განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს---------------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ნ-----------–--ის,ბრალდებულ ნ--------–-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------–-----ის (პირადი #-----------) - დაბადებულის 1--- წლის 4-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების თ---–--–-, ზ------------- მ-------- #-, ბინა #--–-, მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ--------–-----ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ცივი იარაღის ტარებისა და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ნ--------–-----ე 2018 წლის 3 აპრილს, თ---–--–-, ვ-–----–----–----------- #----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ--------–-----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება განზრახი მძიმე დანაშაულისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ნ--------–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ბ-------------–---–-სა და ნ-------------–--ას გამოკითხვის ოქმებით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ზედაპირული დათვალიერების ოქმით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #----–- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1-------------- განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2--- წლის 1---------- განაჩენით - დადასტურებულად მიაჩნია, რომ ცივი იარაღის ტარებისა და მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ნ--------–-----ე 2018 წლის 3 აპრილს თ---–--–- ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------–-----ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე, ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გარკვეული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია, რადგანაც ცივი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან მისი გამოყენება სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც შერჩეული სასჯელის მეშვეობით მსჯავრდებულსა და სხვა პირზე უნდა განხორციელდეს კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე, სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც, ასევე, მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ნ--------–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.
სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ნ--------–-----ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული ნ--------–-----ე წარსულში ნასამართლევია როგორც ცივი იარაღის ტარებისათვის, ასევე, სხვა განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რამაც შექმნა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რის გამოც აღნიშნული დანაშაულისთვის მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას მინიმალური ვადით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, ნ--------–-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მის წარსულ ნასამართლობებს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს დამამძიმებელი გარემოების სახით.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ--------–-----ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ნ--------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთის სახით.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას - დანას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ნ--------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ნ--------–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
ნ--------–-----ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ნ--------–-----ისგან ამოღებული დანა განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე