გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310118002410124
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2430-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ლ--–- პ-------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - მ------ ი--–---–ი

 

მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ------ ი--–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ლ--–- პ-------–---–ის სახელზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ - ლ--–- პ-------–---–მა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილებით ლ--–- პ-------–---–ს მისი 2018 წლის 5 იანვრის N0--------------- განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად განემარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა ლ--–- პ-------–---–ის განცხადება და უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-18).

 

4.1.2. ლ--–- პ-------–---–მა 2018 წლის 27 თებერვალს N4---- საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მის სახელზე პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 მარტის №0---------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლ--–- პ-------–---–ის 2018 წლის 27 თებერვლის N4---- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 მარტის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-24);

- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 19-20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-3 თავში მოცემულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

დადგენილია, რომ ლ--–- პ-------–---–მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 01 თებერვლის №0-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ--–- პ-------–---–ის განცხადება და უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით განემარტა განმცხადებელს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოსარჩელე არ იზიარებს მოპასუხის აღნიშნულ განმარტებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული პირობის გამო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არის უკანონო, კანონის არასწორი განმარტების შედეგი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა. კანონი შესაძლებლად მიიჩნევს პირადობის მოწმობის ელექტრონული მონაცემებით არსებობასაც.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, 2018 წლის 26 მარტის N0---------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა 2018 წლის 27 თებერვლის N4---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება.

 

7.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ კანონის ასეთი სახით განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომელთა პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა გავიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს, უკავშირებს რელიგიურ მოსაზრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რელიგიური მოსაზრების გამო არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ლ--–- პ-------–---–მა მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის #ბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–- პ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე