გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/28000-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.08.20-8 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე გ--–-----------ე
მოპასუხე სს ,,ჰ-------------------ა“
წარმომადგენელი ნ----------–--
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ჰ-------------------ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის 1714.29 ლარისა და აღსრულების ბიუროში გადახდილი 100 ლარის ოდენობით მოსაკრების გადახდა;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე 2015 წლის 0- ოქტომბრის N0-.1---- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მძღოლის თანამდებობაზე. 2017 წლის მარტში, მოპასუხემ მოსარჩელესთან შეწყვიტა ხელშეკრულება კომპანიაში მომხდარი რეორგანიზაციის საფუძვლით, რა დროსაც არ გადაუხადა მოსარჩელეს კანონით გათვალისწინებული 2 თვის კომპენსაცია. მოსარჩელემ 2017 წლის 10 მაისს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმის გამარტივებული წესით წარმოებისა და დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რისთვისაც მის მიერ გადახდილ იქნა მოსაკრებელი 100 ლარი. მოპასუხე უარს აცხადებს აღნიშნული თანხების გადახდაზე, ხოლო მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხების მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური სიძნელეების გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მოხდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომ იგი სრულად მიიღებდა კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას, ხოლო გათავისუფლებისთვის გათვალისწინებულ კომპენსაციის გადახდას კომპანია ვერ შეძლებდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 2015 წლის 0- ოქტომბრის N0-.1---- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მძღოლის თანამდებობაზე. 2017 წლის მარტის თვეში, მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2015 წლის 0- ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.1.2. სს ,,ჰ-------------------ას“ მოსარჩელის მიმართ გააჩნია კომპენსაციის - ორი თვის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობით -1714.29 ლარის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2017 წლის 13 მარტის N--------- წერილი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. მოსარჩელემ 2017 წლის 10 მაისს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმის გამარტივებული წესით წარმოებისა და დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რისთვისაც მის მიერ გადახდილ იქნა მოსაკრებელი 100 ლარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე იმ მოტივით, რომ მოპასუხემ წარადგინა პროტესტი სააღსრულებო ბიუროში და უარი განაცხადა დავალიანების გადახდაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 მაისის გადახდის ქვითარი N--------;
- 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სს ,,ჰ-------------------ას“ მოსარჩელე გ--–-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის სახით 1714,29 ლარისა და მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი მოსაკრებლის 100 ლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, 38-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
უდავოდ დადგენილია, რომ 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სს ,,ჰ-------------------ას“ მოსარჩელის მიმართ გააჩნია საკომპენსაციის დავალიანება, რაც შეადგენს 1714.29 ლარს. (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტ. გარემოება).
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით, რი შესახებაც მოპასუხეს მოსარჩელე წინასწარ არ გაუფრთხილებია, შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს კომპენსაციის თანხა 2 თვის შრომის ანაზრაურების ოდენობით, რაც ამ შემთხვევაში შედეგენს 1714.29 ლარს.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 10 მაისს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმის გამარტივებული წესით წარმოებისა და დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რისთვისაც მის მიერ გადახდილ იქნა მოსაკრებელი 100 ლარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე იმ მოტივით, რომ მოპასუხემ წარადგინა პროტესტი სააღსრულებო ბიუროში და უარი განაცხადა დავალიანების გადახდაზე (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ გადახდილი მოსაკრებლის 100 ლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369- ემუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გ--–-----------ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ჰ-------------------ას“ მიმართ კომპენსაციის გადახდის თაობაზე;
2. მოპასუხე სს ,,ჰ-------------------ას“ მოსარჩელე გ--–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 1714,29 ლარისა და მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი მოსაკრებლის 100 ლარის ანაზღაურება;
3. დაეკისროს, მოპასუხე სს ,,ჰ-------------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია