გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2018
საქმის ნომერი
200310018002642577
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310018002642577

N 3/94-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თა------------ე

სხდომის მდივანი - ფი------------ე

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

 

წარმომადგენელი - ლე--------–---–---–ი

 

მოპასუხე - ია-----------ი (პ.ნ 2----------)

 

დავის საგანი - თანხის ანაზღაურების დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ია----------ს დაევალოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - საარსებო შემწეობის 260 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (საბანკო ანგარიშის სახაზინო კოდი 3--------)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - ია----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საარსებო შემწეობის მიმღებ ია----------ის ოჯახის ( ს.კ 0-----------) ლეგალური შემოსავლის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

ია----------ი და მისი ოჯახის წევრი - თე-------------–---–ი დასაქმდნენ და მიიღეს ლეგალური შემოსავალი 2017 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2018 წლის იანვრის, თებერვლის თვეში, რაც ოჯახის დეკლარაციაში არ იყო მითითებული.

 

აღნიშნულის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სამხარეო ცენტრს ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2018 წლის 18 აპრილის N 04/21979 წერილით. 05 ივნისის N 04/32757 წერილით. შესაბამისად, ია----------ის ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია ცენტრალიზებულად 2018 წლის 16 აპრილს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის შესახებაც წერილობით ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2018 წლის20 აპრილს N04-10/2177 წერილით.

 

2018 წლის მარტის თვეში ია----------ს საარსებო შემწეობის თანხის სახით დაერიცხა 260 (ორას სამოცი) ლარი. 2018 წლის 24 მაისს ია----------ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წერილობით ეცნობა, რომ იგი ვალდებული იყო დაებრუნებინა 2018 წლის მარტის თვეში არასწორად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხა 260 ლარის ოდენობით. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, ია----------ს 2018 წლის 26 ივნისს განმეორებით ეცნობა ვალდებულების დარღვევისა და პასუხისმგებლობის წარმოშობის თაობაზე და მიეცა ერთი თვის ვადა ვალდებულების შესასრულებლად. ია----------ის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

 

ია----------ს ასევე ეცნობა რომ თუ ფლობდა განსხვავებული ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რაც განაპირობებდა მისი ოჯახის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებას, წარმოედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სამხარეო ცენტრში, მოპასუხის მიერ მტკიცებულებები არ ყოფილა წარდგენილი სააგენტოში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;(ს.ფ 16)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 აპრილის N 04/21979 წერილი (ს.ფ. 22-24);

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 20 აპრილის N04-10/2177 წერილი რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 25);

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სამხარეო ცენტრის 2018 წლის 24 მაისის N 04-10/2840 წერილი (ს.ფ. 18-19);

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 ივნისის N04-10/3474 წერილი (ს.ფ.26);

 

- კ------- სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 27 ივლისის N3550 მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 20-21);

 

- კანცელარიის გაცემის ბარათი (ს.ფ. 17);

 

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი. სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ყველას აქვს გარანტირებული უფლება - თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ია----------ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 260 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“. მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ია----------ს და მისი ოჯახის წევრს თე-------------–---–ს გამოუვლინდათ ლეგალური შემოსავალი 2017 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2018 წლის იანვრის, თებერვლის თვეში, რაც არ იყო მითითებული ოჯახის დეკლარაციაში. ია----------ის ოჯახს ცენტრალიზებულად გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2018 წლის აპრილის თვიდან.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.

 

სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ია----------მა სააგენტოსათვის ინფორმაციის შეუტყობინებლად ზედმეტად მიიღო 2018 წლის მარტის თვის საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 260 ლარს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან ია----------მა საარსებო შემწეობა მიიღო ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. განსახილველ შემთხვევებში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ია----------ს ზედმეტად მიღებული 260 ლარიდან სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით არ დაუბრუნებია თანხა. ხოლო თანხის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ უშედეგოდ მოითხოვა, კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით ია----------ს ეცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი და მისი საფუძველი; ასევე, ინფორმაცია მისი გასაჩივრების წესისა და საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელი შესაძლებლობებით მას არ უსარგებლია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მოპასუხე ია----------ს დაევალა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების 260 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ია----------ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა 2018 წლის მარტის თვეში რამაც საერთო ჯამში შეადგინა 260 ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ია----------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 260 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეები გათავისფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-4, მე-12, მე-13, მე-19, 261-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე ია----------ს დაეკისროს 260 (ორას სამოცი) ლარის ოდენობით ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის თანხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ(საბანკო ანგარიშის სახაზინო კოდი N 3--------).

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თა------------ე