გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6027-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „იკ------“
წარმომადგენელი - ხა--------------ა
მოპასუხე - შპს „კა-----–----------ა“
წარმომადგენელი - უჩ-------ა
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „კა-----–----------ას“ შპს „იკ------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 7829.06 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „კა-----–----------ასა“ და შპს „იკ------“-ს შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „იკ------“ ყიდდა, ხოლო შპს „კა-----–----------ა“ ყიდულობდა მეორად ბოთლებს. მოსარჩელემ მოპასუხეზე ბოთლების გაყიდვა დაიწყო 2015 წლის 02 თებერვლიდან.
მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს ჯამში - 32 352.06 ლარის ბოთლები, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს - 24 523 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 7829.06 ლარს.
მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. იგი თავს არიდებს დავალიანების გადახდას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, თუმცა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, თუმცა მისი განმარტებით სადავოა მიწოდებული პროდუქციისა და მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა. აღნიშნული არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „იკ------“-სა და შპს „კა-----–----------ას“ შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „იკ------“ შპს „კა-----–----------ას“ 2015 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 თებერვლის ჩათვლით აწვდიდა მეორად ბოთლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშზე თანხის მოძრაობის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 21-23);
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. 24-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „იკ------“-მ შპს „კა-----–----------ას“ 2015 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 თებერვლის ჩათვლით ჯამში მიაწოდა - 32 352.06 ლარის ღირებულების პროდუქცია - მეორადი ბოთლები, საიდანაც შპს „კა-----–----------ას“ მიერ გადახდილია მხოლოდ ნაწილი - 24 523 ლარი.
3.2.2. შპს „კა-----–----------ას“ სრულად არ აქვს გადახდილი შპს „იკ------“-ის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და მისი დავალიანება შპს „იკ------“-ის მიმართ შეადგენს - 7 829.06 ლარს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები ემყარება შემდეგ მსჯელობას:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე შპს „კა-----–----------ასათვის“ მიწოდებული პროდუქციის გადაუხდელი ღირებულების - 7829.06 ლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, ასევე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებისა და გადახდილი თანხების ბრუნვის ამონაწერი, რომლის თანახმად შპს „იკ------“-ს შპს „კა-----–----------ასათვის“ 2015 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 თებერვლის ჩათვლით ჯამში მიწოდებული აქვს - 32 352.06 ლარის ოდენობის პროდუქცია, საიდანაც შპს „კა-----–----------ას“ მიერ გადახდილია მხოლოდ ნაწილი - 24 523 ლარის ოდენობით. აღნიშნული, ასევე დასტურდება 08.10.2018წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით. ამასთან, მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და სადავოდ ხდის როგორც მიწოდებული პროდუქციის, ასევე დავალიანების ოდენობას, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელის განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ შეუთავაზებია მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშზე თანხის მოძრაობის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 21-23);
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. 24-40);
- საგადახდო დავალებები (იხ. 08.10.2018წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულებები);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „იკ------“-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.
მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „იკ------“-სა და შპს „კა-----–----------ას“ შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „იკ------“ შპს „კა-----–----------ას“ 2015 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 თებერვლის ჩათლით აწვდიდა მეორად ბოთლებს. ამასთან, სასამართლომ დაადგინა (იხ. გადაწყვეტილების 3.2. პუნქტი), რომ მითითებულ პერიოდში შპს „იკ------“-მ შპს „კა-----–----------ას“ მიაწოდა ჯამში - 32 352.06 ლარის ღირებულების პროდუქცია, ანუ ფაქტობრივად გადასცა ნასყიდობის საგანი. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ მოპასუხემ მიწოდებულ საქონელზე საკუთრების უფლება მოიპოვა. თუმცა, ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხემ გამყიდველს შეთანხმებული ფასის მხოლოდ ნაწილი 24 523 ლარი გადაუხადა, ანუ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რა, რომ გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, გამყიდველს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან - წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მოპასუხის დავალიანება შპს „იკ------“-ის მიმართ შეადგენს - 7829.06 ლარს. მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს შეთანხმებული ფასის დარჩენილი ნაწილი.
სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე შპს „კა-----–----------ას“ სრულად არ აქვს გადახდილი შპს „იკ------“-ის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და მისი დავალიანება მიმართ შეადგენს - ლარს.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 7829.06 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 239 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „კა-----–----------ას“ მოსარჩელე შპს „იკ------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 234.87 ლარის გადახდა.
ამასთან, წარმოდგენილი სარჩელის დავის საგნიდან გამომდინარე (7829.06 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 234.87 ლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 239 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი - 4.13 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „იკ------“-ის სარჩელი შპს „კა-----–----------ას“ მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე შპს „კა-----–----------ას“ მოსარჩელე შპს „იკ------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 7829.06 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „კა-----–----------ას“ მოსარჩელე შპს „იკ------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 234.87 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპს „იკ------“-ს დაუბრუნდეს ხა--------------ას მიერ სარჩელზე 2018 წლის 26 თებერვალს სს ,,საქართველოს ბანკში“ (საგადახდო დავალება - №55) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 239 ლარიდან - 4.13 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე