გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21199-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს „არ---“
წარმომადგენლები - ბე---–-----–-ა, ქრ---------------ე
მოპასუხე - ი.მ. და------–-----ე
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი.მ. და------–-----ეს სს „არ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3915.58 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „კა-----–----------ა“ ი.მ. და------–-----ეს 2015 წლის 08 მაისიდან 2016 წლის 11 ოქტომბრამდე აწვდიდა პროდუქციას რეალიზაციისათვის. კერძოდ, ლუდსა და უალკოჰოლო ან/და დამტკბარ სასმელებს როგორიცაა: ლიმონათი, ხილის სასმელები, კოლა, ორანჟადი, ტონიკები და ა.შ. აღნიშნულ პერიოდში შპს „კა-----–----------ამ“ ი.მ. და------–-----ეს მიაწოდა - 38 660.96 ლარის პროდუქცია, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებულ იქნა - 34 745.38 ლარი. შესაბამისად, დასაფარი დარჩა - 3915.58 ლარი.
სს „არ---მ“ 2017 წელს შეისყიდა შპს „კა-----–----------ას“ აქტივები დებიტორულ დავალიანებებთან ერთად.
მოპასუხე თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ ანაზღაურებს მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას, რის გამოც მოსარჩელე განიცდის მატერიალურ ზიანს.
მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ მყიდველისათვის მიწოდებული ზედნადებიდან გადახდილი თანხები არ ემთხვევა კონკრეტული ზედნადებით გათვალისწინებულ თანხას, ვინაიდან მომსახურების მეთოდი იყო კონსიგნაცია, ამიტომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს მიწოდებულსა და გადახდილ შორის არსებულ სხვაობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი რეალიზებული პროდუქციის შესაბამის ღირებულებას პირად, სახელფასო ანგარიშზე ურიცხავდა შპს „კა-----–----------ას“ თანამშრომელს, ვისაც აძლევდა შეკვეთებს, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „კა-----–----------ა“ 2015 წლის 08 მაისიდან 2016 წლის 11 ოქტომბრამდე ი.მ. და------–-----ეს აწვდიდა პროდუქციას - ლუდს და უალკოჰოლო სასმელებს, შემდგომი რეალიზაციისათვის.
აღნიშნულ პერიოდში შპს „კა-----–----------ამ“ ი.მ. და------–-----ეს მიაწოდა - 38 660.96 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა - 34 745.38 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრუნვის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 17-20);
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. სარჩელზე დართული DVD დისკი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. 2017 წლის 15 მარტს შპს „კა-----–----------ასა“ (მოთხოვნის დამთმობი) და სს „არ---ს“ (მოთხოვნის მიმღები) შორის გაფორმდა შეთანხმება მოთხოვნების დათმობის შესახებ, რომლითაც მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის მიმღებს გადასცა 2017 წლის 14 მარტისათვის არსებული ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირის, სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანოების მიმართ არსებული ნებისმიერი მოთხოვნა, მათ შორის სასამართლოთი, სააღსრულებო ფურცლებით დადგენილი მოთხოვნები, დებიტორული დავალიანებები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების მიერ ნებისმიერი ნორმატიული აქტით განსაზღვრული/დადგენილი მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.03.2017წ. შეთანხმება მოთხოვნების დათმობის შესახებ (იხ. 08.10.2018წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე ი.მ. და------–-----ეს სრულად არ აქვს გადახდილი შპს „კა-----–----------ას“ მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და მისი დავალიანება სს „არ---ს“ (15.03.2017წ. შეთანხმებიდან გამომდინარე) მიმართ შეადგენს - 3915.58 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ი.მ. და------–-----ისათვის მიწოდებული პროდუქციის გადაუხდელი ღირებულების - 3915.58 ლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, ასევე რეალიზებული/მიწოდებული პროდუქციის ღირებულებისა და გადახდილი თანხების ბრუნვის ამონაწერი. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი. რომელსაც არათუ არ ერთვის მოპასუხის პოზიციის (არ ცნობს სარჩელს) დამადასტურებელი მტკიცებულებები, არამედ არ არის მითითებული არც შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. ხოლო, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ მის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა შპს „კა-----–----------ას“ თანამშრომლის, ე.წ. ვაიზერის პირად, სახელფასო ანგარიშზე, ვისაც უშუალოდ აძლევდა პროდუქციის შეკვეთას. თუმცა, მოპასუხეს მოსარჩელის განმარტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ შეუთავაზებია მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება.
3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „კა-----–----------ა“ ი.მ. და------–-----ეს აწვდიდა პროდუქციას 2015 წლის 08 მაისიდან 2016 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. ამ პერიოდში პარალელურად ხდებოდა, როგორც პროდუქციის მიწოდება, ასევე მიწოდებული პროდუქციის საფასურის ანაზღაურება. სარჩელზე დართული თანხის ბრუნვის ამონაწერიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი - დავალიანება დაანგარიშებულია 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით. ამასთან, არსებული დავალიანების ბოლო გადახდა განხორციელდა სწორედ ამ დღეს, ხოლო აღნიშნულის შემდგომ ხდებოდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების თანადროულად სრულად დაფარვა, თუმცა წინა დავალიანების - 3 915.58 ლარის დაფარვის გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მხარეები ვალდებულნი არიან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ერთმანეთს გადასცენ როგორც ნასყიდობის საგანი, ასევე ნასყიდობის საფასური, თუ ამავე ხელშეკრულებით ისინი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, სარჩელზე დართული მტკიცებულებებით არ დგინდება რომ მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურის გადახდის წესზე. მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ მომსახურების მეთოდი იყო კონსიგნაცია, ხოლო მოპასუხის განმარტებით, კი გამყიდველი მისთვის პოდუქციის მიწოდებას არ განახორციელებდა, თუ მის მიერ არ იქნებოდა დაფარული წინა თვის დავალიანება სრულად. მოპასუხემ, სასამართლო სხდომაზე, ასევე განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება წარმოიშვა 2015 წლის აგვისტოში, მანამდე კი მის მიერ სრულად იყო გადახდილი მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. აღნიშნულის შემდგომ მათ შორის ისევ გრძელდებოდა თანამშრომლობა. გამყიდველი პერიოდულად აწვდიდა მოპასუხეს პროდუქციას, ხოლო იგი იხდიდა მიწოდებული პროდუქციის შესაბამის ღირებულებას.
ამდენად, მოპასუხე თავად განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა დაფიქსირებულ იქნა 2015 წლის აგვისტოში, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა 2018 წლის 13 ივლისს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის გასული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სს „არ---ს“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე, 361-ე, მე-400, 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
სადავო არ არის, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილე პირები არიან შპს „კა-----–----------ა“ და ი.მ. და------–-----ე, თუმცა სარჩელი წარდგენილია სს „არ---ს“ მიერ შესაბამისი მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
ამ შემთხვევაში მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.
დადგენილია, ასევე რომ 2017 წლის 15 მარტს შპს „კა-----–----------ასა“ (მოთხოვნის დამთმობი) და სს „არ---ს“ (მოთხოვნის მიმღები) შორის გაფორმდა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის მიმღებს გადასცა 2017 წლის 14 მარტისათვის არსებული ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირის, სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანოების მიმართ არსებული ნებისმიერი მოთხოვნა, მათ შორის სასამართლოთი, სააღსრულებო ფურცლებით დადგენილი მოთხოვნები, დებიტორული დავალიანებები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების მიერ ნებისმიერი ნორმატიული აქტით განსაზღვრული/დადგენილი მოთხოვნის უფლება. წარმოდგენილი მსჯელობის გათვალისწინებით მოსარჩელე სს „არ---“ მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე პირია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „კა-----–----------ა“ 2015 წლის 08 მაისიდან 2016 წლის 11 ოქტომბრამდე ი.მ. და------–-----ეს შემდგომი რეალიზაციისათვის აწვდიდა პროდუქციას - ლუდს და უალკოჰოლო სასმელებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის არ ყოფილა გაფორმებული წერილობითი შეთანხმება. შესაბამისად, სახეზეა ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მითითებულ პერიოდში შპს „კა-----–----------ამ“ ი.მ. და------–-----ეს მიაწოდა - 38 660.96 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხის მიერ ანაზღაურებულ იქნა - 34 745.38 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ი.მ. და------–-----ეს სრულად არ აქვს გადახდილი შპს „კა-----–----------ას“ მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 3 915.58 ლარს. სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 3 915.58 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 50 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ი.მ. და------–-----ეს მოსარჩელე სს „არ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „არ---ს“ სარჩელი ი.მ. და------–-----ის მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ი.მ. და------–-----ეს მოსარჩელე სს „არ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3 915.58 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ი.მ. და------–-----ეს მოსარჩელე სს „არ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე