გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31146-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.10.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე მზ-----------
წარმომადგენელი ნი-----–---------------
მოპასუხე ნ-----–--------
წარმომადგენელი და-------------
დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ნივთის ნაკლის გამოსწორებისათვის
აუცილებელი ხარჯის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ-----–--------სათვის მოსარჩელე მ-----------ძის სასარგებლოდ 34 106 ლარის გადახდის დაკისრება.
2015 წლის 9 სექტემბერს ნ-----–--------სა და მზ-----------ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ნ--–----------------- ო-----–----------–-----------------------------------------------), ფართობი 443 კვ.მ. ს/კ N0-.-----.0---0--- ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
2017 წლის 06 ივნისს, მზ-----------მ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ნასყიდობის საგანზე მეორე სართულის დაშენებისათვის მშენებლობის ნებართვა, რაზეც მიიღო თანხობა. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, რომ შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა გასაძლიერებელია და არსებული მდგომარეობით მშენებლობის გაგრძელება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. შენობის ნორმალური ექსპლუატაციის პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მთელი რიგი კონსტრუქციული და მდგრადობის აღდგენისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რომელთა ღირებულებაც შეადგენს 34 106 ლარს.
გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მყიდველს წარმოეშობა პრეტენზია ნასყიდობის საგანზე აღმოჩენილი ნაკლის გამო, თუ მისთვის ამ ნაკლის თაობაზე უცნობი იყო ხელშეკრულების დადების მომენტში. აღნიშნული ნივთობრივი ნაკლის შესახებ მყიდველმა შეიტყო 2017 წლის ივლისში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 57-66). მზ-----------სთან დაკავშირებულ პირებს მიჰყიდა 2 სართულიანი სახლი, შეთანხმება არ ყოფილა შენობაზე კიდევ ორი სართულის დაშენების შესახებ. გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა განაპირობებულია ორი სართულის დაშენებით. რაც შეეხება ორსათულიან შენობას, რაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა, ის აშენებულია სამშენებლო ნორმების დაცვით და ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 09 სექტემბერს ნ-----–--------სა და მზ-----------ს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ-----–--------მ მყიდველს საკუთრებაში გადასცა უძრავი ნივთი, მდებარე, ქალაქ თბილისში, ნ--–-----------------, ო-----–----------–-----------------------------------------------), ფართობი: 443კვ.მ. დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (მშენებარე) საერთო ფართი - 143,4 კვ.მ. მათ შორის: საცხოვრებელი ფართი - 143.4 კვ.მ. საზაფხულო ფართი -61.19 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0-.-----.0---0---
ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გამყიდველმა გადაიხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 65 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში უნდა გადახდა უნდა განხორციელდეს ორ ნაწილად: 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 2015 წლის 10 დეკემბრამდე; 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 20-6 წლის 10 აპრილამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
3.2.2. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი მზ----------- დარეგისტრირდა საჯარო რეესტში ქ. თბილისში, ნ--–-----------------, ო-----–----------–-----------------------------ზე (ნაკვეთი N30), 443 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართით: 204.59 კვ.მ. მესაკუთრედ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.21-22).
3.2.3. ქ. თბილისში, ნ--–----------------- ო-----–----------–-----------------------------ზე მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს გააჩნია მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ნაკლოვანებები და აქედან გამომდინარე მზიდი ნაწილის მდგრადობა არ არის უზრუნველყოფილი.
აღნიშნული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მდგრადობის აღდგენის წინასწარ გათვლილმა ღირებულებამ შეადგინა 34 106 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა გამყიდველის ნ-----–--------ს მიერ მყიდველის მ-----------ძისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში
გადაცემული ნასყიდობის საგნის - მშენებარე შენობა-ნაგებობის მდგრადობა და შესაბამისად მისი საცხოვრებლად ვარგისიანობა.
განსახილველ შემთხვევაში, მყიდველმა მზ-----------მ მიიღო შესრულება, ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მის სახელზე. აქედან გამომდინარე, ნაკლის არსებობის მტკიცების ტვირთი, მას ეკისრება, რადგან ის ითხოვს ნივთის ნაკლის არსებობის გამო, ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას გამყიდველისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელემ წარმოადგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „-----------“ მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტს დაევალა გამოეკვლია ნასყიდობის საგანის - ორსართულიანი კერძო სახლის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა. ექსპერტმა გეოლოგიური დასკვნით გაარკვია, რომ შენობის საძირკველები ლენტური ტიპისაა და მისი მონოლითური რკინა-ბეტონის ზედაპირი სხადასხვა ფუძე-გრუნტებზეა დაფუძნებული. საძირკველები შენობის ზედა ნაწილში გამოფიტულ ქვიშაქვებისა და არგელიტების შუაშრეების ფენაზეა დაყრდნობილი, ხოლო ქვედა ნაწილში საძირკველები თიხნარებზეა მოწყობილი. საძირკველის დაფუძნების ასეთი გადაწყვეტა ექსპერტის მოსაზრებით არასწორია და შეიძლება გამოიწვიოს შენობის არათანაბარი ჯდენები. ამას გარდა, დამრეც ზედაპირზე განლაგების გამო, აუცილებელია მათი ჩაანკერება მკვიდრ ქანებში, რათა გამოირიცხოს შენობის ჩამოცურება.
შენობის პირველი სართულის მიწაში ჩაღრმავებული ბეტონის კედლები სისქით 30 სმ, უხარისხოდაა მოწყობილი, ვიბრირების ხარისხი ვერ უზრუნველყოფს მდგრადობას მოქმედ ჰორიზონტალური დატვირთვის ზემოქმედებისას, ხოლო ბეტონის სიმკვრივის დაბალი მაჩვენებელი გრუნტში ჩაჟონილი ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისას მათ წყალშეუღწევადობას ვერ განაპირობებს, აკლია არმირებაც.
შენობის ზედა ნაწილში კედლები სისქით 30 სმ ამოყვანილია წვრილი საკედლე ბეტონის ბლოკში წყობით, ცემენტის ხსნარზე.
მონოლითური რკინა-ბეტონის ჩონჩხედის მზიდ კონსტრუქციებში (სვეტები, რიგელები) ჩასხმული ბეტონი გამოირჩევა თვალშისაცემი ვიბრირების დაბალი ხარისხით. ამას გარდა, უმეტეს ადგილებში არაა დაცული ბეტონის დამცავი შრის სისქე, რის გამოც კონსტრუქციის არმატურის ღეროები გაშიშვლებულია და განიცდის კოროზიას. გადახურვის სართულშუა ფილა დეფორმირებულია, აქვს ჩაღუნვები. არსებული სართულშუა გადახურვის ფილის სისქე 14 სმ, არსებული მალის პირობებში არასაკმარისია და თხოულობს გაძლიერებას.
პირველი სართულის ჭერის დონეზე მოწყობილი მონოლითური რკინა-ბეტონის რიგელი მდგრადობისა და სიმტკიცის თვალსაზრისით არასაიმედოა, ვინაიდან ფილის სისქე შეადგენს 14 სმ სუსტია რიგელის კვეთი ორივე სართულზე. პირველი სართულის დონეზე მოწყობილია მხოლოდ ერთი სვეტი, ორის მაგივრად, რაც ექსპერტის აზრით, ზრდის რიგელის მალის სიგრძეს და ამცირებს მზიდუნარიანობას მოცემული კვეთისათვის.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბეტონის ფაქტიური კლასი სვეტებისათვის, რიგელებისა და გადახურვის ფილისათვის, არასაკმარისია ვიბრირებულ მონაკვეთებზე აღნიშნული ტიპის კონსტრუქციებისათვის და სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული სართულშუა გადახურვის ფილის დეფორმაციები.
ასევე უხარისხოდ არის ამოყვანილი ტიხრები სისქით 20 სმ. ისინი ჩაანკერების გარეშეა მოწყობილი მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებთან. ოთახის შუაში პირველ სართულზე მოწყობილი მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭი ვერ აკმაყოფილებს სიმტკიცის პირობას მოქმედ ვერტიკალურ და შესაძლო ჰორიზონტალურ დატვირთვების ზემოქმედებისას.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საძირკველის დაფუძნების არასწორმა გადაწყვეტამ, ბეტონის დაბალმა ხარისხმა, ბეტონის კედლების უხარისხოდ მოწყობამ და დასკვნაში ასახულმა მშენებლობის წარმოების პროცესში გამოყენებულმა სხვა უხარისხო მასალამ და სამშენებლო ნორმის დარღვევით შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული ნაკლოვანებები და აქედან გამომდინარე მზიდი ნაწილის არამდგრადობა.
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის მდგარდობის აღდგენის ღირებულება შეადგენს 33 106 ლარს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამ ღირებულების ხარჯების გაღების საჭიროება გამოიწვია ორსართულიან შენობაზე დაშენებამ, რადგან ექსპერტის მიერ გამოკვლეულია ინდივიდუალური ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციული მდგრადობა და მდგრადობის აღსადგენად საჭირო ხარჯების ოდენობა. ექსპერტის კვლევის საგანი არ ყოფილა დაშენების გამო საჭირო გამაგრებითი სამუშაოებისა და მათი ღირებულებების განსაზღვრა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე, 487-ე, 488-ე,490-ე, 494-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.
ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
იმისათვის, რომ მყიდველს წარმოშვას გამყიდველის მიმართ მეორადი მოთხოვნები, სახეზე უნდა იყოს გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დარღვევა. პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაა, როდესაც შესრულება არ ხორციელდება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. არაჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი გავრცელებული შემთხვევა ნასყიდობის სამართალში სწორედ ნაკლიანი შესრულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი ითვალისწინებს ნივთობრივი ნაკლის დეფინიციას, რომელიც გამყიდველის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთი სახეა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას. შესაბამისად, უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის მყიდველისათვის შეთავაზებული/მიწოდებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი. ასეთი შეთანხმების არ არსებობისას უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული მიზანი. ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში კი ნივთი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება, რომლის თანახმად იგი ვარგისი უნდა იყოს ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი ნივთის ნაკლს ორ კატეგორიად ყოფს და მიჯნავს ნივთის თვისობრიობას ნივთის გამოყენებადობისაგან.
განსახილველ შემთხვევაში გამყიდველს ნ-----–--------სა და მყიდველს მზ-----------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა საკუთრებაში გადასცა მყიდველს მზ-----------ს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მშენებარე შენობა-ნაგებობასთან ერთად. ნასყიდობის ხელშეკრულებით არ დგინდება მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კი ნივთი ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, რომლის თანახმად, იგი ნასყიდობის საგანი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ვარგისი უნდა იყოს ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთთან ერთად მშენებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის, მიყვანილი იყო არასრული შავი კარკასის მდგომარეობამდე, ნასყიდობის საგნის ღირებულება მხარეებმა განსაზღვრეს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, დაადგინა, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობას გააჩნია კონსტრუქციული ნაკლოვანებები, რაც მშენებლობის დასასრულებლად საჭირო ხარჯების გარდა, მოითხოვს დამატებით ხარჯებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. ამავე კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 34 106 ლარის ოდენობით ხარჯის გაღება მყიდველს - მზ-----------ს არ დასჭირდებოდა, გამყიდველს -ნ-----–--------ს ჯეროვნად რომ შეესრულებინა ვალდებულება- გადაეცა უნაკლო ნივთი. აქედან გამომდინარე, მყიდველი მზ----------- უფლებამოსილია მოითხოვოს გამყიდველის - ნ-----–--------საგან ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ასანაზღაურებლად ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1073.18 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხე ნ-----–--------ს მის სასარგებლოდ. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების 5000 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის 1360 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება. ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ასანაზღაურებლად 20 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში რჩება სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. (ს.ფ. 50-52).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ნ-----–--------ს მოსარჩელე მ-----------ძის სასარგებლოდ 34 106 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე ნ-----–--------ს მოსარჩელე მ-----------ძის სასარგებლოდ 1023.18 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.1. დაეკისროს მოპასუხე ნ-----–--------ს მოსარჩელე მ-----------ძის სასარგებლოდ 1360 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად და 5000 ლარის გადახდა ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.2. დაეკისროს მოპასუხე ნ-----–--------ს მოსარჩელე მ-----------ძის სასარგებლოდ 20 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია