გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170210018002355620
საქმე #2/52-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - ი-----------------
მოსარჩელის წარმომადგენელი - ი---------------------
მოპასუხე - რ-----------
მოპასუხის წარმომადგენელი - თ--------------
დავის საგანი: მიყენებული ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე რ-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის 6670 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხე რ-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი 5600 ლარის ანაზღაურება.
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის-ადვოკატის დახმარებისათვის 500 ლარის და აუდიტის დასკვნის ხარჯი 150 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ფლობს და სარგებლობს თ------–----------------- სოფელ ღ---ში არსებულ მიწის ნაკვეთებს ს/კ 8-----------, 8-----------, 8-----------, რომელიც არის მოსარჩელის და მისი დის ლ---------------ის საკუთრებაში და რომელსაც იყენებენ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისათვის. ამისთვის მან 2016 წელს შეიძინა 430 კგ ოდენობის შვრიის თესლი, რაშიც გადაიხადა 300 ლარი და შესაბამისი ტექნიკის დახმარებით, რომელიც დაუჯდა დაახლოებით 770 ლარი, დათესა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართობია 4 ჰექტარი. ფინანსებთან ერთად უამრავ შრომას და ჯაფას მოითხოვს ფერმერობა, ნიადაგის დამუშავება, შესაბამისი პირობების შექმნა, რომ მოსავალი უხვი იყოს. მოსარჩელემ შრომა და ფინანსები გაწია იმ მიზნით, რომ აეღო მოსავალი, რომელიც მისი დათესილი თესლების გათვალისწინებით, შეადგენდა 5600 ლარს. ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოდის 2 ტონა შვრია, 1კილოგრამი შვრისს ღირებულება კი იყო 70 თეთრი, 4 ჰექტარ მიწაზე უნდა მიეღო 8 ტონა შვრია, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 5600 ლარს, მაგრამ 2016 წლის აგვისტოს თვეში მოქალაქე რ----------ის საკუთრებაში არსებულმა შინაურმა ცხოველებმა კერძოდ ცხენებმა, რომლებიც უმეთვალყურეოდ იყვნენ გაშვებული მთლიანად გაანადგურეს მიწის ნაკვეთზე არსებული ნათესები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა შსს თ------–------------------–-------------–--ს მაგრამ აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენის მოპასუხე მხარეზე, ვინაიდან მის მფლობელობაში არსებული ცხენები დღემდე უმეთვალყურეოდ არიან გაშვებულნი მოსარჩელის ნათესებზე და გარდა ამისა, რომ ვერ აიღო მის ნათესებზე 2016 წელს დათესილი მოსავალი ასევე ვერ მოახერხა 2017 წელს მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დანიშულებისამებრ გამოყენება მოსავლის მიღების მიზნით, ვინაიდან მოპასუხე რ----------ის საკუთრებაში არსებული ცხენები ისევ უმეთვალყურეოდ არიან გაშვებულნი მიწის ნაკვეთზე, რის შედეგადაც დაკარგა შემოსავალი 5600 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე მომართა სასამართლოს შელახული უფლების დასაცავად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ-----------მ და მისმა წარმომადგენელმა თ--------------მ სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შესაგებლის საფუძვლები:
მოპასუხის განმარტებით ი----------------ი თ------–----------------- სოფელ ღ---ში ფლობს მიწის ნაკვეთებს 8-----------, 8-----------, ხოლო მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- მესაკუთრეა ლ---------------ი, რომელიც არ არის მოსარჩელე. სოფელ ღ---ის ძირითად მოსახლეობასთან შეთანხმებით ყოველწლიურად, სოფელში დათქმულ პერიოდში აპრილ-აგვისტოს თვეებში, ყორუღის (დაცული საძოვრის ადგილი) დაცვის მიზნით მოპასუხის და სხვა პირების თ-------------ის გ--------–---–-----ის, ს-------------–----ის, კ---------–------ის რამდენიმე ცხები და მათ შორის თვით ი-----------------ს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის ცხები, 2016 და 2017 წლებში იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან შეღობილ ტერიტორიაზე, არ გადიოდნენ და არ გადიან უმეთვალყურეოდ ყანებში/სათიბში და შესაბამისად არ გაუნადგურებიათ მიწის ნაკვეთებზე ს/კ 8-----------, 8-----------, 8----------- არსებული ნათესები. შეღობილ ტერიტორიას აქვს ორფრთიანი კარი, რომელიც იხურება-იღება გზაზე მიმოსვლის მიზნით და ამავდროულად იცავს ყანებს/სათიბებს როგორც ცხენების, ასევე ადგილობრივი საქონლისაგან. თიბვისა და მკის დასრულების შემდეგ, კვლავ სოფლის ძირითად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ყორუღის კარი იხსნება და ცხენები, ისევე როგორც ადგილობრივი საქონელი სოფლის საძოვრებზე თავისუფლად არის გაშვებული მომდევნო წლის აპრილამდე. მათ პერიოდულად უერთდება სვანების მეზობელი სოფლიდან სხვა რამდენიმე ცხენი და მათ შორის თვით ი-----------------ს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის ცხენი და დაახლოებით 40 სული ადგილობრივი საქონელი. სარჩელზე დართული ვიდეო/ფოტომასალა, ისევე როგორც 112-ში განხორცილებული ზარები ბუნდოვნად ასახავს თუ ვისი ცხენებია მინდორში და ვის მინდორშია ისინი. 2016 წელს ი----------------მა თავად დააგვიანა მოსავლის აღება, რომელიც მიწის ნაკვეთებზე ს/კ 8-----------, 8-----------, 8-----------, არა მთლიან, არამედ მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე იყო დათესილი, ყანა უკვე თავისთავად იყო დიდი ხნის გვალვისაგან გადამხმარი, გაფუჭებული და ჩაყრილი, რის გამოც მის აღებას აზრი აღარ ქონდა. ი-----------------ს მიერ წარმოდგენილი ფოტო/ვიდეო მასალის ნაწვეტები, ისევე როგორც მის მიერ 112-ში განხორციელებული ზარების შედეგად შექმნილი დოკუმენტების ასლები არ ასახავს და არ ადასტურებს ცხენების მიერ მიწის ნაკვეთების განადგურების ფაქტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თ------–----------------- სოფელ ღ---ში მდებარე 10430 კვმ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- მესაკუთრეა ი-----------------. თ------–----------------- სოფელ ღ---ში მდებარე 128190 კვმ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- და 4540 კვმ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- მესაკუთრეა ლ-----------------. 2014 წლის 15 ოქტომბერს ლ---------------სა და ი------–--–-----ს შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ,,მეიჯარე" გადასცემს, ხოლო ,,მოიჯარე" 10 წლის ვადით სარგებლობაში იღებს ,,მეიჯარის" საკუთრებაში არსებულ 128190,00 კვმ და 4540 კვმ სასოფლო-სამურნეო ფართის(შემდგომში ,,იჯარის ობიექტი"), ხოლო ,,მოიჯარე" კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. იჯარის ობიექტის მახასიათებლებია ს/კ 8----------- და 85.20.50.0--, მისამართი თეთრიწყარო, სოფელი ღ---ი. იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცა 15.10.2014 დან 15.10.2024-მდე. იჯარის ობიექტი გამოიყენება სასოფლო-სამურნეო დანიშნულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15-17;.
- 2014 წლის 15 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულება, ს.ფ.110-113;
3.1.2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ივნისის #5--------- წერილით მოქალაქე ი----------------ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 2018 წლის 22 ივნისს შესული 1--------- განცხადების პასუხად, სადაც ითხოვდა 2016 წელს, პირუტყვის მიერ განადგურებული შვრიის მოსავლის ოდენობის დადგენას, ეცნობა, რომ მის მიერ მითითებულ 4 ჰა მიწის ნაკვეთზე ნათესარი შვრიის განადგურებული მოსავლის რაოდენობის დადგენა დღეის მდგომარეობით შეუძლებელია, რადგან ვერ მოხერხდება განისაზღვროს 2016 წელს დაზიანებული მონაკვეთის ფართობი და დაზიანების ხარისხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ი-----------------ს 2018 წლის 22 ივნისის განცხადება, ს.ფ.114;
-სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ივნისის #5--------- წერილი, ს.ფ. 141;
3.1.3. აუდიტორული კომპანია შპს ,,---------------------" დირექტორის თ------------ის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი შემოსავლის) დადგენის შესახებ აუდიტორული დასკვნის თანახმად მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემფასებელმა მოახდინა ფ/პ 0---------- ი-------–---–-----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2016 წელს დათესილ მოსავალზე (შვრია) მიყენებული ზიანის ოდენობის და 2017 წელს (მიუღებელი შემოსავლის) განსაზღვრა მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. მიწის ნაკვეთი რომელიც მდებარეობს თ------–----------------- სოფელ ღ---ში, ს/კ 8-----------. შემფასებლის მიერ სამუშაოს შესასრულებლად ჩატარებული იქნა შემდეგი სამუშაოები: 1. ფოტოგრაფირება, 2. კოორდინატების დაზუსტება, 3. საბაზრო ფასების კვლევითი ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტაცია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მისამართი: თ------–----------------- სოფელი ღ---ი, ს/კ 8-.2---.0--. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კერძოდ 4 ჰექტარზე განადგურებული იქნა დათესილი მოსავალი მთლიანად. ზიანის დაანგარიშება. სულ 4 ჰექტარი, 1 ჰექტარზე მოსული მოსავალი =2 ტონა, 1 კგ -0,67 ლარი, 2000*0,67=1340 ლარი, შესაბამისად 4 ჰექტარი = 8000 კგ *0,67 =5360 ლარი. ვინაიდან მოქალაქე ი----------------მა ვერც შემდეგ წელს 2017 წელს ვერ მოახერხა მოსავლის მიღება შესაბამისად ზიანის ოდენობა განისაზღვრა იგივე ოდენობით 5360 ლარით. ამრიგად, ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოიტანა დასკვნა, რომ მათ მიერ დაანგარიშებული ზიანის ოდენობა და მიუღებელი შემოსავალი განისაზღვრა 10720 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აუდიტორული კომპანია შპს ,,---------------------" დირექტორის თ------------ის 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი შემოსავლის) დადგენის შესახებ აუდიტორული დასკვნა, ს.ფ. 187-188.
3.1.7. 2016 წლის 17 აგვისტოს შსს თ------–------------------–--------------–--ს მ----–---- განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ი-----------------, რომელმაც განაცხადა, რომ სოფელ ღ---ში მას უთესია შვრია 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც მისი განმარტებით, რ-----------მ შეუშვა ცხენები და ითხოვა რ----------ისაგან ზიანის ანაზღაურება. შეტყობინება რეგისტრაციის #2----8-.
2016 წლის 18 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების ცენტრში შევიდა მოქალაქე ი-----------------ს შეტყობინება #2------. ინიციატორი აცხადებდა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, სადაც აქვს ნათესები შედის მეზობლის პირუტყვი და ანადგურებს.
2016 წლის 19 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების ცენტრში შევიდა მოქალაქე ი-----------------ს შეტყობინება #20-----. ინიციატორი აცხადებდა, რომ მის ყანაში გადასულია რ----------ის 18 სული ცხენი.
2017 წლის 11 მარტს გადაუდებელი დახმარების ცენტრში შევიდა მოქალაქე ი-----------------ს შეტყობინება #5-----. ინიციატორი აცხადებდა, რომ რ-----------მ ცხენები შეუშვა მის ეზოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება 2----8-, #20----- 2----8-. 2------. ს.ფ.25-27, 34.
2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და მოპასუხეს ეკისრებათ იმ გარემოებების მტკიცება, რაც მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დასახელებული ნორმა ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს და ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ხოლო, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე ი----------------ს მიადგა 5600 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი და აღნიშნული ზიანი მიაყენა მოპასუხის რ----------ის კუთვნილმა ცხენებმა, მოსარჩელეს აკისრია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე რ----------ის კუთვნილმა პირუტყვმა მას მიაყენა 5600 ლარის ოდენობის ზიანი. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ კი ფოტოსურათებით და ვიდეო მასალით არ დასტურდება, რომ ფოტოებზე ასახული ცხენები ეკუთვნის რ-----------ს და რომ ისინი გადაღებულია მოსარჩელის საკუთრება/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სხვა სახის რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ რ----------ის ცხენებმა მიაყენეს 5600 ლარის ოდენობის ზიანი მოსარჩელეს, საქმეში წარმოდგენილი არაა. წარმოდგენილია მხოლოდ რ----------ის გასაუბრების ოქმები, რითაც კონკრეტულად არ დასტურდება, რომ რ----------ის ცხენებმა მთლიანად დააზიანეს 4 ჰექტარ მიწის ფართობზე დათესილი შვრიის ყანა, რის გამოც მოსარჩელემ განიცადა 5600 ლარის ოდენობის ზიანი. თავად მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ მის უძრავ ქონებაში გარდა რ----------ის ცხენებისა შედის სოფლის მაცვხოვრებლების პირუტყვი, რის გამოც მათთან აქვს კონფლიქტი. ამას მოწმობს ასევე 2018 წელს ი------–--–------ის მიერ შსს მ----–---- პოლიციის განყოფილებაში წარდგენილი განცხადება, რომლითაც ის აფრთხილებს სოფელ ღ---ის მაცხოვრებლებს და მათ შორის რ-----------საც, რომ მათ არ ისარგებლონ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთებით.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხე რ----------ის ცხენების გარდა ი-----------------ს მიწის ნაკვეთებში შედის სოფლის პირუტყვიც. კერძოდ, მოწმეების ა-----------------ის და გ----------------ს მიერ განმარტებული იქნა, რომ მოსავლის აღების შემდგომ მთელი სოფელი საძოვრად იყენებს მთლიანი სოფლის მიწის ნაკვეთებს და მათ შორის ი-----------------ს მიწის ნაკვეთებსაც, რადგან არ არის შემოღობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული ვერ იქნა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტებები.
- გასაუბრების ოქმები, ს.ფ. 130-131.
-ი-----------------ს განცხადება, ს.ფ. 159-160;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----------------ს სარჩელი ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-412-ე, 415-ე, 992-ე, 998-ე, 1003-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 85-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის თანახმად ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ უტყუარად დადასტურებული ვერ იქნა, გარემოება იმის შესახებ, რომ სწორედ მოპასუხე რ----------ის ცხენებმა მიაყენა მას 5600 ლარის ოდენობის ზიანი. თავად მოსარჩელე მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ რ----------ის ცხენების გარდა მის მიწის ნაკვეთებში შედის მთელი სოფლის პირუტყვი. შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული ვერ იქნა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხოლოდ მოპასუხე რ----------ის ცხენების ქმედებამ ზიანი მიაყენა მოსარჩელე ი----------------ს. შესაბამისად, არ შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----------------ს მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის 5600 ლარის ანაზაურებას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან 2017 წელს ვერ მოახერხა მიწის ნაკვეთის სასოფლო სამეურნო მიწის ნაკვეთის დანიშნულებით გამოყენება მოსავლის აღების მიზნით, რის გამოც მან განიცადა 5600 ლარის ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წინამდებარე საქმეში სადვაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტი, რადგან მოთხოვნის საფუძველია არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღ---ა, არამედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. შესაბამისად, მოთხოვნის ძირითადი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დელიქტური პასუხისმგებლობის ძირითად საფუძვლებს. ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად, „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“ არ უნდა გავიგოთ მოვალის სუბიექტური შესაძლებლობების მიხედვით. გონივრულად სავარაუდო ზიანი ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, რომ მითითებული ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია პირდაპირი ზიანი, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი.
ზიანის ანაზღაურება მხარეს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენება მოვალისთვის არის წინასწარ სავარაუდო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მან განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რადგან მის მიერ მიწის ნაკვეთების დაუმუშავებლობა არ გამომდინარეობს მოპასუხის მიერ სავარაუდო ზიანის მიყენებიდან. მოპასუხისათვის შეუძლებელი იყო იმისი განსაზღვრა მოსარჩელე დაამუშავებდა თუ არა მიწის ნაკვეთს საერთოდ, მიიღებდა ან დაკარგავდა შემოსავალს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის წარმომადგენელი შუამდგომლობს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის 500 ლარის და აუდიტის დასკვნის ხარჯი 150 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ი----------------ს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 369 ლარის ოდენობით და ვინაიდან მისი სარჩელის არ დაკმაყოფილდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----------------ს სარჩელი მოპასუხე რ----------ის მიმართ მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ი-----------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე