გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4581-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - მაი----------ია;
მოპასუხე - შპს ,,ელ---------ო’’;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს ,,,ელ---------ოს’’, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 908.95 (ცხრაას რვა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე - შპს ,,ელ---------ოს’’ დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------ს’’ (ამჟამად შპს ,,ელ---------ო’’) შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმებულ იქნა N-----7 ხელშეკრულება ქ. თბი-–------------------------2-ში მდებარე ობიექტის დაცვითი სიგნალიზაციის სამონატაჟო-საინსტალაციო სამუშაოების (შემდგომში მისი დაცვის მიზნით) ჩატარების შესახებ. 3.1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო სამუშაოები, რაც დაცვის მიერ შესრულდა ჯეროვნად და სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2 პუნქტის თანახმად, გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს ღირებულებით - 54.19 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია. ასევე არ შესრულდა 2015 წლის 06 მაისს გაფორმებული N------ ხელშეკრულება დამკვეთის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაცვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტის თანახმად, დაცვა ვალდებულებას იღებდა, განეხორციელებინა დამკვეთის მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალურ პუნქტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ, საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 100 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დაცვამ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 512.67 ლარი. 30.05.2017 წლის წერილის საფუძველზე, დამკვეთი გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების 5 ივნისიდან შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტისა და აპარატურის დემონტაჟის შემდეგ მოხდა მოპასუხის გაფრთხილება არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2 % ოდენობით, რამაც წარმოდგენილი დარიცხვით შეადგინა 342.09 ლარი. ამდენად, შპს ,,ელ---------ოს’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს როგორც ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება - 512.67 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლო - 342.09 ლარი, 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით. ასევე, მონტაჟის 54.19 ლარი, ანუ საერთო თანხით 908.95 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,ელ---------ოს’’’ წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 06 მაისს შპ-------------სა’’ (დამკვეთი) და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის დაიდო N------ ხელშეკრულება (საგანგაშო). 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას დამკვეთის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, მთაწმინდა-კრწანისის რაიონი, სამღებროს ქ. N6. 1.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 100 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადახდო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.6. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 6.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2 % ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 06 მაისის N------ ხელშეკრულება (საგანგაშო) (ს.ფ. 15-17)
3.1.2. 2015 წლის 14 ივლისს შპ-------------სა’’ (დამკვეთი) და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემსრულებელი) შორის დაიდო N-----7 ხელშეკრულება (მონტაჟი). ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უზრუნველყოფს დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას, დამკვეთის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, მთაწმინდა კრწანისის-რაიონი, კოტ--------------------2. 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 54.19 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. 3.2.2. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოები მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო ხელშეკრულების ინვოისით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა უზრუნველყოს შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 14 ივლისის N-----7 ხელშეკრულება (მონტაჟი) და ინვოისი (ს.ფ. 12-14)
3.1.3. 2015 წლის 21 ივლისს შპ-------------სა’’ (დამკვეთი) და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემსრულებელი) შორის შედგა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც შპ-------------ის’’ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში (ქ. თბილ---------------------------) შესრულდა დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია ზემოაღნიშნული დაცვითი ტექნიკის მონტაჟის ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, საერთო ღირებულებით 54.19 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 21 ივლისის დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18)
3.1.4. 2015 წლის 11 ნოემბერს შპ-------------ის’’ დირექტორმა განცხადებით მიმართ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსს და განმარტა, რომ შპ-------------ის’’ სავალუტო ობიექტი, მდებარე ქ. თბილისი, მთაწმინდა-კრწანისის რაიონი, სამღებროს N6, დაცულია შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ. განმცხადებელმა განმარტა, რომ შპ-------------მა’’ შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს ,,ელ---------ო’’ და დირექტორი ალექსანდრე გაბისონია შეიცვალა უჩა ქირიათი. განმცხადებელმა ითხოვა სათანად დოკუმენტაციის გადაფორმება და შპს ,,ელ---------ოს’’’ ობიექტის დაცვის ქვეშ აყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპ-------------ის’’ დირექტორის 11.11.2015 წლის განცხადება (ს.ფ. 58)
3.1.5. 2015 წლის 20 ნოემბრის N------ ურთიერთშეთანხმების თანახმად, 06.05.2015 წლის N------ ხელშეკრულების მხარეები - შპს ,,ელ---------ო’’ და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ამავე ხელშეკრულების 6.20 პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, შპ-------------ის’’ ნაცვლად, შპს ,,ელ---------ო’’ სრულად პასუხისმგებელია 06.05.2015 წლის N------ ხელშეკრულებასა და მისგან ნაწარმოებ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 20 ნოემბრის N------ ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 19)
3.1.6. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 30.11.2015 წლის N------- ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 13.05.2015 წლის N------- ბრძანების 1.1. პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება შემდეგი რედაქციით: ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს ქ. თბ--–-----------------------–ი მდებარე შპს ,,ელ---------ოს’’’ (ნაცვლად შპ-------------სა’’) ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 30.11.2015 წლის N------- ბრძანება (ს.ფ. 20);
3.1.7. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 30.05.2017 წლის N------- წერილით, შპს ,,ელ---------ოს’’ დირექტორს ეცნობა, რომ მათ მხრიდან დაცვის მომსახურების დავალიანების გამო, ურთიერთშორის 06.05.2015 წელს გაფორმებული N------ ხელშეკრულებების 6.6. პუნქტების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 05 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 30.05.2017 წლის N------- წერილი. (ს.ფ. 21)
3.1.8. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 01.06.2017 წლის N------- ბრძანებით, 05.06.2017 წლიდან შეწყვეტილ იქნა შპს ,,,ელ---------ოს’’ ობიექტის (თბილ--------------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 01.06.2017 წ. N------- ბრძანება (ს.ფ. 22)
3.1.9. 2017 წლის 13 ივნისის აქტის თანახმად, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 01.06.2017 წლის N------- ბრძანების საფუძველზე, შპს ,,ელ---------ოს’’ ობიექტზე, მდებარე ქ. თ---–----------------------, განხორციელდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი დაცვითი ტექნიკის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 ივნისის აქტი (ს.ფ. 28)
3.1.10. 2018 წლის 12 მარტის ცნობის თანახმად, შპს ,,ელ---------ოს’’) (ს/ნ 4--------) შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება ყოველთვიური მომსახურების - 512.67 ლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2 % - 342.09 ლარი, სულ დებიტორი 854.76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 მარტის ცნობა (ს.ფ. 25)
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 26)
- ვალები (ს.ფ. 27)
3.1.11. 12.06.2018 წლის ცნობის თანახმად, შპ-------------ს’’ (შპს ,,ელ---------ოს’’) (ს/ნ 4--------) 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 54.19 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.06.2018 წლის ცნობა (ს.ფ. 23);
- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 24);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ელ---------ოს’’ (ს/კ 4---------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 908.95 (ცხრაას რვა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ვინაიდან შპს ,,ელ---------ოს’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------ს’’ (შპს ,,ელ---------ოს’’) შორის 2015 წლის 06 მაისს გაფორმებული N------ ხელშეკრულება და 2015 14 ივლისს გაფორმებული N-----7 ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ - საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპ-------------ს’’ (ამჟამად შპს ,,ელ---------ო’’) შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმებულ იქნა N-----7 ხელშეკრულება ქ. თბი-–------------------------2-ში მდებარე ობიექტის დაცვითი სიგნალიზაციის სამონატაჟო-საინსტალაციო სამუშაოების (შემდგომში მისი დაცვის მიზნით) ჩატარების შესახებ. 3.1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო სამუშაოები, რაც დაცვის მიერ შესრულდა ჯეროვნად და სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2 პუნქტის თანახმად, გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს ღირებულებით - 54.19 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია. ასევე არ შესრულდა 2015 წლის 06 მაისს გაფორმებული N------ ხელშეკრულება დამკვეთის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაცვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტის თანახმად, დაცვა ვალდებულებას იღებდა, განეხორციელებინა დამკვეთის მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალურ პუნქტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ, საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 100 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დაცვამ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ობიექტის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შეადგინა 512.67 ლარი. 30.05.2017 წლის წერილის საფუძველზე, დამკვეთი გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების 5 ივნისიდან შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტისა და აპარატურის დემონტაჟის შემდეგ მოხდა მოპასუხის გაფრთხილება არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2 % ოდენობით, რამაც წარმოდგენილი დარიცხვით შეადგინა 342.09 ლარი. ამდენად, შპს ,,ელ---------ოს’’ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადასახდელი აქვს როგორც ობიექტის დაცვის მომსახურების დავალიანება - 512.67 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლო - 342.09 ლარი, 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით. ასევე, მონტაჟის 54.19 ლარი, ანუ საერთო თანხით 908.95 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - შპს ,,ელ---------ოს’’ მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ელ---------ოს’’ (ს/კ 4---------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 908.95 (ცხრაას რვა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - შპს ,,ელ---------ოს’’ (ს/კ 4---------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი