გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24238-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - გი--–- არ---------
წარმომადგენელი - გი------------ძე
მოპასუხეები - თ-- ხვ-----–---, სპ------კ ხვ-----–---
წარმომადგენელი - თი----------------–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ-- ხვ-----–---ს, გი--–- არ---------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 6000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, განხორციელდეს სპ------კ ხ------–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, გლ-------------, I-------------------------------- 89.7-----მ ფართი, საკადასტრო კოდი #0---------------------1) აუქციონზე რეალიზაცია.
სარჩელიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 16 თებერვალს გი--–- არ---------ს და თ-- ხვ-----–---ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ თ-- ხვ-----–---ს სესხის სახით გადასცა 4500 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სპ------კ ხ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გლ-------------, I-------------------------------- 89.7-----მ ფართი, საკადასტრო კოდით #------------------------ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და გადაიხადა მხოლოდ 3 თვის სარგებელი. შეთანხმების მიხედვით, 2015 წლის 17 აგვისტოდან სესხის ძირ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.2%, შესაბამისად 9 აშშ დოლარი.
ვალდებულების დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით პირგასამტეხლო შეადგენს 9855 აშშ დოლარს. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის 6000 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც 4500 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 1500 აშშ დოლარი შემცირებული პირგასამტეხლოა. მოსარჩელე ასევე მოითხოვს განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ-- ხვ-----–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას 2015 წლის 16 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად სარგებელთან ერთად, რაც დადასტურებულია შესაბამისი გადახდის ქვითრებით. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე უარს აცხადებს იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებაზე.
2.2. მოპასუხე სპ------კ ხვ-----–---მ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 16 თებერვალს გი--–- არ---------ს (გამსესხებელი) და თ-- ხვ-----–---ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გი--–- არ---------მ 6 თვის ვადით თ-- ხვ-----–---ს სესხის სახით გადასცა 4500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს, საერთო თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა სპ------კ ხ------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გლ-------------, I-------------------------------- უძრავი ქონების საკადასტრო კოდია #------------------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 17-23)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 24-25)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე არ დგინდება მოპასუხის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურება სურს შესაგებელზე თანდართული თანხის ჩარიცხვის ქვითრებით.
საპირისპიროს განმარტავს მოსარჩელე და მიუთითებს რომ საქმეში არსებული ქვითრები ადასტურებს 2015 წლის 21 მაისს თ-- ხ------–--ის მიერ დამატებით ნასესხები 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური სტანდარტის მიხედვით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გადახდილი თანხებით სრულდებოდა 2015 წლის 16 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება შედის მოპასუხის მტკიცების საგანში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ ჩამოყალიბებული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საყურადღებოა საქმეში დაცული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი, მის ბოლო გვერდზე შედგენილი ხელწერილი ადასტურებს მხარეებს შორის სხვა სასესხო ურთიერთობის არსებობას, რომლის წარმოშობის თარიღია 2015 წლის 21 მაისი ხოლო მოცულობაა 5000 აშშ დოლარი.
ამავე გვერდზე მოსარჩელეს აღრიცხული აქვს გარკვეული თანხის გადახდის პერიოდულობა და მათი რაოდენობა.
მოპასუხემ საქმის განხილვისას დაადასტურა 2015 წლის 21 მაისს შედგენილი ხელწერილის სისწორე და განმარტა, რომ მოსარჩელისგან სესხის სახით დამატებით მიღებული აქვს 5000 აშშ დოლარი.
მხარეთა მიერ დასახელებულ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებათა სისწორის დადგენის მიზნით ყურადსაღებია რამდენიმე ფაქტი:
სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, თანხის გადახდის პირველი ნაწილი ასახავს 300 აშშ დოლარის გადახდას, რომლის შემდეგ ჩანაწერის ავტორი აფიქსირებს, რომ შესასრულებელი ვალდებულება დარჩა 4700 აშშ დოლარი.
მეორე გადახდასთან დაკავშიერებით მითითებულია, რომ 2018 წლის იანვარში 400 აშშ დოლარის მიღების შედეგად ვალდებულება შემცირდა 4300 აშშ დოლარამდე, 2018 წლის 12 თებერვალს ისევ 400 აშშ დოლარის მიღებამ ვალდებულება შეამცირა 3900 აშშ დოლარამდე და ა.შ.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ პირველი გადახდის შედეგად გი--–- არ---------მ მიუთითა, რომ ვალდებულება შემცირდა 4700 აშშ დოლარამდე შესაბამისად აშკარაა, რომ მოსარჩელემ მიიღო 2015 წლის 21 მაისს გაცემული 5000 აშშ დოლარის ნაწილი (5000-300=4700). შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების არითმეტიკული ჯამი დამატებით მეტყველებს მასზედ, რომ სესხის და იპოთეკის ბოლო გვერდზე ასახული თანხები დაკავშირებულია 2015 წლის 21 მაისს გასესხებული 5000 აშშ დოლარის გასტუმრებასთან.
ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ შესაგებელს თანდართული თანხის გადახდის ქვითრები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ 2018 წლის 12 თებერვლის ქვითრის მიხედვით გადახდილია 400 აშშ დოლარი. ანალოგიურად გი--–- არ---------ც ხელშეკრულების ბოლო გვერდზე აღნიშნავს, რომ მოვალისგან 2018 წლის 12 თებერვალს მიიღო 400 აშშ დოლარი და სესხის ვალდებულება შემცირდა 3900 აშშ დოლარამდე.
2018 წლის 26 თებერვალს თანხის ჩარიცხვის შემდეგ გი--–- არ--------- ჩანაწერით ადასტურებს, რომ მიიღო 100 აშშ დოლარი და ვალდებულება შემცირდა 3800 აშშ დოლარამდე და ა.შ.
სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი გადახდის ქვითრების, კრედიტორის ჩანაწერების და 2015 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით თ-- ხ------–--ის მიერ მიღებული თანხების ერთობლივი ანალიზი მეტყველებს, რომ მოვალის მხრიდან შესრულებულია მხოლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო 2015 წლის 16 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხა მოვალეს არ გადაუხდია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 17-23)
- გადახდის ქვითრები (ს.ფ 43-49)
- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გი--–- არ---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 361-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის სახლეშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეს მითითებულ შემთხვევაში წარმოადგენს გამსესხებელი - გი--–- არ--------- და მსესხებელი თ-- ხვ-----–---, შესაბამისად, სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ტვირთი აწევს მსესხებელ მხარეს - მან უნდა დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, რაც მიიღო ხელშეკრულების მეორე მხარისაგან.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედგეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხას წარმოადგენს - 4500 აშშ დოლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრება მოპასუხე-მსესხებელ - თ-- ხვ-----–---ს.
მისი მხრიდან აღნიშნული ვალდებულება დარღვეულია და კონკრეტული მომეტისათვის შესრულებული არ არის, მოპასუხე მხარე ფულადი ვალდებულების შესრულების მზაობას არ გამოხატავს და თ-- ხვ-----–---ს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი ნაწილის 4500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი ფულების გარეშე. იპოთეკას, გარდა აქცესორულობისა, მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს საერთო თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1500 აშშ დოლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. გი--–- არ---------ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს მხოლოდ - 50 აშშ დოლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გი--–- არ---------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: თ-- ხვ-----–---ს დაეკისროს 4550 აშშ დოლარი, რომლის მიღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე სპ------კ ხ------–--ის იპოთეკით დატვირთული ქონება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 356,40 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი--–- არ---------ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 თ-- ხვ-----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4550 აშშ დოლარი.
1.2 ფულადი ვალდებულების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სპ------კ ხ------–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია #------------------------
1.3 გი--–- არ---------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 1450 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. თ-- ხვ-----–---ს და სპ------კ ხვ-----–---ს გი--–- არ---------ს სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 356,40 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე