გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36427-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ნუ-------–-–---–ი
მ--------------ა-------------–--–---–ი
დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მა-------------–--–---–ს ნუ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 19300 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 05 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, გარდაიცვალა სამი ადამიანი. მათ შორის თა--------–-–---–ი, ნუ-------–-–---–ის შვილი. შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე. პროკურორმა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილი თა--------–-–---–ის დეიდა - მა-------------–--–---–ი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. კერძოდ, მა-------------–--–---–მა განცხადებაში მიუთითა, რომ თა--------–-–---–ს დედასთან - ნუ-------–-–---–თან არ ჰქონდა ურთიერთობა და რომ ნუ-------–-–---–ი არ არის სრულ ჭკუაზე. მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარესა და ბრალდებულს - ალ------------------–---–ს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. კონსულტაციის ოქმში (რომელსაც ადგენს გამომძიებელი ან პროკურორი), რომელიც შედგა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მა-------------–--–---–თან, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი საპროცესო შეთანხმებისა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, არ აქვს პრეტენზია ბრალდებულთან და ბრალდებულმა მას აუნაზღაურა ზიანი. მა-------------–--–---–მა ბრალდებულისაგან აიღო 10 000 აშშ დოლარი, 19 300 ლარი მაშინდელი კურსით, როგორც ზიანის ანაზღაურება. თანხის აღების შემდეგ, მა-------------–--–---–ს გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრის, დედის - ნუ-------–-–---–ისათვის არ გადაუცია თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მას კანონით ჰქონდა ამის ვალდებულება, რადგან თვითონ არ იყო თა--------–-–---–ის მემკვიდრე და არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აღებული თანხა ეკუთვნოდა სწორედ მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მა-------------–--–---–ი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი ზიანისათვის გადახდილი თანხის მესაკუთრეობას არ ნიშნავს. ნუ-------–-–---–ი შეეცადა აეხსნა დისთვის, რომ აღებული 10 000 აშშ დოლარი არ იყო მისი საკუთრება და მან აღნიშნული თანხა არაკეთილსინდისიერად მიიღო, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ნუ-------–-–---–ისათვის გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მა-------------–--–---–ის თა--------–-–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობა მოხდა იმ საფუძვლით, რომ დაოჯახებამდე თა--------–-–---–ი ცხოვრობდა მასთან. ხოლო, თუ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა აღნიშნულს, შეეძლო გაესაჩივრებინა კანონის მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა მან ეს არ გააკეთა. რაც შეეხება თანხას (თუმცა მოსარჩელე თანხის ოდენობას საიდან უთითებს გაურკვეველია), მართალია არსებობს მოსარჩელის მიერ მითითებული თანხმობა, რომელსაც მა-------------–--–---–ი აწერს ხელს (თუმცა იქ ზიანის ანაზღაურებაზე არანაირი მითითება არაა გაკეთებული), თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობა იყო და გამომდინარეობდა იმ საფუძვლიდან, რომ მა-------------–--–---–ი იყო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი საქმეზე, ხოლო შედეგი დაზარალებულის დედის, მოსარჩელე მხარის მიმართ დადგა, რაც მოიაზრებს მის მიმართ ფულადი თანხის გადახდას, ზიანის ანაზღაურების სახით.
მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ პროკურორის მიერ ნუ-------–-–---–ისათვის გამოგზავნილი წერილის თანახმად, მოსარჩელეს აუნაზღაურდა ზიანი. კერძოდ წერილში აღნიშნულია შემდეგი:“... ალ------------------–---–მა აგინაზღაურათ მიყენებული ზიანი და მის მიმართ არც თქვენ და არც თქვენს ნათესავს პრეტენზია არ გქონდათ. ანალოგიური დაადასტურეთ საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორთან გასაუბრებისას“.... ასევე, აღნიშნული წერილის ბოლო აბზაცში მითითებულია: „... უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გათვალიწინებულ იქნა თქვენი ინტერესებიც და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა, ვიდრე თქვენ მიერ არ იქნა წარმოდგენილი განცხადება სადაც ცალსახად იყო მითითებული თქვენი პოზიცია ზიანის ანაზღაურებასთან და ალ------------------–---–ის მიმართ პრეტენზიის არ ქონასთან დაკავშირებით..“
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 05 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოავარია, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა სამი ადამიანი. თე-----------ა-–----ე, მისი მეუღლე - თა--------–-–---–ი და შვილი - ლი-------–---ძე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე №0----------- ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ალ------------------–---–ი, ხოლო დაზარალებული - თა--------–-–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი დეიდა - მა-------------–--–---–ი. მა-------------–--–---–ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა მოხდა საგამოძიებო ორგანოსათვის თა--------–-–---–ის ახლობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რომ ეს უკანასკნელი დაოჯახებამდე ცხოვრობდა დეიდასთან, რაც დაკითხვისას, ასევე დაადასტურა მა-------------–--–---–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 30.12.2016წ. №13/------54 წერილი (იხ. ს.ფ. 27-28);
- 06.09.2014წ. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (იხ. ს.ფ. 101-102);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ნუ-------–-–---–ი არის 2014 წლის 05 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი - თა--------–-–---–ის დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 2014 წლის 09 დეკემბერს მა-------------–--–---–ის მიერ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორის მიმართ წარდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, სადაც მითითებულია, რომ მა-------------–--–---–ს, რომელიც არის დაზარალებულის - თა--------–-–---–ის უფლებამონაცვლე, ბრალდებულ ალ-------------------------------–---–ის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნია და არც შემდეგში ექნება. მან, ასევე თანხმობა განაცხადა ბრალდებულის მიმართ გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პირობითი სასჯელი.
2014 წლის 22 დეკემბერს ნუ-------–-–---–ის მიერ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორის მიმართ წარდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მძღოლ ალ------------------–---–ის მიმართ არც ნუ-------–-–---–ს და არც მის ნათესავებს არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც შემდგომში ექნებათ. მან, ასევე თანხმობა განაცხადა ალ------------------–---–ი მიმართ განხორციელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პირობითი სასჯელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 09.12.2014წ. თანხმობა (იხ. ს.ფ. 66);
- 22.12.2014წ. განცხადება (იხ. ს.ფ. 124-125);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. №0----------- სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვის შემდეგ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, დაკმაყოფილდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ზუ-----–-------–ის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულს - ალ------------------–---–ს შორის 2014 წლის 24 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 30.12.2016წ. №13/------54 წერილის თანახმად, ზემოთ აღნიშნული პროცედურის პარალელურად, პროკურორმა გაიარა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა - საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით დაზარალებულთან კონსულტაცია, რა დროსაც დაზარალებულების უფლებამონაცვლეებმა გამოხატეს თანხმობა ბრალდებულთან საპროცესო შეთახმების გაფორმების თაობაზე, ვინაიდან მათ ალ------------------–---–მა ზიანი აუნაზღაურა. აღნიშნული დადასტურებულია ნოტარიული წესით დამოწმებულ განცხადებებში. წერილში, ასევე მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გათვალისწინებულ იქნა ნუ-------–-–---–ის ინტერესებიც და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა ვიდრე ამ უკანასკნელის მიერ არ იქნა წარდგენილი განცხადება, სადაც ცალსახად იყო მითითებული ნუ-------–-–---–ის პოზიცია ზიანის ანაზღაურებასთან და ალ------------------–---–ის მიმართ პრეტენზიის არ ქონასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 30.12.2016წ. №13/------54 წერილი (იხ. ს.ფ. 27-28);
- გორის რაიონული სასამართლოს 24.12.2014წ. განაჩენი (იხ. სფ. 119-121);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. ნუ-------–-–---–მა ბრალდებულის - ალ------------------–---–ის მეუღლის - ლი----–-----–--–---–ისაგან №0----------- სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიიღო - 3 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.12.2014წ. ხელწერილი (იხ. ს.ფ. 103);
- განცხადება (იხ. ს.ფ. 99-100);
- მოწმის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი 13:34:12სთ.-13:19:39სთ.);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ერ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მა-------------–--–---–მა, როგორც დაზარალებულის - გარდაცვლილი თა--------–-–---–ის უფლებამონაცვლემ, ალ------------------–---–ისაგან ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიიღო 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი - 19 300 ლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მა-------------–--–---–მა როგორც დაზარალებულის (გარდაცვლილი თა--------–-–---–ი) უფლებამონაცვლემ, ალ------------------–---–ისაგან ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიიღო 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი - 19 300 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი, ზემოთ მითითებული პრინციპიდან გამომდინარე, ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 30.12.2016წ. წერილი, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულების უფლებამონაცვლეებმა გამოხატეს თანხმობა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ვინაიდან მათ ალ------------------–---–მა ზიანი აუნაზღაურა. წერილის თანახმად, აღნიშნული დადასტურებულია ნოტარიული წესით დამოწმებულ განცხადებებში. ამასთან, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები. შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოდან წარმოდგენილ იქნა ამავე სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც პროკურორსა და ბრალდებულ ალ------------------–---–ს შორის დამტკიცდა 2014 წლის 24 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება. წარმოდგენილ იქნა, ასევე მა-------------–--–---–ის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 09 დეკემბრის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა, სადაც აღნიშნულია, რომ მა-------------–--–---–ს, რომელიც ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, ბრალდებულ ალ-------------------------------–---–ის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნია, არც შემდეგში ექნება და თანახმაა ბრალდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პირობითი სასჯელი. ასევე, ნუ-------–-–---–ის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 22 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მძღოლ ალ------------------–---–ის მიმართ არც ნუ-------–-–---–სა და არც მის ნათესავებს პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნიათ, არც შემდგომში ექნებათ და ეთანხმება ალ------------------–---–ის მიმართ განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პირობითი სასჯელი.
ამას გარდა, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე ნუ-------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 24.12.2014წ. განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ ცნობილი ალ------------------–---–ი, რომელმაც განაცხადა რომ არც მას და არც მის ოჯახის წევრებს მოპასუხე მა-------------–--–---–ისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით არანაირი თანხა არ გადაუციათ. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს რომ ნუ-------–-–---–მა ზიანის ანაზღაურების მიზნით, ალ------------------–---–ის მეუღლისაგან - ლი----–-----–--–---–ისაგან მიიღო - 3 000 აშშ დოლარი.
ამდენად, ზემოთ განხილული და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება მა-------------–--–---–ის მიერ ალ------------------–---–ისაგან ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის - 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 19 300 ლარის მიღების ფაქტი. რაც შეეხება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 30.12.2016წ. წერილში მითითებულ გარემოებას, რომ - ალ------------------–---–მა დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს ზიანი აუნაზღაურა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების დასტურად წერილში მითითებულია ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, მითითებულ განცხადებებში, კი როგორც ზემოთ არაერთხელ იქნა აღნიშნული, არაფერია ნათქვამი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომლის დადასტურების ვალდებულება სამოქალაქო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, სწორედ მის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 30.12.2016წ. №13/------54 წერილი (იხ. ს.ფ. 27-28);
- გორის რაიონული სასამართლოს 24.12.2014წ. განაჩენი (იხ. სფ. 119-121);
- 22.12.2014წ. ხელწერილი (იხ. ს.ფ. 103);
- განცხადება (იხ. ს.ფ. 99-100);
- მოწმის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი 13:34:12სთ.-13:19;39სთ.);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ-------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე, 105-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.
კანონმდებელი აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს შესრულების მიღების ნამდვილობის დადგენას, რადგანაც აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებული გარემოება უტყუარად არ იქნება დადგენილი, სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის წინაპირობა არ იარსებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე–2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა შეგროვების წესი და დაადგინა, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამდენად, მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა და წარმოდგენა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი.
მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მა-------------–--–---–მა, როგორც დაზარალებულის (გარდაცვლილი თა--------–-–---–ის) უფლებამონაცვლემ, ალ------------------–---–ისაგან ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიიღო 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი - 19 300 ლარი. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითად სათანადოდ და კვალიფიციურად დადასტურდებოდა აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ-------–-–---–ის სარჩელის უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა დადასტურებული მანანა რთველიაშვილის მიერ ზემოთ აღნიშნული თანხის მიღების ფაქტი, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს იმსჯელოს სადავო თანხის მიღებასთან დაკავშირებით ნუ-------–-–---–ის უფლებამოსილების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ნუ-------–-–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნუ-------–-–---–ის სარჩელი მა-------------–--–---–ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე