გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/33132-16
(330210016001576616)
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - შპს ,,სა------–-------------------------------ია”
წარმომადგენელი - მა------–-------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ქი--------ი“
წარმომადგენელი - თა-----------ია
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება; პირგასამტეხლოს დაკისრება
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ნა----–------–-----ი
წარმომადგენელი - თა------------–---–ი
მოპასუხეები:
შპს ,,სა------–-------------------------------ია”
შპს ,,ქი--------ი“
დავის საგანი მესამე პირის სარჩელით - ფულადი ვალდებულების შესრულება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი:
მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,სა------–-------------------------------იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე, შპს ,,ქი--------ს“ მოსარჩელე, შპს ,,სა------–-------------------------------იის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 39700 აშშ დოლარის გადახდა. ხოლო 300000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში შპს ,,სა------–-------------------------------იის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის, ნა----–------–-----ის სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 18 ოქტომბერს განმცხადებით მომართა მოპასუხე, შპს ,,ქი--------ის" წარმომადგენელმა, თა-----------იამ, საქმეზე მოპასუხის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლო თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-31 პუნქტის შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში დამტებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა" (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016; სუსგ 07/05/2018წ. Nას-316-316-2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, შპს ,,ქი--------ის" მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილია 3500 ლარი (ტ.1 ს.ფ. 150).
სასამართლო, ზემოაღნიშნული გარემოებების, საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სა------–-------------------------------იის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა 300000 აშშ დოლარის ნაწილში, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელის მიერ ასანაზღაურებელ გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 2000 ლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოპასუხე, შპს ,,ქი--------ის" განცხადება საქმეზე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოსარჩელე, შპს ,,სა------–-------------------------------იას“ (ს.ნ.4--------) მოპასუხე, შპს ,,ქი--------ის" (ს.ნ.4--------) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
3. დამატებითი გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი