განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
820100118002458859
დავის ტიპი
236 3 , 236 2
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002458859

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/131-2018 წ.

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,დაცვის მხარე - ადვოკატი პ----------–----ე,ბრალდებული - ნ---------------ა (დაბ. 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლებით, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული გალის რაიონი, სოფელი გ------ა და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ჩ--------------------------).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი და ამავე მუხლის მესამე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2018 წლის 26 ივნისამდე რედაქციით).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ---------------ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და სროლისათვის ვარგის, შენიღბული ტარების სასროლ მოწყობილობა 5,6 მმ კალიბრის ე.წ. ,,სასროლ ავტოკალამს’’, მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა 2 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 5.66 მმ კალიბრის საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის ვაზნებს, რაც 2018 წლის 12 აპრილს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------–ში, ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ------–--------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, დაახლოებით შუადღით სამსახურში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფელ ა---–------–---ან სოფელ ჭ------–ის მიმართულებით ავტომანქანით ნ--------------–---სთან ერთად გადაადგილდებოდა ნ---------------ა, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული ს-–----–ება და ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მოახსენა ხელმძღვანელს, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

 

მოწმის ჯ------–-------ის ჩვენება დადასტურებულია მის მიერ შედგენილი 2018 წლის 12 აპრილის პატაკით.

 

სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ გატარებული იქნა ელექტრონულად ჯ------–-------ის პატაკი, რაზეც დაიწყო გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ------------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ნ---------------ას მის მიერ განემარტა, რომ დაწყებული იყო გამოძიება, უნდა ჩატარებულიყო მისი ჩხრეკა და გააცნო დადგენილება, რაზეც ნ---------------ამ თანხმობა გამოთქვა და ნებაყოფლობით წარადგინა წინა მარცხენა ჯიბიდან შავი ფერის კალმისტარის მაგვარი საგანი, რაზეც განმარტა, რომ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე წარადგინა ვაზნა, რაც დაილუქა. ჩხრეკის შემდეგ შედგა ოქმი. ნ---------------ას რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორმა რ--------–----მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ნ---------------ას გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება ჩხრეკაზე, რის შემდეგაც ნ---------------ამ შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან წარადგინა შავი ფერის კალმის მსგავსი მეტალის საგანი, რომელიც ერთ ბოლოზე იხსნებოდა, სადაც იდო შავი ფერის ვაზნა და განმარტა, რომ იყო ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე წინა ჯიბიდან წარმოადგინა ერთი ვაზნა.

 

2018 წლის 12 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------–ში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ნ---------------ას თანხმობით ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნ---------------ამ ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან მისივე ხელით ამოიღო და წარადგინა რკინის კონსტრუქციის შავი ფერის კალმისმაგვარი საგანი, რომლის ბოლო ნაწილში მოთავსებულია პატარა ზომის ერთი ცალი ვაზნა. ნ---------------ამ განმარტა, რომ ეს საგანი არის ცეცხლსასროლი იარაღი და დამზადებულია კუსტარულად. ნ---------------ამ იმავე ჯიბიდან ამოიღო და წარადგინა ერთი ცალი პატარა ზომის ვაზნა, რაზეც განმარტა, რომ ეს ვაზნა განკუთვნილია ამავე საგნისთვის სასროლად. ამოღებული საგნები დაილუქა.

 

ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

2018 წლის 13 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების შაშხანის თუ პისტოლეტის ვაზნების გასასროლად ქარხნული წესით დამზადებული შენიღბული ტარების სასროლი მოწყობილობა, ე.წ. ,,სასროლი ავტოკალამი“ კუსტარულად დამზადებული ლულით, გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების 02 ცალი ვაზნა გასროლის წარმოებისათვის ვარგისია, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ--------–--–-----მა და განმარტა, რომ წარმოდგენილი შენიღბული ტარების სასროლი ავტოკალამი განკუთვნილია იმისთვის, რომ უცხო პირთა თვალის ასახვევად შესაძლებელი იყოს საჯაროდ მისი ტარება სპეცოპერაციის ჩატარებისას ან დანაშაულის ჩასადენად, რათა იმან, ვინც არაა გათვითცნობიერებული ვერ ამოიცნოს ადვილად, თუმცა მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად არაა საჭირო სპეციალური ცოდნა და ამას შეძლებს ცნობისმოყვარეობის შემთხვევაში ადამიანიც, რომ მოიყვანოს მოქმედებაში.

 

დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა ბრალდებული ნ---------------ა, რომელმაც არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 აპრილს დილის 11 საათი იქნებოდა მანქანასთან იპოვა პარკში მოთავსებული რაღაც, რაც სუვენირს, საწერ კალამს ჰგავდა და აიღო. ასევე იდო პარკში ვაზნის მაგვარი საგანი ერთი ცალი, რის შემდეგაც მოძრაობდა მანქანით და 12 საათი იქნებოდა, რომ დააკვეს სოფელ ჭ------–ში. მისივე განმარტებით არ იცოდა თუ ეს ნივთი იარაღი იყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

 

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტით ტერმინში ,,იარაღი“ იგულისხმება – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ნ---------------ასგან ამოღებული საგანი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს.

 

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,მ” და მ1 პუნქტებით საბრძოლო მასალაა მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებია მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა. ნ---------------ასგან ამოღებული საგნები ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება საბრძოლო მასალას.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ტ” პუნქტით იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო ,,ფ“ პუნქტით იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;

 

,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლში მითითებულია იმ პირთა წრე, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ასევე იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა ნ---------------ას არ გააჩნდა, შესაბამისად მას მასთან არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შეძენილი ჰქონდა და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც გადაადგილებისას ასეთი საგნები თან დააქვს პირს.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად ასეთი იარაღი და საბრძოლო მასალა კანონით დადგენილი წესით უნდა იქნეს შეძენილი და რეგისტრირებული, რომ შემდეგ გაიცეს ნებართვა მის ტარებაზე, ასეთი ნებართვა ნ---------------ას არ გააჩნდა.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ნ---------------ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ნ---------------ა ვერ მიხვდა თუ რა საგანი იქნა მის მიერ ნანახი, რომ ეს იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია, ვინაიდან ამოღებული ნივთი თავისი ფორმით გარეგნულად წააგავს საწერ კალამს და ექსპერტის განმარტებით განკუთვნილია ფარული, შენიღბული ტარებისთვის, რათა სხვა ადამიანი ვერ მიხვდეს რას წარმოადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტის გ--------–--–-----ის ჩვენებიდან გამომდინარე ამოღებული ნივთი არის შენიღბული ტარების ცეცხლსასროლი იარაღი, რათა იგი ვერ იქნეს ამოცნობილი, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი სხვა პირის ხელში, თუმცა ექსპერტისვე განმარტებით ცნობისმოყვარე ადამიანი, ანუ ვის ხელთაც აღმოჩნდება იგი არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ცოდნას, რომ ვერ მიხვდეს რაა იგი. უპრობლემოდ გაერკვევა ამაში ს-–----–ო განათლების მქონე ადამიანი და რაიმე სპეციალური ცოდნის გარეშე შეძლებს მოიყვანოს იგი საბრძოლო მოქმედებაში. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ამოღებული საგანი არის რკინის კონსტრუქციის და არა სხვა ისეთი მასალის, რომ ერთი შეხედვით ხელში დაჭერის შემთხვევაში ადამიანს არ შეექმნეს წარმოდგენა, რომ იგი არაა ჩვეულებრივი საწერი კალამი. ამავე დროს საგულისხმოა, თვით ნ---------------ას განმარტება, რომ იგი ვერ ერკვევა ცეცხლსასროლ იარაღებში, თუმცა შეხება ჰქონია სანადირო თოფთან და ვაზნებთან. სანადირო თოფი კი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს. მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომელიც არ იყო რეგისტრირებული. ნ---------------ას ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია მისი განმარტება, რომ ამოღებული ნივთი არის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ვაზნა განკუთვნილია ამავე საგნისთვის სასროლად. შესაბამისად ამ გარემოებებიდან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ ნ---------------ას ჩვენება არასარწმუნოა და მან იცოდა, რომ მის ხელთ არსებული საგანი წარმოადგენდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

 

გარდა აღნიშნულისა დაცვის მხარემ საეჭვოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან ნ---------------ას ჩხრეკის დაწყებამდე გასულია 1 საათზე მეტი დრო, მაშინ როცა ნ---------------ას განმარტებით მან დაახლოებით 2 კმ მანძილი მოძრაობის დაწყებიდან მის შეჩერებამდე დაფარა დაახლოებით 5 წუთში და მისი განმარტებით მისი შეჩერება მოხდა დაახლოებით 12 საათზე, რის შემდეგაც მივიდა გამომძიებელი და გააფორმეს დოკუმენტები. ჩხრეკის ოქმში კი დაწყების დრო მითითებულია 16:44 საათი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გარდა ნ---------------ას ჩვენებისა ის გარემოება, რომ იგი დაახლოებით 12 საათზე შეაჩერეს, ხოლო შემდეგ მივიდა გამომძიებელი და მოაწერინეს ხელი ოქმებზე არ დასტურდება არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი. ბრალდების მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიღებული იქნა შუადღით, დღის მეორე ნახევარში, რაც ასევე დადასტურებულია, როგორ პატაკით, ასევე მისი რეგისტრაციით. ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ნ---------------ას თანხმობით, მან ნებაყოფლობით წარადგინა ცეცხლსასროლი იარაღი, რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია, ჩხრეკის ოქმი დაადასტურა ხელისმოწერით. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა, ასევე დადასტურდა ნივთმტკიცებებით, შედგენილი იქნა ოქმები, შესაბამისად ჩხრეკის მონაწილე მოწმეების ჩვენებებში და ჩხრეკის ოქმით დადგენილ გარემოებებში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

 

დაცვის მხარემ ასევე საეჭვოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა თ------------------მ და რ--------–----მ მისცეს საწინააღმდეგო ჩვენებები, ვინაიდან თ------------------მ განმარტა, რომ ამოღებული იქნა ერთი ვაზნა, ხოლო რ--------–----მ მიუთითა, რომ იარაღთან ერთად ნ---------------ამ ცალკე წარმოადგინა კიდევ ერთი ვაზნა, ამავე დროს ექსპერტიზის დასკვნის მიმართვაში მითითებულია სამი ვაზნა, ხოლო დასკვნის მიხედვით გამოკვლეულია 2 ვაზნა, რომელთაგან ერთი გაიხარჯა, თუმცა არაა წარმოდგენილი გახარჯული მასრა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 13 აპრილის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიმართვაში მითითებულია, რომ იგზავნება ექსპერტიზის დასკვნა, 1 ცალი ვაზნა გაიხარჯა, ხოლო სასროლი ავტოკალამი და 3 ცალი მასრა გაიგზავნება ტყვიამასროთეკაში. დანართში მითითებულია - სასროლი მოწყობილობა და შაშხანის 1 ცალი ვაზნა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ---------------ას ჩხრეკის ჩამტარებელი თ------------------, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ---------------ამ წარადგინა კალმისმაგვარი საგანი და ვაზნა, ხოლო რ--------–----მ განმარტა, რომ ნ---------------ამ წარადგინა კალმის მაგვარი მეტალი, რომელშიც იდო შავი ფერის ვაზნა და ასევე წარადგინა 1 ცალი ვაზნა.

 

2018 წლის 13 აპრილის დადგენილებით დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, სადაც მიეთითა, რომ ნ---------------ასგან ამოღებული იქნა 2 ცალი ვაზნა. 2018 წლის 13 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია, რომ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი დალუქული პაკეტის მთლიანობა დარღვეული არაა. მისი გახსნისას მასში აღმოჩნდა შენიღბული ტარების სასროლი მოწყობილობა, რომლის ლულის სავაზნეში და პაკეტში მოთავსებული აღმოჩნდა ორი ვაზნა. მათგან ერთერთი იქნა გასროლილი ექსპერტის მიერ, რის შემდეგაც სასროლი მოწყობილობა და 1 ცალი ვაზნა დაილუქა. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სასროლი მოწყობილობით მისი ვარგისიანობის დასადგენად განხორციელდა ექსპერიმენტული გასროლები. დასკვნაში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია მასზე დართული ფოტოსურათებით. შესაბამისად მიმართვაში მითითებული 3 ვაზნა სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს იმ მასრებს, რომლებითაც განხორციელდა ექსპერიმენტული გასროლები, რაც შემდეგ გადაიგზავნა ტყვიამასროთეკაში, როგორც ამის შესახებ მითითებულია მიმართვაში, რის გამოც სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებში და ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, მით უმეტეს ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გ--------–--–-----მა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების და მტკიცებულებების შეფასებისას საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებისა თუ ვარაუდის არსებობა ან/და არარსებობა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს მტკიცებულებიდან, რის გამოც მნიშვნელობა აქვს მოწმეთა მიერ აღქმული და გადმოცემული ინფორმაციის უტყუარ და ლოგიკურ შესაბამისობას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ბრალდებისა და დაცვის მხარის ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებების სახით, რომლებიც სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ ფაქტებს - მათი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ უტყუარობას, ერთმანეთთან თავსებადობას და შესაბამისობას, თუ რამდენად ზუსტად, წვრილმანებში და დეტალურად ადასტურებენ ისინი იმ ფაქტებს, რომლის დასადგენადაც არიან წარმოდგენილნი და რამდენად შეესაბამებიან ისინი სხვა მტკიცებულებებს.

 

შესაბამისად სასამართლოს უტყუარად და სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალ-ცალკე აღებული და მთლიანობაში სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითებენ და ერთსა და იმავე ფაქტებს ადასტურებენ და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდებულს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით. მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.

დაცვის მხარე დაცვის განხორციელებისას ბრალდების მხარის მტკიცებულებებს უპირისპირებს მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას, ისე რომ მის მიერ მითითებული გარემოების დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ბრალდებულის უდანაშაულობის მტკიცება დაცვის მხარის პრეროგატივაა და როდესაც ის სასამართლოს სთავაზობს თავის ვერსიას შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პირობებში ეს ვერსია მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი ს-–----–ება და ხერხი უნდა გამოიყენოს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, ან მათ უტყუარობაში ეჭვის შესატანად საპირისპირო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ნ---------------ამ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 26 ივნისამდე რედაქციით).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ხელყოფილი იქნეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ან გამოყენებული იქნეს სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად. საგულისხმოა, რომ სახეზეა ისეთი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თავისი ფორმით შენიღბულია, რაც კიდევ უფრო მეტი საშიშროებით ხასიათდება, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას სხვა ალტერნატიული სასჯელის გარეშე და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას). შესაბამისად ბრალდებულს სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, ქმედებას არ გამოუწვევია რაიმე მატერიალური ან არამატერიალური ზიანი. ნ---------------ას არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, არ გაუწევია წინააღმდეგობა, მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს სახლში აღმოაჩნდა დაურეგისტრირებელი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მას დაუდასტურდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. სხვა რაიმე დადებითი ან უარყოფითი გარემოებები მისი წარსული ცხოვრებიდან არ არსებობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ნ---------------ას მიმართ სანქციის ფარგლებში უნდა დაინიშნოს სასჯელი მინიმუმზე მცირედ მაღალი ზომით, კერძოდ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 04 წლის და 06 თვის ვადით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განისაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელთა შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების საკითხი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით - თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება, შესაბამისად ნივთმტკიცების სახით არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ერთი ცალი ვაზნა უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ---------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 26 ივნისამდე რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ნ---------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 26 ივნისამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ნ---------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ---------------ას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 12 აპრილიდან.

 

ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ცალი ვაზნა გადაეცეს სახელმწიფოს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი