განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
200100118002621796
დავის ტიპი
273 , 265 1
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002621796

№1/262-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

23 ოქტომბერი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ქ------- ზ-------–---–ი

ბრალდებული: ა---------– ი------–---–ი

მამის სახელი: ნ--------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, დ---–--ის ქუჩა N7

მცხოვრები: ქ.თელავი, დ---–--ის ქუჩა N7

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის გაზაფხულზე, ა---------– ი------–---–მა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ.თელავი, დ---–--ის ქუჩა N7-ში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2018 წლის 10 აგვისტოს ჩატარებული ა---------– ი------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის შედეგად, შსს თ--–---------------–--------------–--ს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა სამი ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკშემცველ „კანაფის“ მცენარეს, საერთო წონით - 235,46 გრამს.

2. 2018 წლის აგვისტოს თვეში, ქ.თელავში, მდინარე ალაზნის პირას ა---------– ი------–---–მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სახელოსნოში.

3. 2018 წლის 10 აგვისტოს, ქ.თელავში, დ---–--ის ქუჩა N7-ში ჩატარებული ა---------– ი------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სახელოსნოს ჩხრეკისას, შსს თ--–---------------–--------------–--ს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა.

4. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა---------– ი------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სახელოსნოს ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა წარმოადსგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, საერთო წონით 179,38 გრამს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ზურაბ კევლიშვილის, გიორგი ბეჟაშვილის, მარიამ ახალმოსულიშვილის, რობერტ მანუჩარიშვილის გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

სამართლებრივი შეფასება:

 

6. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– ი------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

7. ბრალდებულმა ა---------– ი------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. სასამართლოს ბრალდებულ ა---------– ი------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

9. ა---------– ი------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის არ გამოყენების დასაბუთება:

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ჩადენილი დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“.

11. სასამართლო განმარტავს, რომ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-3 ნაწილის სიტყვების ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 14.07.2017. N1/9/701,722,725.), ანუ სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა თუ ეს ეხება 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვას, კულტივირებას ან მოყვანას. მოცემულ შემთხვევაში, ა---------– ი------–---–მა უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უწევდა 235,46 გრამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი „კანაფის“ მცენარეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილს, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია, ამიტომ მას არ უნდა დაენიშნოს სასჯელი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არ მქონედ, შესაბამისად, ნასამართლობა უკავშირდება სასჯელის დანიშვნას და შემდგომ მოხდას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ა---------– ი------–---–ს 265-ე მუხლის მეორე ნაწილით არ დაენიშნა სასჯელი ის ერთადერთი სასჯელი თავისფულების აღკვეთა, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლით, იგი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით ითვლება ნასამართლობის არ მქონედ. ნასამართლობა ყველა დანაშაულისათვის ინდივიდუალურად გამოითვლება.

13. აქედან გამომდინარე, ა---------– ი------–---–ის მიმართ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლით, ვინაიდან, მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში ის იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით ნასამართლობის მქონე პირი, რაც დაამძიმებს მის მდგომარეობას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

15. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა---------– ი------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

16. ა---------– ი------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არ დაენიშნოს სასჯელი.

17. ა---------– ი------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათი.

18. ა---------– ი------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

19. ა---------– ი------–---–ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე 05(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

20. ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

21. მცენარეული მასა, წონით 178,38 გრამი, მცენარის თესლი 1,02 გრამი და მცენარეები, საერთო წონით 206,34 გრამი, რაც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური