღო, ხოლო მათ კი მალე სურდათ დაქორწინება. რაფიკ რ-------მა დაადასტურა, რომ რ---- რ-------ი და ზ------- მ-----------ა ხვდებოდნენ ერთმანეთს, ასევე განმარტა, რომ გოგო მათ სახლში არ იყო ნამყოფი, რადგან ეს მათთან არ არის მიღებული.

 

გ------- ზ-----–---ის მამამ ზახიდ ზ-----–---მა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ იმყოფებოდა აზერბაიჯანში, როდესაც დაბრუნდა მას უთხრეს, რომ გოგო მოიტაცეს. ერთი საათის შემდეგ კი პოლიცია მოვიდა და წაიყვანა. მან დაადასტურა, რომ გოგოს ელაპარაკა თავად, რომელმაც განუმარტა, რომ ნებით გაჰყვა რ---- რ-------ს, რადგან უყვარდათ ერთმანეთი და ხვდებოდნენ. ასევე განმარტა, რომ იცნობს გოგოს მამასაც, მისი ნათესავია, ელაპარაკა და მან დაადასურა, რომ გოგოს ხელის სათხოვნელად იყვნენ მისულები, მათ ერთმანეთი უყვარდათ, მას კი სურდა ჯერ სწავლა დაესრულებინა.

 

თამარა მ--------ამ განმარტა, რომ მ-----------ების ოჯახი ცხოვრობს მის მეზობლად. გატაცების ფაქტს არ შესწრებია იმყოფებოდა სახლში. მისთვის ცნობილი იყო, რომ 5-6-ჯერ იყო ბიჭის ოჯახი მ-----------ებთან გოგოს ხელის სათხოვნელად, თუმცა გოგოს ოჯახს სურდა ზ------- მ-----------ას ჯერ სკოლა დაესრულებინა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულ ზ------- მ-----------ას და გიულგიუნ მ-----------ა. მან დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ-------ს და რ---- რ-------ის სიყვარულის შესახებ. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თბილისში, რადგან სწავლობდა. დილით 10:00 საათისათვის კი მას მამამ დაურეკა და უთხრა, რომ მისი და მოიტაცეს. გიულგიუნ მ-----------ამ განმარტა, რომ მან იცოდა დის გრძნობების შესახებ და მამა დააწყნარა.

 

მოწმის სახით სასამართლოში დაიკითხა მახლუგა გულუზადე. მან განმარტა, რომ რ---- რ-------ი არის მისი სიძე. გ------- ზ-----–---ი თანასოფლელი. მოწმემ დაადასტურა, რომ სიძის მშობლები არაერთხელ იყვნენ გოგოს სათხოვნელად მისულები, თუმცა მათ სურდათ, რომ ზ------- მ-----------ას სკოლა დაემთავრებინა და შემდეგ მიათხოვებდნენ. მოწმის განმარტებით მათ არ იცოდნენ ზ-------ს გრძნობების შესახებ.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა დაზარალებულის მამა ბორის მ-----------ი. მან განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ------- მოიტაცეს. მივიდა სკოლაში, სადაც ასევე მოვიდა პოლიციაც. მას ზ------- მ-----------ამ განუცხადა, რომ ნებით გაყვა რ---- რ-------ს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რ---- რ-------ის მშობლები ძალიან ბევრჯერ იყვნენ მასთან მისულები გოგოს ხელის სათხოვნელად, თუმცა არ ატანდა, რადგან ჯერ ქორწილის საშუალება არ ჰქონდა.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა დაზარალებულის ბებია ზ------- მ-----------ა, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფებოდა პოლიციაში შვილიშვილის მოტაცებასთან დაკავშირებით, იქ კი გოგომ განაცხადა, რომ რ---- რ-------ს გაყვა ნებით.

 

მოწმის სახით დაკითხვისას აჯარ გრაჯოვამ განაცხად, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ აღმამდელოში, მეუღლესთან სამირ ასკეროვთან და დედამთილთან ერთად. მან დაადასტურა, რომ რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი მათთან მივიდნენ გოგოსთან ერთად, ხელჩაკიდებულნი, დარჩნენ მათთან საღამომდე ივახშმეს იცინეს, ღამით კი დარჩნენ მისი მამის სახლში, რადგან თავად არ ჰქონდათ ადგილი. ასევე განმარტა, რომ პოლიციის მოსვლისას იმყოფებოდა სახლში ბავშვთან, გ------- ზ-----–---ი და რ---- რ-------ი კი გოგოსთან ერთად გაიქცნენ. აჯარ გრაჯოვამ განმარტა, რომ მისთვის უცნობია თუ რატომ გაიქცნენ სტუმრები. ასევე დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისას მასზე არსებული ხელმოწერა.

 

2017 წლის 29 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმის თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ზ------- მ-----------ას ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ზ------- მ-----------ას მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილენი გაემგზავრნენ მარნეულის რაიონის სოფელ აღმამდელოს მიმართულებით. ზ------- მ--------ას მითითებით მივიდნენ აჯარ გრაჯოვას საცხოვრებელ სახლთან, სადაც ზ------- მ-----------ას გადმოცემით მიიყვანა თავდაპირველად რ---- რ-------მა. ასევე მოწმემ განმარტა, რომ ღამე გაათენეს აჯარ გრაჯოვას მშობლების სახლში, საიდანაც მისივე მითითებით ამოღებულ იქნა ერთი წყვილი წითელი ფერის ქალის საცვალი, ერთი წყვილი თეთრი ფერის წინდები, ერთი შავი ფერის ქალის ჯემპრი და ლოგინის ზეწარი მოწითალო ლაქებით. ზ------- მ-----------ას განცხადებით მან რ---- რ-------თან მისივე თანხმობით აღნიშნულ სახლში დაამყარა სქესობრივი კავშირი. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ნანული გოგიანი თარჯიმანი, ექსპერტები: ალექსი ქუქჩიშვილი, დავით გოცაძე და სახლის მეპატრონე აჯარ გრაჯოვა.

 

2017 წლის 1 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ ზ------- მ-----------ას ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ ზ------- მ-----------ა, გ------- ზ-----–---ი, სევილ მ--------ა, სატტარხან მ--------ი, ექსპერტები ლაშა მენაბდე, მიშიკო მალასიძე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შედგენილ იქნა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ეკა მჭედლიანის მიერ. ზ------- მ-----------ას მიერ მითითებულ იქნა ადგილი სადაც შეხვდა სევილ მ--------ას, ასევე ადგილი სადაც დაინახეს მიკრო-ავტობუსი. ზ------- მ-----------ამ განმარტა, რომ ვერ იცნო ავტომანქანიდან გადმოსული პირები, შეეშინდა, გაიქცა, რა დროსაც წაიქცა. ასევე ზ------- მ-----------ამ განმარტა, რომ მიკროავტობუსიდან გადმოსული პიროვნებები წავიდნენ მისი მიმართულებით, ორივემ მხრებში მოკიდა ხელი, წამოაყენეს და წაიყვანეს ავტომანქანის მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ ის დაიბნა და წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღნიშნულის შემდეგ კი მიკროავტობუსით გაემართნენ მარნეულის რაიონის სოფელ აღმამდელოს მიმართულებით.

 

ეკა მჭედლიანმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. დაადასტურა, რომ მოწმის სახით გამოკითხა ზ------- მ-----------ა, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გამოიტანა დადგენილება ზ------- მ-----------ას დაზარალებულად ცნობის შესახებ და გამოკითხა დაზარალებულის სახით.

 

ლაშა მენაბდემ განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. 2017 წლის პირველ მაისს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. დაზარალებული იძლეოდა განმარტებას, თუ სად მოხდა შემთხვევა, უთითებდა გზის სავალ ნაწილზე, გზა იყო კაჩაგანთან, წითელი ხიდისკენ მიმავალი.

 

ოსმან ბაბანლიმ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩართული იყო საგამოძიებო ჯგუფში, დადგენილებები გააცნო ბრალდებულებს, ასევე განუმარტა უფლებები და დაცვის მხარეს გადასცა მტკიცებულებები.

 

მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები ილგარ ახმედოვი, იალჩინ ნაჯაფოვი და რომან ბოლქვაზე. მათ დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის არ აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეზღუდოს იგი. ობიექტურ მხრივ თავისუფლების აღკვეთა ძირითადად გამოიხატება მოქმედებაში. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებასთან. როდესაც მას წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს დაზარალებულ ზ------- მ-----------ას ჩვენება, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. ზ------- მ-----------ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის, რ---- რ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ასევე განმარტა, რომ მას მანქანის დანახვის შეეშინდა, რადგან მისთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იმყოფებოდა ავტომანქანაში, ამიტომ გაიქცა, გაქცევისას ფეხი წამოკრა მოსაცმელს და წაიქცა, გ------- ზ-----–---ი დაეხმარა ადგომაში, ასევე ზ------- მ-----------ამ განმარტა, რომ ავტომანქანაში ჩაჯდა თავად. აღნიშნული ფაქტის შემსწრე მოწმეებმა სატტარხან მ--------მა და სევილ მ--------მა ასევე მისცეს სასამართლოში ჩვენებები. სევილ მ--------ას ჩვენება წინააღმდეგობაშია ზ------- მ-----------ას ჩვენების იმ ნაწილთან სადაც დაზარალებული განმარტავს, რომ თავად ჩაჯდა მიკროავტობუსში, ხოლო სევილ მ--------ამ განმარტა, რომ ზ------- მ-----------ა რახინ რ-------მა და გ------- ზ-----–---მა თავის და ფეხებში ხელის მოკიდების საშუალებით მოათავსეს მიკროავტობუსში. რაც შეეხება სატარხამნ მ--------ს მან განმარტა, რომ რ---- რ-------ისაგან იცოდა, რომ ზ------- მ-----------ასთნ იყო შეთანხმებული და მათ უნდა გაეთამაშებინათ მოტაცების სცენა. დაადასტურა, რომ თავად მართავდა მიკროავტობუსს.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეებს, არ ერთი მათგანი არ ყოფილა შემსწრე მომხდარი ფაქტისა, თითოეული მათგანი გადმოსცემს სევილ მ--------ას მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

 

სასამართლომ შეაფასა დაზარალებულ ზ------- მ-----------ას, სევილ მ--------ას და სატტარხან მ--------ის ჩვენებები. მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს უნდა იყოს უტყუარი. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავსურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორისდა სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში კი ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეების: სევილ მ--------ას და სატტარხან მ--------ს, დაზარალებულ ზ------- მ-----------ს ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, შეუსაბამო და განსხვავებულად აღწერენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას, კერძოდ დაზარალებულის მიკრო-ავტობუსში მოხვედრის ფაქტს. გარდა ამისა, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ასევე წინააღმდეგობაშია მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან. შესაბამისად სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს, როგორც უტყუარ მტკიცებულებებს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია რ---- რ-------ის და გ------- ზ-----–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ რ---- რ-------ის და გ------- ზ-----–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ რ---- რ-------ი და გ------- ზ-----–---ი უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული რ---- რ-------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,, დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

რ---- რ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

რ---- რ-------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ბრალდებული გ------- ზ-----–---ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,, დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ------- ზ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გ------- ზ-----–---ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ზ------- მ-----------ას საცვალი, წინდები, ჯემპრი და ზეწარი დაუბრუნდეს ზ------- მ-----------ას.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე