განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030100118002638898
№1/254-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: ვიქტორ ბერუჩაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ--- რ---------ძ-----,ბრალდებული: მ----- ქ------------,მამის სახელი: თ------–-,დაბადებული: 2-.0-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ფ-----,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლეობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ფოთი, მ---–----–---- ქ. N8-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 ივლისს დაახლოებით 11:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ----- ქ------------მ ქ. ფოთში, მ---–----–---- ქ. №8--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას თავის არეში და მარცხენა ხელზე სკამის რამდენიმე დარტყმით, მამას - თ------–- ქ------------ს მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება, მარჯვენა იდაყვის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის სახით, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
ბრალდებულმა მ----- ქ------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული თ------–- ქ------------ არის ბრალდებულ მ----- ქ------------ს მამა.
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ის, რომ 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 11:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ----- ქ------------მ ქ. ფოთში, მ---–----–---- ქ. №8--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას თავის არეში და მარცხენა ხელზე სკამის რამდენიმე დარტყმით მამას თ------–- ქ------------ს მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება მარჯვენა იდაყვის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის სახით, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მ----- ქ------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ------–- ქ------------ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ბ--- კ---------ს, ნ--- გ---–---ს, ლ---- ქ-------სა და თ------ ლ-----ის გამოკითხვის ოქმებით, მ----- ქ------------ს ბრალდებულად დაკავების ოქმით, ცნობით თ------–- ქ------------ს ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100/ა), სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 21 აგვისტოს N0-------- დასკვნით თ------–- ქ------------ს მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ მ----- ქ------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ----- ქ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
მ----- ქ------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (აქვს შეულახავი წარსული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა, რომლის აღმოფხვრის ერთერთი გზა მოძალადისთვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას გულისხმობს.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, მოძალადის და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულზე, სასჯელის სახით უნდა განხორციელდეს ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ამავე დროს ამ ღონისძიებამ სხვა პირებზეც უნდა მოახდინოს ზემოქმედება.
სასჯელის კონკრეტული სახის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქმედების განხორციელების სახეზე, ხერხზე და მართლსაწინააღმდეგო შედეგზე, კერძოდ: ბრალდებულის მიერ ძალადობა განხორციელებულია ოჯახის მოხუც წევრზე - მამაზე, რომელზეც თვით ბრალდებულს ევალება მზრუნველობა, ამავე დროს ქმედება გამოიხატა საკმაოდ აგრესიულ ფორმაში, სკამის თავისა და ხელის არეში დარტყმით, რამაც იდაყვის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ამ გარემოებებზე მითითებით სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი ბრალდებულისგან დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის ამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს აზრით, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელის სხვა სახე, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ქ------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ქ------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს მ----- ქ------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მ----- ქ------------ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- ქ------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ მ----- ქ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 29 ივლისის 14:30 საათიდან.
3. მსჯავრდებულ მ----- ქ------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე