გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18897-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შ--–-ა ა----–--ე
წარმომადგენელი - კ------------ე ხ-------–---–ი
მოპასუხე - რ---- მ--------ი, გ---- მ--------ი
წარმომადგენელი - ც----ა ს--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ--–-ა ა----–--ის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ---- მ--------ს და გ---- მ--------ს შ--–-ა ა----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების ანაზღაურება ჯამში - 90 000 ლარი;
1.2. რ---- მ--------ს და გ---- მ--------ს შ--–-ა ა----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ ამორტიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების ხარჯების - 25 000 ლარის ანაზღაურება;
1.3. რ---- მ--------ს და გ---- მ--------ს შ--–-ა ა----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ, სარესტორნო ფართში განთავსებული შ--–-ა ა----–--ის კუთვნილი დაზიანებული მაგიდების და სკამების ღირებულების - 12000 ლარის ანაზღაურება;
1.3.1. რ---- მ--------ს და გ---- მ--------ს შ--–-ა ა----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარესტორნო ფართში განთავსებული შ--–-ა ა----–--ის კუთვნილი რკინის კონსტრუქციის ღირებულების - 15 000 ლარის ანაზღაურება;
1.3.2. რ---- მ--------ს და გ---- მ--------ს შ--–-ა ა----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარესტორნო ფართში განთავსებული შ--–-ა ა----–--ის კუთვნილი გათბობის სისტემის ღირებულების - 3000 ლარის ანაზღაურება;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 14 ივნისს შ--–-ა ა----–--ეს, ქრისტინე ციყელაშვილს და გ---- და რ---- მ--------ებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებს მათ მიერ ყოველთვიურად 10000 ლარის შ--–-ა ა----–--ისა და ქრისტინე ციყელშვილისთვის გადახდის სანაცვლოდ გადაეცათ შ--–-ა ა----–--ის საკუთრებაში არსებული სარესტორნო ფართი, მდებარე: ქ. ბორჯომი, 9 აპრილი ქ. N44.
2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რ---- და გ---- მ--------ებმა კეთილსინდისიერად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (25.06.2018 წ.) უარი განაცხადეს ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
2014 წელს შ--–-ა ა----–--ემ მოპასუხე გ---- მ--------ს გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, დროებით სარგებლობისთვის, თუმცა მოპასუხემ მოსარჩელეს ავტომანქანა დაუბრუნა ამორტიზებულ მდგომარეობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეთა პოზიცია შ--–-ა ა----–--ის სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეებმა გ---- მ--------მა და რ---- მ--------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ სამი თვის განმავლობაში შ--–-ა ა----–--ისათვის გადახდილი აქვთ თვეში - 10000 ლარი, ჯამში - 60000 ლარი. თუმცა აღნიშნული თანხა მათ მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი იქნა არა სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე არამედ შიშის საფუძველზე, რომ მოსარჩელეს ან მის მეგობრებს მოპასუხეთა ოჯახებისათვის ზიანი არ მიეყენებინა.
ამასთან მოპასუხეთა მითითებით 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება არის ბათილი.
მოპასუხეებისათვის ცნობილი არ არის რა ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა მოსარჩელემ გ---- მ--------ს, ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მისი ამორტიზაციისა და ღირებულების დაკარგვის ოდენობის შესახებ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 ივნისს შ--–-ა ა----–--ეს, ქრისტინე ციყელაშვილს და გ---- და რ---- მ--------ებს შორის დაიდო ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: გ---- მ--------ი ყოველი თვის 12 და 21 რიცხვებში გადაუხდიდა მოსარჩელეს 5000-5000 ლარს, თვეში ჯამში - 10000 ლარს, ხოლო ივლისის და აგვისტოს თვეში კი 10000-10000 ლარს, თვეში ჯამში - 20000 ლარს.
გ---- მ--------ი ვალდებული იყო აღნიშნული თანხები ყოველი თვის 12 და 21 რიცხვებში გადაეცა შ--–-ა ა----–--ის მეუღლისთვის ქრისტინე ციყელაშვილსთვის, ხოლო თანხის ნაწილი - 5000 ლარის ოდენობით შესანახად გადაეცა რ---- მ--------ისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოპასუხეებს შ--–-ა ა----–--ისათვის გადახდილი აქვთ თვეში - 10000 ლარი, ჯამში - 60000 ლარი. მოსარჩელს, 2017 წლის სექტემბრიდან, 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულება არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილები (ს.ფ. 71-73)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შ--–-ა ა----–--ის მიმართ შეადგენს 90 000 ლარს (2017 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის ივნისამდე პერიოდი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მაგიდების, სკამების, რკინის კონსტრუქციის, გათბობის სისტემისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში ამყარებდა მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა მოწმედ დასახელებული პირების ჩვენებებით შ--–-ა ა----–--ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დადასტურდა. ამის საპირისპიროდ, მოწმე გ--–--–-–--–---–-ა განმარტა, რომ რკინის კონსტრუქცია არ არის დაზიანებული, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ამორტიზაციით მიყენებულ ზიანსაც ითხოვს მოსარჩელე - მწყობრშია და ვადგისია ექსპლუატაციისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შ--–-ა ა----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 14 ივნისს წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გ---- მ--------ს აქვს ნაკისრი შ--–-ა ა----–--ისა და ქრისტინე ციყელაშვილისთვის ყოველთვიურად თანხის გადახდის ვალდებულება, რომელიც არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გ---- მემოდოვისთვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოვილდეს.
ამასთან, ცალკე შესაფასებელია მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა რ---- მ--------ის მიმართ. 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულების შეფასების შედეგად ცხადი ხდება, რომ რ---- მ--------მა მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის შენახვის ვალდებულება იკისრა. მითითებული ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რომ რ---- მ--------მა დამოუკიდებლად ჰქონდა ნაკისრი რაიმე სახის ფულადი ვალდებულების შესრულება შ--–-ა ა----–--ის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა რ---- გ----ოვის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის სარჩელის ფასი მოსარჩელის მიერ განისაზღვრა - 145000 ლარით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, - 90000 ლარის ნაწილში.
აქედან გამომდინარე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 90000 ლარის პროპორციულად, რაც შეადგენს - 2700 ლარს. ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუკამოყილებელი მოთხოვნის - 55 000 ლარის პროპორციულად, რაც შეადგენს - 1650 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--–-ა ა----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ---- მ--------ს, შ--–-ა ა----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 90 000 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე შ--–-ა ა----–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. შ--–-ა ა----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1650 ლარის ოდენობით;
5. გ---- მ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2700 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია