გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1072-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2.10.2018 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ე---------------+
წარმომადგენელი ანა ბარათაშვილი
მოპასუხეები გ------- კ------–---–ი
ნ-----–---- ტ----–---–ი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- კ------–---–ის და ნ-----–---- ტ----–---–ისათვის სესხის ძირითადი თანხის 9 000 აშშ დოლარის, სარგებლის 7 830 აშშ დოლარის, ჯარიმის 30 აშშ დოლარის, ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს 4 464 აშშ დოლარის დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2016 წლის 18 ოქტომბერს შპს „ე---------------+“-სა და გ------- კ------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 9000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10-დღე-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, 11-დან 20 დღემდე გადაცილებისათვის 20 აშშ დოლარს, 21-დან 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 30 აშშ დოლარს. 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ს.
სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ბენც CLS 55 AMG სარეგისტრაციო ნომერი F--------.
ნ-----–---- ტ----–---–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2016 წლის 18 ნოემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია ნ-----–---- ტ----–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 45 500 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ-----–---- ტ----–---–მა წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე გ------- კ------–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ შემდეგი გარემოებების გამო:
გ------- კ------–---–ს სესხის თანხა არ მიუღია. მას სესხის აღებაში დახმარება სთხოვა ოჯახის მეგობარმა მირზა მიქიაშვილმა. იგი არის მისი შვილის ნათლია. სესხის აღებაში დახმარება რამდენჯერმე სთხოვა და საბოლოოდ დათანხმდა. მეგობარმა განუმარტა, რომ ვალების გამო სესხის აღებას ვერ ახერხებდა და სთხოვა ე---------------+-სში დოკუმენტების გაფორმება. თავდაპირველად დამტკიცდა სესხი 8000 აშშ დოლარი, თუმცა მირზა მიქიაშვილის მერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ თანხა გაიზარდა და დამტკიცდა სესხი 9000 აშშ დოლარი. ნ-----–---- ტ----–---–ი არის მეუღლის დეიდაშვილი და სთხოვა სესხის გაფორმებაში დახმარება და თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება.
გ------- კ------–---–ის განმარტებით, ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ თანხა ევროკრედიტიდან მან აიღო და მაშინვე მირზა მიქიაშვილს მისცა. ავტომობილიც მან წაიყვანა. თავდაპირველად მირზა მიქიაშვილი მას სისტემატიურად უკავშირდებოდა და ჰპირდებოდა, რომ სესხის დაფარვის პრობლემები არ იქნებოდა. გრაფიკით გათვალისწინებული პირველივე შენატანი არ გადაიხადა, რის შემდეგ დაიწყო ავტომობილის ძებნა. სითიპარკის მიერ ამ ავტომობილის პარკირების წესების დარღვევის გამო მას ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ავტომობილი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. მანქანას ყარაულობდა იმ იმედით, რომ ვინმე წაიყვანდა, თუმცა როდის წაიყვანეს ვერ შეიტყო. ამის შემდეგ ავტომობილზე არაფერი სმენია და ვერც მირზა მიქიაშვილთან დაკავშირებას ახერხებს. სესხის ხელშეკრულების დადება მირზა მიქიაშვილის მხრიად მოტყუების შედეგად მოხდა და სესხის თანხა მას არ მიუღია.
(02.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა და უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 18 ოქტომბერს შპს „ე---------------+“-სა და გ------- კ------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული თაღლითობის შედეგად, რაშიც მონაწილეობდა გამსესხებლის შპს ევრო კრედიტ +-ის წარმომადგენელი.
2016 წლის 18 ოქტომბერს შპს „ე---------------+“-სა და გ------- კ------–---–ს შორის წერილობითი ფორმით დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 9000 აშშ დოლარი. სესხის ვადა 36 თვე. სესხის სარგებელია თვეში 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, 11-დან 20 დღემდე გადაცილებისათვის 20 აშშ დოლარს, 21-დან 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 30 აშშ დოლარს. 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ს.
სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი ბენც CLS 55 AMG სარეგისტრაციო ნომერი F--------.
ნ-----–---- ტ----–---–სა და შპს „ევროკრედიტ+“-ს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს წერილობით დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია გ------- კ------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 45 000 აშშ დოლარი.
მოპასუხეები სესხის ხელშეკრულების დადებაზე მათი ნების ნამდვილობას სადაოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია მირზა მიქიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად.
სესხის ხელშეკრულების დადების საკითხზე სისხლის სამართლოს საქმის გამოძიება დაწყებული არ არის და მირზა მიქიაშვილის მიერ მიერ თაღლითობის ჩადების ფაქტი გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული არ არის. გ------- კ------–---–ის გამოძიების დაწუყების მოთხოვნით განცხადება პოლიციაში არ წარუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოტყუების საფუძველზე გარიგების ბათილად აღიარებისათვის უნდა დადასტურდეს ასევე მოსარჩელი მონაწილეობა მოპასუხის მოტყუებაში, იცოდა თუ არა სესხის გამცემმა მირზა მიქიაშვილის ქმედების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხეების განმარტებით, მათი მოტყუების განზრახვით მოქმედებდა მირზა მიქიაშვილი, რომელიც სადაო ურთიერთობაში არ არის ხელშეკრულების მხარე. შესაბამისად, იგი არის მესამე პირი. ასეთ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს გამსესხებლის მონაწილეობა მსესხებლის მოტყუებაში - იცოდა თუ არა მირზა მიქიაშვილის ქმედების შესახებ შპს ევრო-კრედიტის უფლებამოსილმა პირმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას მირზა მიქიაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი არამართლზომიერი განზრახვის შესახებ.
მოპასუხის მიერ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ მირზა მიქიაშვილის ერთად მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით მოქმედებდა შპს ე---------------ის რომელიმე უფლებამოსილი პირი, ასევე არ არის მითითებული, რომ მირზა მიქიაშვილის ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდა გამსესხებლის წარმომადგენელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-14. ტომი 1)
- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 25-27. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (02.10.2018 სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სესხის ხელშეკრულება გამსესხებლის მხრიდან მოტყუების ან თაღლითობის შედეგად დადებული არ არის, რის გამოც მოპასუხეებს ეკისრებათ სესხის დაბრუნების ვალდებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 81-ე, 82-ე, 83-ე, 50-ე, 361-ე, 316-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე, 420-ე, 115-ე, 2811-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილები.
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- კ------–---–ს და შპს „ევროკრედიტ+“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, ასევე შპს „ე--------------- +“-სა და ნ-----–---- ტ----–---–ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ნამდვილი გარიგებაა. მოტყიების საფუძვლით სესხის და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, 1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნადვილია თუ გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.
დაუშვებელია გარიგების დადების მიზნით ნების გამოვლენის თავისუფლების ხელყოფა, გარიგების დადების მიზნით პირის იძულება ან მოტყუება.
ნების გამოვლენის ბათილობის ერთერთი საფუძველია მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობა, ხოლო მოტყუება ნების გამოვლენის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ერთერთი გამოვლინებაა. იგი ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით. მოტყუების შემთხვევაში უხეშად არის ხელყოფილი ნების გამოვლენის თავისუფლება, ვიდრე მაგალითად შეცდომის დროს. მოტყუების შემთხვევაში სახეზეა პირის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომლის მიზანია გარიგების მეორე მხარეზე ზემოქმედება გარიგების დადებაზე თანხმობის მისაღებად.
მოტყუებად მიიჩნევა პირის განზრახი მოქმედება რომლის მიზანია თავიდანვე ნების გამომვლენისათვის, ხელშეკრულების მხარისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნა და ამ გზით მისი ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა.
მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა ეს მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, განპირობებულია მისი მოტყუებით, მის ნების გამოვლენაზე არამართლზომიერი ზეგავლენით. მოტყუებად ითვლება კონტრაგენტის განზრახ შეცდომაში შეყვანა, მისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი წარმოდგენის შექმნა, ფაქტების განზრახ დამახინჯება ან მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ამასთან, ეს წარმოდგენები და ფაქტები გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი უნდა იყოს.
მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობებით ან სწორი ინფორმაციის დამალვით, კონტრაგენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენას, გარიგების დადებაზე თანხმობას. მომტყუებლის ქმედების მიზანი უნდა იყო გარიგების დადების მიზანი.
ამდენად, მოპასუხე მიუთითებს მესამე პირის მიერ მის მოტყუებაზე, რადგან მირზა მიქიაშვილის სესხის და თავდებობის ხელშეკრულების მონაწილე არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლი ითვალისწინებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად ისეთ შემთხვევას, როცა მოტყუება მომდინარეობს მესამე პირის მხრიდან. მესამე პირს კი წარმოადგენს ის პირი, რომელიც უშუალოდ არ არის სადაო ხელშეკრულების სუბიექტი. 83-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის მხრიდან მოტყუება გარიგების ბათილობას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.
ამდენად, 83-ე მუხლი გარიგების ბათილობის ისეთ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა მცდარი ინფორმაციის წყარო არის არა ხელშეკრულების მხარე, არამედ მესამე პირი, თუმცა გარიგების ბათილობას ეს გარემოება იწვევს იმ შემთხვევაში, როცა გარიგების მონაწილემ იცის და უნდა სცოდნოდა ამის შესახებ შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისას უნდა დადგინდეს ორი ფაქტობრივი გარემოება: მოტყუება მომდინარეობს თუ არა მესამე პირის მხრიდან; მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ იცის თუ არა გარიგების იმ მხარემ, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან, ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას მოტყუების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მესამე პირად მიიჩნევა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს გარიგების დადებისკენ მიმართული ქმედებები ერთერთი მხარის სასარგებლოდ. იურიდიული ლიტერატურაში აღიარებულია, რომ თავდებობის კისრებისას, თუ თავდებს მოვალე ბოროტი განზრახვით ატყუებს, აქ იგი მესამე პირად გვევლინება, იგივე წესი მოქმედებს მოვალის მხრიდან კრედიტორის მოტყუების შემთხვევაში. სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორებს მხოლოდ მაშინ შეერაცხებოდა მათ თანაპარტნიორის ტყუილი, თუ სახეზეა 83,1 მუხლის წინაპირობები“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. 2017 წლის გამოცემა. გვ. 479.)
სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგებიდან სარგებლის მიღებაში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სარგებლის მიღება, და არა მხოლოდ მატერიალური, ქონებრივი სარგებლის მიღება, ამდენად, სარგებლის მიმღებ მხარედ მიიჩნევა ის პირი, რომელსაც გარიგების საფუძველზე უფლებები და მოთხოვნები წარმოეშვა.
სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის მიმღები სუბიექტია გამსესხებელი, რადგან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მას წარმოეშვება სესხის და სესხის სარგებლის მიღების მოთხოვნის უფლება. სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელია შპს „ე---------------+“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიმართ თაღლითობის დადასტურების შემთხვევაშიც კი გარიგების ბათილობისათვის საკმარისი საფუძველი ეს ფაქტი არ იქნება. სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, გარიგება ასეთ შემთხვევაში ბათილია, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელს - შპს „ე---------------+“-სს. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შპს „ევრო-კრედიტ+“-ისათვის ცნობილი იყო მირზა მიქიაშვილის განზრახვის შესახებ ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა მირზა მიქიაშვილის არამართლზომიერი ქმედებების შესახებ.
ამდენად, მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე წარმოიშვა მისი შესრულების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. გ------- კ------–---–ს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება ძირითადი თანხის 9000 აშშ დოლარის და ვალდებულების დარღვევიდან სარჩელი აღძვრამდე პერიოდის სარგებლის 7830 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ნ-----–---- ტ----–---–ს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რადგან ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ნ-----–---- ტ----–---–თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა გ------- კ------–---–ის სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო პირგასმატეხლოს დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადად გადასახდელი ჯარიმა 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში 30 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთდროულად როგორც სესხის დაბრუნება, ისე პირგასამტეხლოს დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მოვალის ინტერესებში კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 9000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია 4464 აშშ დოლარი, რაც არის სესხის ძირითადი თანხის თითქმის ნახევარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადის გადაცილების ხანგრძლივი დროის მიუხედავად მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია და მხოლოდ მოპასუხის დასჯას ისახავს მიზნად. პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისათვის გასათვალისწინებელია ასევე თავად კრედიტორის გულისხმიერი დამოუკიდებულება მისი სახელშეკრულებო უფლებების განხორციელების საკითხში. მოპასუხეებმა სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვიეს 2016 წლის დეკემბრის თვიდან, რადგან საერთოდ არ განხორციელდა ფულადი შენატანი სესხის დასაბრუნებლად. მართალია მოსარჩელემ მიიღო ზომები დაგირავებული ავტომობილის მოძიებისათვის, მაგრამ გირავნობის მოწმობა მან მიიღო 2017 წლის 5 სექტემბერს, ვალდებულების დარღვევიდან თითქმის 1 წლის შემდეგ. ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 10 აპრილს. ამდენად, კრედიტორმა დროულად არ მიიღო ზომები სესხის იძულებით გადახდევინებისათვის. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს თიუთოუელ ვადაგდაცილებულ დღეზე 0,01%--თ, რაც ვადის გადაცილების 496 დღეში შეადგენს ჯამურად 446,4 აშშ დოლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო ოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ეს ოდენობა არის გონივრული თანხა, რადგან ამ ოდენობით თანხის დაკისრებით მოვალეებს ეკისრებათ ისეთი სანქცია რაც მათ მეტისმეტად მძიმე ტვირთად არ აწვებათ და ამასთან უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით დაწყებული იძულებითი აღსრულების ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.
მხარეებს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 2811-ე მუხლის მე-6 ნაწილისგან განსხვავებულ შეთანხმებას არ შეიცავს, რადგან ხელშეკრულების 6.8 პუნქტის მიხედვით, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მსესხებელს/დამგირავებელს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლისა და სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის, ასევე გირავნობის მოწმობის გაცემისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ მოპასუხეებს.
ამდენად, მოპასუხეების ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 9000 აშშ დოლარი, სარგებელი 7830 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 446,4 აშშ დოლარი - ჯამურად 17276,4 აშშ დოლარს. ასევე გირავნობის მოწმობის საფასურს 100 ლარს და დაგირავებული ავტომობილის იძულებით გადაცემის მიზნით გადახდილ აღსრულების საფასურს 100 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 21 294 აშშ დოლარის 80%, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკისრებული თანხის 80%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1556.65 ლარის 80%-ს 1245.32 ლარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „ე---------------+“ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. გ------- კ------–---–ს და ნ-----–---- ტ----–---–ს დაეკისროთ შპს „ე---------------+“ისათვის 17 276.4 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;
1.2. გ------- კ------–---–ს და ნ-----–---- ტ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ე---------------+“ისათვის გირავნობის საგნის გადაცემის მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯების 100 ლარის და გირავნობის მოწმობის გაცემის საფასურის 50 ლარის ანაზღაურება;
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 4017,6 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში;
2. გ------- კ------–---–ს და ნ-----–---- ტ----–---–ს დაეკისროს შპს „ე---------------+“ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1245.32 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
1.