გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1258-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს ”თ--–--ი”
წარმომადგენელი - ვ-–-------- ი-----–---–ი
მოპასუხე - ს-------- ლ-------–---–ი
დავის საგანი - მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ს-------- ლ-------–---–ისათვის სს ”თ--–--ის” სასარგებლოდ 3254,98 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, სს ”თ--–--ი“ და მოპასუხე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, აბონენტის ნომერია №1------. სარჩელის შეტანის მდგომარეობით, 2017 წლის 10 ნოემბრისათვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 3254,98 ლარის ოდენობით, დავალიანება დაგროვებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული დავალიანება ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ”თ--–--ის” სააბონენტო ნომერზე №1------ აბონენტად რეგისტრირებულია ს--------ი ლ-------–---–ი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 11-19).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ”თ--–--ის” მოთხოვნა მოპასუხე ს-------- ლ-------–---–ის მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 2553,59 ლარის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე განიხილება და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დინება.
სს ”თ--–--მა” სარჩელი აღძრა 2016 წლის 26 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, დავალიანება აბონენტს ერიცხება 2000 წლიდან გარკვეული ოდენობით, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით მოხმარებული ელექტრონერგიის გადაუხდელი თანხაა 2553,59 ლარი, რომელიც აბონენტს დაერიცხა ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბრის თვეში. შესაბამისად, სს ”თელასის” მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის პერიოდის დავალიანებაზე 2553,59 ლარზე ხანდაზმულია.
კრედიტორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა მითითებული სადავო დავალიანების მოთხოვნაზე სარჩელი აღძრა, ხანდაზმულობის სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ, რის შესაბამისადაც, სს „თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა 3254,98 ლარიდან 2553,59 ლარის ნაწილში ხანდაზმულია.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2013 წელს განხორციელებული და ბრუნვაში ასახული კორექტირებული დარიცხვები ხანდაზმული/არახანდაზმული დავალიანების განსაზღვრისას ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან ბრუნვის ისტორიის თანახმად, დარიცხვის კორექტირება ითვალისწინებდა 2009 წლიდან 2013 წლამდე არსებული დავალიანების მოხსნა/კორექტირებას და შესაბამისად ასახვას აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. ამასთან, 2013 წლის იანვრის კორექტირებით ასახული დავალიანება ვერ იქნება გათვალისწინებული არახანდაზმული დავალიანების განსაზღვრისას, მით უფრო რომ სარჩელი სასამართლოში სს „თ--–--ის“ მიერ შემოტანილია 2016 წლის 26 იანვარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
დადგენილია, რომ მოპასუხე სს „თ--–--ის” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს სს „თ--–--სა” და მოპასუხეს შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სარჩელი სს ,,თ--–--ის’’ მიერ აღძრულია 2016 წლის 26 იანვარს. შესაბამისად, მოთხოვნა, ნაწილობრივ ხანდაზმულია, კერძოდ - 2553,59 ლარის ნაწილში. (ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მსჯელობა იხ. 3.2.1. პუნქტში).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ--–--ი“, ელექტრონერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხის 2553,59 ლარის ოდენობით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვერ განახორციელებს ამ მოთხოვნის უფლებას, რაც მას გააჩნია მოპასუხის მიმართ. სს „თ--–--ის“ მოთხოვნა 701,39 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულ ბაჟს 21,04 ლარს მოპასუხე აუნაზღაურებს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”თ--–--ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ს-------- ლ-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 701,39 ლარის გადახდა.
3. ს-------- ლ-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21,04 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბაჟის სახით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე