გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210118002490823
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/17--1-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26------------ი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი - ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - გ----------------ე

მოპასუხე - ჯ--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯ--------------ეს, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 19 995.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 467.25 ლარი, პროცენტი - 1195.40 ლარი, პირგასამტეხლო - 1292.94 ლარი, საკომისიო 40.00 ლარი.

 

სარჩელში დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 20 აპრილს, მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ჯ--------------ის გადაეცა სესხი 19 700 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 15 % სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % - ის ოდენობით და ასევე საკომისიო კრედიტის თანხის 2 % - ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

 

ჯ--------------ეს სესხი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული წესით და ვადაში. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებლმა ვალდებულება არ შეასრულა. ჯ--------------ეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მიეცა ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულია ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილ თანხაში შედის უკვე გადახდილი თანხის ოდენობებიც. ამასთან, სადავოდ გახადა დავალიანების ოდენობა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 20 აპრილს, მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჯ--------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 19 700 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 15 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % - ის ოდენობით და ასევე საკომისიო კრედიტის თანხის 2 % - ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

- სამომხმარებლო სესხის განაცხადი (ს.ფ. 17)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 18)

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ. 19 - 20)

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21 - 23)

 

3.1.2. ჯ--------------ემ დაარღვია 2017 წლის 20 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21 - 23);

- ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ. 26 - 39);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ჯ--------------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ი“-ს წინაშე 2017 წლის 20 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 19 995.59 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21 - 23);

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ. 26 - 39);

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვისა და მხარეთა ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 867-868-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა“ და ჯ--------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლს თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ჯ--------------ემ დაარღვია შეთანხმებული გრაფიკით სესხის დაბრუნების ვალდებულება. მას ეცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და განესაზღვრა ვადა დავალიანების დასაფარად. ის ასევე გაფრთხილებული იქნა დავალიანების გადაუხდელობის შესაძლო შედეგებზე. შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საბანკო კრედიტისათვის მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის შესაძლებლობის პარალელურად, აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს კრედიტის გამცემის ვალდებულებას მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს საპროცენტო განაკვეთის შესახებ. მითითებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. კანონი არ აწესებს ზღვარს, თუ რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს პროცენტზე შეთანხმება და, ამავე დროს, არც სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას სამართლიანობის, გონივრულობისა და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელოს ამ უკანასკნელზე. შესაბამისად, არსებობს რა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთზე, წლიურ 15 %-ზე, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური თანხით სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რაც წარმოშობს მოპასუხის ვალდებულებას პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო შენიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნაში სს ,,ს----------–--------ი“-ს მიერ იმთავითვე შემცირებულია პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც შესაბამისი და ადეკვატურია დავალიანების ძირ თანხასთან და აღარ არსებობს დამატებით სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

 

ხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სს ,,ს----------–--------ი“ სარჩელი საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად - მოპასუხე ჯ---------------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი"-ს სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 19 995.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 467.25 ლარი, პროცენტი - 1195.40 ლარი, პირგასამტეხლო - 1292.94 ლარი, საკომისიო 40.00 ლარი.

 

6.2. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 650 ლარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხე ჯ--------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს----------–--------ი“-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ჯ--------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქა----–--------------------–--------ი. ს/კ 68.-----.2-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე,263-ე, 364-ე, 264-ე, 365-ე, და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ჯ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ი"-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 19 995.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 467.25 ლარი, პროცენტი - 1195.40 ლარი, პირგასამტეხლო - 1292.94 ლარი, საკომისიო 40.00 ლარი;

 

3. ჯ--------------ეს სს ,,ს----------–--------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 650 ლარის გადახდა;

 

4. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–--------ი"-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბ--–-------------------------) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, და----------–-----–----------------------) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე