გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30729-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ი“
წარმომადგენელი - ქეთევან ტყეშელაშვილი
მოპასუხე - ა--–-- ც-–--–--ე
წარმომადგენელი - ამირან ც-–--–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა--–-- ც-–--–--ეს სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 737 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ი“ არის თურქეთში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ამერიკული ბრენდის კატერპილარის (მძიმე ტექნიკა) ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2012-2013 წლის განმავლობაში კომპანია აწარმოებდა სხვადასხვა სახის ტექნიკისა და მისი ნაწილების მიწოდებას მოპასუხე მხარისათვის.
ა--–-- ც-–--–--ის დავალიანება შეადგენს 2 737 ლარს, რაც დასტურდება სარჩელთან ერთად წარდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშფაქ-ტურებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასაქონლო ზედნადებებით მოსარჩელე არ აწვდიდა საქონელს და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, 2013 წლის სასაქონლო ზედნადებით მიწოდების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2012-2013 წლების განმავლობაში სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ი“ აწარმოებდა სხვადასხვა სახის ტექნიკისა და მისი ნაწილების მიწოდებას ა--–-- ც-–--–--ისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა; სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 17- 54)
3.2.2. სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ის“ მოთხოვნა მოპასუხის მიმართ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, (1) სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს; (2) ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოპასუხე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტობრივ გარემოებაზე და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად დაასახელა 2013 წელი, რამდენადაც, მოსარჩელის განცხადებით მას შემდეგ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა და შესაბამისად მოსარჩელისთვის ცნობილი იყო დავალიანების არსებობის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა - განმარტებით დასტურდება, რომ ა--–-- ც-–--–--ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულ იქნა 2013 წლიდან. როგორც მოსარჩელე აცხადებს, მოპასუხეს ვალდებუ-ლება ნებაყოფლობით არ შეუსრულებია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--–-- ც-–--–--ის დავალიანება გამომდინარეობს მხარეთა შორის 2012–2013 წლებში არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 07 ნოემბერს, ანუ მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების დარღვე-ვიდან - 2013 წლიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმე - ირინე სირაძემ განაცხადა, რომ უკვე სამი წელიწადია იმყოფება სხვა პოზიციაზე და ა--–-- ც-–--–--ესთან კომპანიას სახელშეკრულებო ურთიერთობა სწორედ ამდრომდე ქონდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის განმარტებას მოსარჩელის მხრივ უფლების დარღვევის შესახებ დროსთან დაკავშირებით და ამ დროდ და, ამავდროულად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევს 2013 წელს, როდესაც მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება. ამ დროიდან კი სარჩელის აღძვრამდე გასულია 4 წელი, რის გამოც მოპასუხე ა--–-- ც-–--–--ე უფლებამოსილია უარი თქვას თანხის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით ხანდაზმულობის ვადის დენის არც შეჩერების და არც შეწყვეტის გარემოება არ დასტურდება. ამდენად, სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი რაც უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სააქციო საზოგადოება „სს ბ---------------------------------–---------- ვე თ---------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე