გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002513286
N3/81-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.10.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება,წარმომადგენელი: ი---- გ----------–---–-;
მოპასუხე ნ--- გ----------,წარმომადგენელი: ე-–---- ბ----------;
დავის საგანი უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--- გ----------ს დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 1780 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
ნ--- გ----------- ოჯახი შედგება 6 წევრისაგან და 2017 წლის ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან 2017 წლის 17 ოქტომბერს შესული № 04/65129 მიმართვით ცნობილი გახდა ნ--- გ----------- ოჯახის წევრების გ--–- და გ------- გ----------ების მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ. გარდა ამისა, მისი ოჯახის ორი წევრი - არასრულწლოვანი მ------ და ნ----- გ----------ები ამოირიცხნენ ზესტაფონის მ--- საჯარო სკოლიდან 2016 წლის 19 სექტემბრის N2-377 და 2-376 ბრძანებების საფუძველზე. ნ--- გ----------- ოჯახს ზედმეტად დაერიცხა მათი წილი საარსებო შემწეობის თანხა 1780 ლარი. აღნიშნულზე ეცნობა ნ--- გ----------ს და მიეთითა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 1780 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა თანხა არ დაბრუნებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--- გ----------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ დაადასტურა არასრულწლოვანი მ------ და ნ----- გ----------ების ზესტაფონის მ--- საჯარო სკოლიდან ამორიცხვისა და ქ.თბილისში სწავლის ფაქტი. მანვე განმარტა, რომ არასრულწლოვნების ძირითად საცხოვრებელ ოჯახს წარმოადგენს მოპასუხის ოჯახი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოპასუხე ნ--- გ----------- ოჯახი 2017 წლის ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ და განცხადება;
3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის № 04/65129 მიმართვით ცნობილი გახდა ნ--- გ----------- ოჯახის წევრების გ--–- და გ------- გ----------ების მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ. გარდა ამისა, მისი ოჯახის ორი წევრი - არასრულწლოვანი მ------ და ნ----- გ----------ები ამოირიცხნენ ზესტაფონის მ--- საჯარო სკოლიდან 2016 წლის 19 სექტემბრის N2-377 და 2-376 ბრძანებების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 2017 წლის 17 ოქტომბრის № 04/65129 მიმართვა;
- ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 18 დეკემბრის MES9 17 01547708 ცნობა;
3.1.3. ნ--- გ----------ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ რამდენჯერმე ეცნობა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 2017 წლის 04 დეკემბრის №04-06-03/2989, 2017 წლის 25 დეკემბრის №04-06-03/3207 და 2018 წლის 21 თებერვლის №04-06-03/395 მიმართვების ასლები;
3.1.4. ნ--- გ----------- ოჯახის ორ წევრს გ--–- და გ------- გ----------ებს 2017 წლის 01 აგვისტოს შპს ,,ჰუმან ჰაუზისა" და შპს ,,საქორიას" მიერ ჩაერიცხათ 2057 ლარი და 1750 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 17 ოქტომბრის № 04/65129 მიმართვა და თანხის ჩარიცხვის დოკუმენტი;
3.1.5. ნ--- გ----------- ოჯახზე ზედმეტად გადაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა მხოლოდ 380 ლარი ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.1.6. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა). აღნიშნული ვალდებულება ნ--- გ----------- მხრიდან არ შესრულება, რის გამოც ზედმეტად დაერიცხა 380 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 394-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
6.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 „ა“ პუნქტისა და მ--- მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.“
მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
6.3. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.
მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
6.4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ--- გ----------- ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ნ--- გ----------- ოჯახის ორ წევრს - გ------- და გ--–- გ----------ებს ანგარიშზე 2018 წლის 01 აგვისტოს შპს ,,ჰუმან ჰაუზისა" და შპს ,,საქორიას" მიერ ჩაერიცხათ საერთო ჯამში 4807ლარი, თუმცა მოპასუხემ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში არ აცნობა სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.) და სხვ.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ--- გ----------- მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 380 ლარს (გ--–- და გ------- გ----------ებისათვის დარიცხული შემწეობის ნაწილში), რომლის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა. კერძოდ, დადგენილია რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ ნ--- გ----------ს აცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ნ--- გ----------- ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ და ვინაიდან მან აღნიშნული ინფორმაცია არ ეცნობა სააგენტოს, ნ--- გ----------- ოჯახის მხრიდან ადგილი აქვს ფულადი სოციალური დახმარების არასწორად გაცემას, რაც წარმოშობს თანხის დაბრუნების ვალდებულებას.
6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას არასრულწლოვანი მ------ და ნ----- გ----------ებისათვის განკუთვნილი სოციალური შემწეობის თანხის - 1400 ლარის დაბრუნების ნაწილში, მოსარჩელეს უნდა ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“, რომლის მე-181 მუხლის თანახმად (ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი) თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის ახალი საიდენტიფიკაციო კოდით) და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ჩაერიცხა რომელიმე წევრისთვის გათვალისწინებული ზედმეტი თანხა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის, ან სხვა შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაქვითოს გარდაცვლილი ან გასული წევრისთვის ზედმეტად გადარიცხული თანხა ოჯახის მიერ მისაღები საარსებო შემწეობის თანხიდან, გარდაცვალების ან სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით. ინფორმაცია სააგენტოში მიღებულად ითვლება შესაბამისი დაწესებულებებიდან მონაცემების სააგენტოში ოფიციალურად მიღების თვიდან;
ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით სახელმწიფო საზღვრის კვეთის ან სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა გარემოებათა გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
ამდენად, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად, საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა - ოჯახის 1) რომელიმე წევრის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, მე-2) გარდაცვალება და მე-3) სახელმწიფო საზღვრის კვეთა სამ თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას - ,,ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების" შესახებ, ვინაიდან ასეთ ტერმინს მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.
6.9. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
6.10. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პი---- ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
6.11. ცალსახაა, რომ ნ--- გ----------- ანგარიშზე მისი ოჯახის ორი წევრის - გ------- და გ--–- გ----------ების კუთვნილი თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.12. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო მხოლოდ 380 ლარი, ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვანი ნ----- და მ------ გ----------ების კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხის ჩარიცხვა ნ--- გ----------- ანგარიშზე, მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და არ არსებობს მისი უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
6.1.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ნ--- გ----------ს უნდა დაეკისროს 380 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ნ--- გ---------- უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე _ ნ--- გ----------ს (პ.ნ 1----------) დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 380 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებას უარი ეთქვას მოპასუხეზე 1400 ლარის დაკისრებაზე;
4. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.ქუთაისი, ნიპორტის ქ. №32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზესტაფონი წერეთლის ქუჩა №7) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი