გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002239779
2/2086-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი,2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაცია''
წარმომადგენელი დ---თ თ---–----–---–ი, მ---ი ტ--------ე
მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--“
წარმომადგენელი ი----ს მ--------ი, ხ-----ნა გ------–-–---–ი
დავის საგანი აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ნება დაერთოს სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციას''აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით, გამოიყენოს მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი-ლეხურას“ მონაკვეთის საპროექტო სამშენებლო დერეფანში განლაგებული ფართობები სარჩელზე თანდართულ ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად კერძოდ: შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 67.06.5--035 - 4646 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე; შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 67.06.5--036 - 795 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე; შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 67.06.5--128 - 1144 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციის” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 120 ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაცია”, ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი-ლეხურას“ 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, აუცილებელია კორპორაციამ მოიპოვოს და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ დაარეგისტრიროს საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განლაგებული ყველა მიწის ნაკვეთის შესაბამისი ფართობებით სარგებლობის უფლებები.
პროექტის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კორპორაციამ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან, ასევე დაწყებულია მუშაობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორპორაციის კაპიტალში შეტანასთან ან/და მათზე სერვიტუტის უფლების გავრცელებასთან დაკავშირებით, ხოლო მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ვერ ხერხდება კორპორაციის სასარგებლოდ უფლების მოპოვება მისი მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებასა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის კორპორაციის სასარგებლოდ სრვიტუტის უფლებით დატვირთვაზე უარის თქმის გამო.
კორპორაციას აღნიშნული პროექტის გახორციელების და თავის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზით ესაჭიროება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების მოპოვება, რითაც შესაძლებლობა ექნება განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, უზრუნველყონ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და შემდგომში მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის ბიზნეს გეგმის თაობაზე მისთვის არ იყო ცნობილი სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე. მოსარჩელის მითითებულ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულებაში ცალსახად მითითებული არ არის, მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა. კომპანია შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე არსად ფიქსირდებოდა სერვიტუტი ან მაგისტრალური გაზსადენები ისე გახდა მოპასუხე კომპანია მოცემული მიწის ნაკვეთების მესაკუთრე. შესაბამისად იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელსაც არ გადასცემია ნივთობრივად ნაკლიანი ქონება.
მოსარჩელე უთითებს, რომ გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა 1990-1991 წლებში, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სარჩელს არ ერთვის. უფრო მეტიც, შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ წინამორბედი მესაკუთრეები უძრავ ქონებას დეუფლნენ სახელმწიფო პრივატიზების ფარგლებში, რაც ფაქტიურად გამორიცხავს იმ ვითარებას, რომ მათ გადაეცათ ნივთობრივად ნაკლიანი მიწის ნაკვეთები.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, როგორც კორპორაციის მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული სს „ს----------–-------------------------- კორპორაციის“ 2017 წლის ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, კორპორაცია ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზასადენის „ნატახტარი-ლეხურას“ 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომლის განხორციელებაც დაიწყო 2017 წელს და სამშენებლო სამუშაოების დამთავრება გათვალისწინებულია 2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება N81;
- სს „ს----------–-------------------------- კორპორაციის“ 2017 წლის ბიზნეს გეგმა.
3.1.2. პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდით და მოქმედი „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობით, შესაბამისად პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა და აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება Nი-781
- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე N86;
3.1.3. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, კორპორაციამ საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე უნდა მოიპოვოს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლება, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ფართობის გამოყენებას ითხოვს სარჩელზე თანდართულ 70-ე, 79-ე და 88-ე ფურცლებზე განთავსებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება N2-04;
- სს „ს----------–-------------------------- კორპორაციის“ 2017 წლის 15 ნოემბრის წერილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსადმი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი - ლეხურას“ მონაკვეთის საპროექტო დერეფნის სიტუაციური რუკა;
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები.
3.1.4. პროექტის განხორციელების მიზნით კორპორაციამ საკუთარი ხარჯით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დიდ ნაწილთან და შესაბამისი უფლებები დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი - ლეხურას“ მონაკვეთის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული უფლებების შესახებ;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი - ლეხურას“ მონაკვეთის საპროექტო დერეფნის სიტუაციური რუკა.
3.1.5. სს „ს----------–-------------------------- კორპორაციამ“ მილსადენის სამშენებლო-საექსპლუატაციო დერეფნის ფართობზე სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, მოპასუხე მხარესთან აწარმოა მოლაპარაკებები და მიაწოდა სერვიტუტის ხელშეკრულებების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების შესახებ, თუმცა მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ს----------–-------------------------- კორპორაციის„ 2017 წლის 07 დეკემბრის წერილი თანდართული სერვიტუტის ხელშეკრულების პროექტითა და ექსპერტიზის დასკვნით;
- შპს “ჯ-------ა ფ----------–--ს“ წერილი 2017 წლის 08 დეკემბრის წერილი სს „ს----------–-------------------------- კორპორაციას“
3.1.6. სს „ს----------–-------------------------- კორპორაციის„ პროექტის განხორციელებისთვის და მშენებლობის ნებართვების მიღების მიზნით, კორპორაციის განცხადებების საფუძველზე ჩატარებულია შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური, არქეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის N174-04 ბრძანება;
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 24 ნოემბრის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია;
- სს „ს----------–-------------------------- კორპორაციის“ 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
3.1.7. შპს “ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი - ლეხურას“ მონაკვეთის საპროექტო დერეფანში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კასპის რაიონ სოფელ თეზში საპროექტო დერეფანში განლაგებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკები;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი - ლეხურას“ მონაკვეთის საპროექტო დერეფნის სიტუაციური რუკა.
3.1.8. სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციას”, ზემოთ აღნიშნული პროექტის სრულყოფილად უზრუნველყოფის, გაზსადენის შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაციის, მასზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების და სხვა ოპერაციიების განხორციელების და თავის სარგებლობაში და საკუთრებაში არსებული, სამშენებლო დერეფანში განთავსებული სხვა მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლებების მოპოვება ესაჭიროება საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დატანილი განლაგებების შესაბამისად, კერძოდ: ს/კ 67.06.5--035 - 4646 კვ.მ, ს/კ 67.06.5--036 - 795 კვ.მ, 67.06.5--128 - 1144 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე სარგებლობის უფლება.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კასპის რაიონ სოფელ თეზში საპროექტო დერეფანში განლაგებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს “ჯ-------ა ფ----------–--“ განმარტავს, რომ მისთვის უცნობი იყო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციის” საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი-ლეხურას“ მილსადენის არსებობის ფაქტი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ შპს “ჯ-------ა ფ----------–--ს“ მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციის” მიერ მილსადენის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხვამდე. კერძოდ, მოპასუხეს მიწის ნაკვეთი ს/კ 67.06.5--035 რეგისტრირებული აქვს 2016 წლის 27 სექტემბრიდან, აღნიშულ მიწის ნაკვეთზე კი მილსადენის, როგორც ხაზობრივი ნაგებობობის, არსებობის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმით, სადაც მილსადენი ფიქსირდება 2011 წლიდან. ს/კ 67.06.5--128 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოპასუხეს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 31.03.2017 წლიდან, ხოლო აღნიშულ მიწის ნაკვეთზე მილსადენი ფიქსირდება 07.04.2016 წლიდან. რაც შეეხება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ს.კ. 67.06.5--036 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს იგი ასევე, განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი - ლეხურას“ მონაკვეთის სამშენებლო დერეფანში, რომლის გამოყენებაც ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ასევე აუცილებელია გაზსადენის სისტემასთან კავშირის დამყარებისათვის დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკადასტრო კოდეზე 67.06.5--035 2016 წლის 27 სექტემბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და აღნიშნულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა;
- საკადასტრო კოდეზე 67.06.5--128 2017 წლის 31 მარტს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და აღნიშნულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა;
3.2.2. მოპასუხეს შპს “ჯ-------ა ფ----------–--ს“ განმარტებით იგი კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე აპირებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის განკუთვნილი შენობების აშენებას, ხოლო სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციის” მიერ შეთავაზებული სერვიტუტის ხელშეკრულებით კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე გაზსადენის არსებობის გამო უწესდებათ გარკვეული შეზღუდვები და წარმოეშობათ თმენის ვალდებულება, მაშინ როდესაც ,კორპორაციის კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირება შეუძლია, მოპასუხეების მიწის ნაკვეთებისათვის გვერდის ავლით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 01.10.2018წ);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებულია, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ მიწის ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლებების მოპოვების აუცილებლობა, ხოლო საწინააღმდეგო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციის” მიერ მოპასუხეთა კუთვილი მიწის ნაკვეთებით სარგებლობისას მოპასუხეს უწესდება გარკვეული შეზღუდვები, რაც წარმოშობს მისი მხრიდან აღნიშნულით თმენის ვალდებულებას. ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაცია” ისარგებლებს ისეთი უფლებებით როგორიცაა მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შესვლა, მასზე მანქანა-მოწყობილობების შეტანა და განთავსება და სხვა შეზღუდვები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მილსადენისთვის ზიანი მიყენება, რა თქმა უნდა წარმოშობს თმენის ვალდებულებას, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ პოზიციას თმენის ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”ს----------–-------------------------- კორპორაციის” სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-ე და 180-ე,247-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით, უფლებას იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას, ხოლო აღნიშნული უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა შესაძლებელია კანონით დადგენილ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--“ მოსარჩელე სს ”ს----------–-------------------------- კორპორაციას” აუცილებელი გზის მოწყობის უფლებას არ აძლევს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მნიშვნელობას კარგავს, უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შედარება.
დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეამოწმოს აუცილებელი გზის ფარგლები მთლიანად ან უმეტესად ხომ არ ფარავს მესაკუთრის მიწის ნაკვეთს, რა შემთხვევაშიც, მესაკუთრის უფლება შეიძლება დაუშვებლად შეილახოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების კვლევით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეზღუდვის ფარგლები (აუცილებელი გზის ფართობი) გონივრულ შესაბამისობაშია აუცილებელი გზის მოთხოვნასთან.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს იმაზე მეტი შეზღუდვის თმენის ვალდებულება მოუწია, ვიდრე აღნიშნული აუცილებელი გზის ფარგლებში თავსდება (აუცილებელი გზის ფართობი), მითითებული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაწესების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, რომლის მიწის ნაკვეთი მოყოლილია კორპორაციის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებს უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში არსებულ მილსადენთან და შესაბამისად, ამ მილსადენით დაკავებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება, რაც უწყვეტობის უზრუნველყოფით ხელს უშლის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობას. შედეგად, ფერხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკვე დამტკიცებული პროექტის არსებობა გულისხმობს მესამე პირთა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვების საჭიროებას. ამასთან, უფლება მოპოვებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, თანაც იმგვარად, რომ დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები. უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. უძრავი ქონების მიმართ შეძენის წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე - 183-ე მუხლები. შესაბამისად, სერვიტუტის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნება უძრავი ნივთის სანივთო სამართლებრივი შეზღუდვით დატვირთვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს "ს----------–-------------------------- კორპორაციისგან“ მიეცა სერვიტუტის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წინადადება, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს ─ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და საკუთრების ჩამორთმევას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა კი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კოდექსის 180-ე მუხლით რეგლამენტებული აუცილებელი გზის უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კორპორაციას, როგორც მეზობელ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა მფლობელსა და მესაკუთრეს, უნდა მიეცეს უფლება, შევიდეს და ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით აუცილებელი გზის მოსაწყობად, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება მილსადენთან, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი-ლეხურას“ 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განსახორციელებლად.
ამასთანავე აუცილებელი გზის უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კორპორაციის უფლებამოსილება, დააწესოს და მოპასუხეების ვალდებულება ითმინონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტექნიკური, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტებით განსაზღვრული სავალდებულო უსაფრთხოების შეზღუდვები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია ს----------–-------------------------- კორპორაციის სარჩელი აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე. სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს როგორც აუცილებელი გზის წინაპირობების არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, ასევე აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზანშეწონილობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი შეზღუდვა საჭიროებს მესაკუთრის უფლებათა შეზღუდვაზე დაწესებული თმენის ვალდებულების კომპენსირებას, ხოლო განსახილველ დავაში არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნა, თუ რა კომპენსაციის სანაცვლოდ ითხოვდა აუცილებელი გზის დადგენას და არც შეგებებული სარჩელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ამიტომ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე არ უთხოვია და იგი შემოიფარგლება მხოლოდ აუცილებელი გზის დაწესების მართებულობაზე მსჯელობით.
6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საერთო სასამართლოებში დავების განხილვის და დასრულებისთვის საჭირო პროცედურების და ვადების, ასევე საქმეთა სიჭარბის გათვალისწინებით, შესაძლოა დავა წლობით გაგრძელდეს, რაც სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებულ ვადას მნიშვნელოვნად აღემატება. სამუშაოების დროულად განუხორციელებლობა კი კორპორაციის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს, გაზსადენის სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე მილსადენის მეშვეობით გაზის მიწოდება შეჩერებულია, სარემონტო სამუშაოების განუხორციელებლობის გამო ვერ გაიზრდება მილის გამტარიანობა, დაბალი წნევით გაზის მიწოდების შემთხვევაში კი ზარალდება როგორც მოსახლეობა, ასევე საწარმოები, რომელთა მოთხოვნაც გაზმომარაგებაზე გაზრდილია. ასევე, მნიშვნელოვანია მილსადენის დაზიანებული სახით ექსპლუატაციისას დიდი მასშტაბის ავარის მოხდენის და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე, რაც განუზომლად დიდ ზარალს გამოიწვევს. ამასთან სამუშაოების დასრულების შემდეგ მოპასუხე მის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ამავე მიზნებით და დანიშნულებით გამოიყენებს, ხოლო კორპორაციისთვის, გარემოსთვის და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანი კი სოლიდური იქნება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი მისი აღსრულებით გამოწვეულ, სავარაუდო ზიანს მნიშვნელოვნად აჭარბებს და ამავდროულად, მოპასუხისათვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგაც შესაძლებელი იქნება, რის გამოც გადაწყვეტილება, აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭების ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სს ,,ს----------–-------------------------- კორპორაციას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნატახტარი-ლეხურას“ მონაკვეთის საპროექტო სამშენებლო დერეფანში განლაგებული ფართობები სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად, კერძოდ:
1) შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 67.06.5--035 - 4646 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;
2) შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 67.06.5--036 - 795 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;
3) შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 67.06.5--128 - 1144 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;
3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. მოპასუხე შპს „ჯ-------ა ფ----------–--ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 (ასოცი) ლარი;
5. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გორის რაიონული სასამართლოს საშუალებით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე- 7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე