განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---- ნ--------- ძე ა------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1--- წლის 8-------–ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–-- რაიონის სოფელი ბ-----ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის ივლისის ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ-----–-- რაიონის სოფელ ბ-----ში, გ---- ა------ემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს მ----ა მ------–---–ს. კერძოდ, დაარტყა ხელები სახეში რამდენჯერმე, თმები მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც მ----ა მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, ვინაიდან იყო ქალი და მოითხოვდა მისგან მონურ მორჩილებას. აღნიშნული ქმედებით მ----ა მ------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
გ---- ა------ის ქმედებით მ----ა მ------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
1.2.2018 წლის ივნისის თვის დასაწყისში, თ---–--–-, ა----–-, ი-------- ქ.#13-ში გ---- ა------ემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს მ----ა მ------–---–ს, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, მოქაჩა თმები ძლიერად, რის შედეგადაც მ----ა მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფზიკური ტკივილი. ასევე მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, ვინაიდან იყო ქალი და მოითხოვდა მისგან მონურ მორჩილებას. აღნიშნული ქმედებით მ----ა მ------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
გ---- ა------ის ქმედებით მ----ა მ------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
1.3. 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ---–--–-, ზ-------- ქუჩის #11, ბინა #4--–ი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ---- ა------ემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს მ----ა მ------–---–ს, კერძოდ დაარტყა ხელები სახის არეში რამდენჯერმე, მოქაჩა თმები ძლიერად, წააქცია იტაკზე, რის შემდგომაც მ----ა მ------–---–მა შეძლო თავის დაღწევა, გაიქცა გარეთ, თუმცა გ---- ა------ე დაედევნა და მათი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით მდებარე კორპუსის კედელზე ძლიერად მიაჯახა და განაგრძობდა მის ცემას. მ----ა მ------–---–ი ითხოვდა დახმარებას, რა დროსაც გამოიარა ორმა უცნობმა პირმა, რის გამოც შეწყვიტა ცემა გ---- ა------ემ და გაიქცა.
გ---- ა------ის ქმედებით მ----ა მ------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა გ---- ა------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის დადასტურებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ----ა მ------–---–ის და მოწმეების - მ-----–---------------–-----------------–-------------------------------------------–------- გამოკითხვის ოქმებს, გარეგნული დათვალიერების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ---- ა------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.2. წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ---- ა------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ----ა მ------–---–თან, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, შედეგად მსხვერპლი განიცდიდა ტანჯვას და იმყოფებოდა მორალური სტრესის ქვეშ. მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ გ---- ა------ემ 2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, 2018 წლის ივნისში და 2018 წლის 13 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - დაზარალებულ მ----ა მ------–---–ს, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის ივნისის თვეში მოძალადემ მსხვერპლზე ძალადობა განახორციელა ორი არარსულწლოვანი შვილის ა----------ის (12 წლის) და გ------- ა------ის (4 წლის) თანდასწრებით, ხოლო 2018 წლის 13 ივლისის ძალადობის ეპიზოდს ესწრებოდა ერთი არასრულწლოვანი გ------- ა------ე, ასევე გამოიკვეთა ძალადობის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და ჩაგვრა. ამონარიდი მსხვერპლის მ----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმიდან ,, ...მკეტავდა სახლში და მეუბნებოდა, რომ ვიყავი ქალი და ჩემთვის გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა...“, ,, ...გ----მ ჩამიკეტა სახლის კარები და ბოლო ხმაზე ღრიალებდა და მეუბნებოდა, რომ სახლიდან გასვლის უფლებას არ მომცემდა...“, ,,... ვცდილობდი სახლიდან არ გამოვსულიყავი და ჩამეცვა მეუღლის მოსაწონი ფერის ტანისამოსი, ასევე ვცდილობდი მეზობლებს ნაკლებად დავკონტაქტებოდი, რადგან ამაზეც არ წამჩხუბებოდა...“, ,, ...ყოველდღიურად მლანძღავდა და მაგინებდა და არ კმაროდა ის, რომ მისი უაზრო და უსაფუძლო ეჭვების გამო სახლიდან გარეთ აღარ გამოვდიოდი...“. დანაშაულის მოტივმა გამოავლინა ბრალდებულის მიდრეკილება დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად და მორალურად, დაამციროს და ამით დაიმკვიდროს თავი.
3.3. დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად - მეუღლე.
3.4. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.5.,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.7. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ---- ა------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ---- ა------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა, ასევე დანაშაულის მასშტაბი: ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, ერთდროულად როგორც ფიზიკური ძალადობის ჩადენა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლში დეკლარირებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სასჯელის დანიშვნის დროს. დასახელებული ნორმის მიხედვით, სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა, რომ მოძალადე მსხვერპლზე ძალადობდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს უწესებდა შეზღუდვებს იმის გამო, რომ ის იყო ქალი, ჩაგრავდა და ამცირებდა. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე დანაშაულის მასშტაბზე: ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, ერთდროულად როგორც ფიზიკური ძალადობის ჩადენა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ოჯახში ძალადობა ძირითადად ხდებოდა არასრულწოვნების თანდასწრებით, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც ძალადობის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. ძალადობამ შესაძლებელია სავალალო ზემოქმედება იქონიოს არასრულწლოვანთა ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას და დამატებით ხაზს უსვამს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას.
5.4. პასუხისმგებლობის ზემოთ დასახელებული დამამძიმებელი გარემოებები გადაწონის ერთადერთ შემამსუბუქებელ გარემოებას – გ---- ა------ის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, შესაბამისად, იგი მნიშვნელოვან ასახვას ვერ ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე. ძალადობის მოტივის და მასშტაბის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გ---- ა------ის გარკვეული პერიოდით იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, 2(ორი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---- ა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.
2. გ---- ა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 10(ათი) თვის ვადით.
3. გ---- ა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით სრულად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ---- ა------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივლისის განჩინებით გ---- ა------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
2(ორი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა