გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
330210018002578546
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/23497-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - რ----- თ------ი

წარმომადგენელი - ბ-----ი ქ----ა

მოპასუხე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ს------ო რამინაშვილი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს რ----- თ------ის სასარგებლოდ 10 ლარის გადახდა;

 

1.2. აეკრძალოს მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მოსარჩელე რ----- თ------ის ანგარიშებიდან კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 05 აგვისტომდე არსებული შესაძლო ვალდებულებების დაფარვის მიზნით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2018 წლის 26 ივლისს მოსარჩელის მეგობარმა სს ,,ს----------–--------ი’’-ს ფეი აპარატიდან ჩაურიცხა მას 10 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა ჩამოეჭრა მას ანგარიშიდან. მოსარჩელემ მიმართა სს ,,ს----------–--------ი’’-ს სერვის ცენტრს, მაგრამ ბანკის ოპერატორის განცხადებით ჩარიცხული 10 ლარი გაიქვითა 2005 წლის სასესხო დავალიანების დასაფარად.

 

მოპასუხის მხრიდან უკანონო ქმედებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სესხი, თუნდაც 2005 წლის და 2014 წლის, ამ დროისთვის ხანდაზმული იყო და აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა უკანონო და ზიანის მომტანია მოსარჩელისთვის, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ ჩამოჭრილი თანხის დაკისრება და ასევე აეკრძალოს 2015 წლის 05 აგვისტომდე არსებული ხანდაზმული სესხების დაფარვის მიზნით თანხების ჩამოჭრა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია რ----- თ------ის სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე სს ,,ს----------–--------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა მოგვიანებით დაზუსტებული შესაგებლის წარმოდგენის ფაქტზე, თუმცა მოპასუხეს რ----- თ------ის სარჩელთან მიმართებით არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება და არ წარმოუდგენია დაზუსტებული შესაგებელი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 26 ივლისს რ----- თ------ის ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატიდან ჩარიცხულია თანხა 10 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქვითარი (ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიერ მოსარჩელის ანგარიშზე 2018 წლის 26 ივლისს ჩარიცხული თანხის -10 ლარის ჩამოჭრის ფაქტი.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე შეტანილი თანხა მიმართა სასესხო ვალდებულების დასაფარად, რომელიც მოსარჩელის აზრით ხანდაზმულია. შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც ფაქტის მიმთითებელი მხარე, ვალდებული იყო დაესაბუთებინა მოპასუხის მხრიდან ამგვარი ქმედების ნამდვილად განხორციელების ფაქტი. აღნიშნულის დასადასტურებლად კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიციის გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენს ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, არ დასტურდება მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიერ მოსარჩელის ანგარიშზე 2018 წლის 26 ივლისს ჩარიცხული თანხის - 10 ლარის ჩამოჭრის ფაქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ რ----- თ------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 180-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ არსებული ფორმით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია 2018 წლის 26 ივლისს რ----- თ------ის ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატიდან ჩარიცხულია თანხა 10 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე სრულად ემყარება იმ ერთადერთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ ხანდაზმული სასესხო დავალიანების დასაფარად ჩამოაჭრა ავტომატურად მოსარჩელეს აღნიშნული თანხა. საქმის მასალებით კი არ დადასტურდა მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიერ მოსარჩელის ანგარიშზე 2018 წლის 26 ივლისს ჩარიცხული თანხის - 10 ლარის ჩამოჭრის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული განაპირობებს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აეკრძალოს მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მოსარჩელე რ----- თ------ის ანგარიშებიდან კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 05 აგვისტომდე არსებული შესაძლო ვალდებულებების დაფარვის მიზნით.

 

მოცემული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, საქმე Nას-121-117-2016). ამასთან, აღიარებითი სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იურიდიულ ინტერესზე და მის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართალია მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების აკრძალვას, თუმცა იგი წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში თავადვე ვერ უთითებს და ვერ ამტკიცებს მოპასუხის მხრიდან უშუალოდ მოსარჩელის რომელი უფლება ან კანონით დაცული ინტერესი დაირღვა და რა ქმედებაში გამოიხატა იგი. აღნიშნული კი გამორიცხავს დავასთან მიმართებით მოსარჩელის მართებული იურიდიული ინტერესის დასაბუთებულობას. ყოველივე ზემოაღნიშნული და აღიარებითი მოთხოვნისას იურიდიული ინტერესის არარსებობა კი გამორიცხავს რ----- თ------ის სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 15), რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----- თ------ის სარჩელი სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს:

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია