გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33470-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს “დ-----------ი“
წარმომადგენლები - ი---- მ-------ე, რ---- მ-------ე
მოპასუხე- „ი----- ზ---- ი-–---- მ----- გ--- ს---- ვე თ--------- ლ-------- შ-------ი“
წარმომადგენლები - ვ------- ლ----ე, თ------ თ--
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 84 000 აშშ დოლარისა და 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2016 წლის 09 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე პარტნიორობის შესახებ, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს საქართველოს ტერიტორიაზე შესასრულებელ სამუშაოებში მოგების განაწილების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.
2017 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების სანოტარო დოკუმენტით მოპასუხის მიერ აღიარებულია 84 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე. მოპასუხის 50 000 აშშ დოლარის ვალდებულება შპს „დ-----------ის“ მიმართ გამომდინარეობს მხარეთა შორის 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ვალის აღიარების სანოტარო დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მთლიანი დავალიანების ოდენობაზე 84 000 აშშ დოლარზე, რასაც მოპასუხე გადაიხდიდა 2019 წლის 16 დეკემბრამდე. აღიარებულ დავალიანებაში 84 000 აშშ დოლარში შევიდა მოსარჩელის მიმართ არსებული მოპასუხის ყველა დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც ჯერ არ დამდგარა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 9 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა „ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები.
„ი----- ზ---- ი–----ის“ მოვალეობები განისაზღვრა შემდეგნაირად: იგი შეასრულებდა სამუშაოებს საკუთარი მუშახელითა და აღჭურვილობით, ძირითადად ზემოხსენებული სამუშაოს საგანს წარმოადგენდა ბ--------- ნ------ ხ------ის დამზადება, რა მიზნითაც მოპასუხე სამუშაოებში გამოსაყენებლად უზრუნველყოფდა ერთ ცალ S------------ და ერთ ცალ T-------------- ბ--------- ნ------ ხ------ის მანქანას; სამშენებლო ტერიტორიის მართვისა და საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო სამუშაოებზე პასუხს აგებდა „ი----- ზ---- ი–----ი“ და იგი ვალდებული იყო განეხორციელებინა მთელი სამშენებლო ტერიტორიის მართვა.
შპს „დ-----------მა“ აღნიშნული ხელშეკრულებით „ი----- ზ---- ი–----ის“ მხარდაჭერის მიზნით იკისრა სესხის სახით 50 000 აშშ დოლარის გადაცემის ვალდებულება, სანაცლოდ კი გახდებოდა მოგებაში პარტნიორი. აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდებოდა მოსარჩელეს ნაწილ-ნაწილ 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
შპს „დ-----------ი“ უზრუნველყოფდა შესასრულებელი სამუშაოს განსახორციელებლად საჭირო ლოჯისტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, აანაზღაურებდა საბაჟო, მობილიზაციის, დამატებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების აღებისა და მანქანებზე საჭიროების და დიზაინის გამოსწორებისა და მსგავს ხარჯებს და აღნიშნული თანხის 50% მას დაუბრუნდებოდა უკან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებიდან.
მხარეთა შორის მოგების განაწილება მოხდებოდა ყოველი თვის ბოლოს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ (ს.ფ. 43-47).
3.1.2. 2017 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების (ნოტარიუსი მ--- ბ-----ა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) თანახმად, „ი----- ზ---- ი-–---- მ----- გ--- ს---- ვე თ--------- ლ-------- შ-------იმ“ აღიარა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა შპს „დ-----------ის“ ვალი 84 000 აშშ დოლარის ოდენობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორს ვალს გადაუხდიდა არაუგვიანეს 2019 წლის 16 დეკემბრისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 10 ნოემბერის ვალის აღიარება (ს.ფ. 80-87).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ აქვს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნის უფლება.
2017 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მოვალე კრედიტორს ვალს გადაუხდიდა არაუგვიანეს 2019 წლის 16 დეკემბრისა.
სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის კრედიტორს ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამავე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება მოითხოვოს.
ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნა დასაშვებია, როდესაც მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა. ნიშანდობლივია, რომ მითითებული წინაპირობები ალტერნატიული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორის მიერ ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნა ერთ-ერთის არსებობის პირობებშიც დასაშვებია.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის უფლების არსებობა და შესაბამისი წინაპირობების არსებობა კრედიტორმა უნდა ამტკიცოს.
როგორც აღინიშნა, სკ-ის 367-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი შესაძლებლობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნას იძენს – მოვალის გადახდისუუნარობაა.
მოცემულ შემთხვევაში, ნორმა სიტყვა-სიტყვით არ უნდა იქნეს განმარტებული. მოვალის გადახდისუუნარობაში „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული მოვალის გადახდისუუნარობა არ იგულისხმება, ანუ იმისათვის, რომ კრედიტორმა მოვალეს, გადახდისუუნარობის საფუძვლით, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვოს, აუცილებელი არ არის ამავე ნორმის კონტექსტში მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იყოს დაწყებული, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორებს შორის ურთიერთობა სპეციალური კანონით წესრიგდება და არა სამოქალაქო კოდექსით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის ქონებრივი მდგომარეობის ნებისმიერი საუარესო ცვლილება, სსკ 367-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არ შეიძლება გახდეს. მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევისა და ნორმის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის აუცილებელია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რეალურ საფრთხეს ქმნის. ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის რეალური საფრთხე ის კუმულატიური კომპონენტებია, რომლებზე დაყრდნობითაც, სსკ 367-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის, მოვალის გადახდისუუნარობა ფასდება.
ორივე კომპონენტი შეფასებითი კატეგორიაა და გარემოებათა ერთობლივ ანალიზს საჭიროებს, კერძოდ კი, მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევის მიზნებისათვის აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული მოვალის საერთო ქონებრივი მდგომარეობა, ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების შედეგად დარჩენილი მატერიალური აქტივი, შესასრულებელი ვალდებულების ღირებულება, დარჩენილ მატერიალურ აქტივსა და შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების ურთიერთმიმართება (პროპორცია), მოვალის საქმიანობა და ა. შ. ამ გარემოებების არსებობის დამტკიცება კი მატერიალური და პროცესუალური საფუძვლებიდან გამომდინარე ეკისრება კრედიტორს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ამგვარი გარემოებების არსებობა სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით არ დაუდასტურებია.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხის მთელს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც მოვალის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებასა და მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე უნდა მიუთითებდეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას მოპასუხის ქონებაზე რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკაზე, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრირებულია 2016 წლის 17 აგვისტოდან, ე.ი. ჯერ კიდევ მხარეთა შორის ვალის აღიარების შეთანხმებამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ 84 000 აშშ დოლარის დავალიანების აღიარებამდე მოსარჩელის ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო საგადასახადო ვალდებულება, რაც საჯარო ინფორმაციაა და მოსარჩელეს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო იმთავითვე შეემოწმებინა და არ შეეთანხმებინა მხარესთან ვადა 2019 წლის 16 დეკემბრამდე და მოეთხოვა ვალდებულების დაუყოვნებლივი შესრულება.
იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების შეთანხმებით განისაზღვრა ვალდებულების შესრულების დრო და ამ დროისთვის მოპასუხის ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოება ვერ შეფასდება სსკ 367-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის მოვალის გადახდისუუნარობად, ვინაიდან მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების ფაქტს ადგილი უნდა ჰქონდეს შეთანხმების შემდგომ პერიოდში და აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სკ-ის 367-ე მუხლის ამოქმედების კიდევ ერთი კანონისმიერ წინაპირობაა შეპირებული უზრუნველყოფის შემცირება ან მისი წარმოუდგენლობა.
შეპირებულ უზრუნველყოფაში იგულისხმება ყველა სახის უზრუნველყოფის საშუალება, როგორც ვალდებულებით-სამართლებრივი (მოვალის გარანტია, თავდებობა, საბანკო გარანტია), ისე სანივთო სამართლებრივი (იპოთეკა, გირავნობა). განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის შეპირებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სკ-ის 367-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის კრედიტორის უფლების წარმომშობი წინაპირობები, რის გამოც მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას მოსთხოვოს მოპასუხეს აღიარებული თანხის 84 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდა.
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ საერთო ჯამში შეადგენს აღიარებულ 84 000 აშშ დოლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის 2016 წლის 09 თებერვალს გაფორმდა „ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ“, რომლითაც შპს „დ-----------მა“ იკისრა 50 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემის ვალდებულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თანხას მოპასუხე დააბრუნებდა ნაწილ-ნაწილ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
2017 წლის 10 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ვალის აღიარების შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ აღიარა 84 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა მოსარჩელის წინაშე.
მხარეთა შორის უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ვალის აღიარების შეთანხმება გაფორმდა 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ვალის აღიარების სანოტარო დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მთლიანი დავალიანების ოდენობაზე 84 000 აშშ დოლარზე, რასაც მოპასუხე გადაიხდიდა 2019 წლის 16 დეკემბრამდე. აღიარებულ დავალიანებაში 84 000 აშშ დოლარში შევიდა მოსარჩელის მიმართ არსებული მოპასუხის ყველა დავალიანება, მათ შორის 50000 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მხარეს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ცალკე, დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობას მოპასუხის დავალიანების 50 000 აშშ დოლარის ან ამ თანხის მოპასუხისათვის გადაცემის შესახებ, არ წარმოუდგენია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 84 000 აშშ დოლარის გარდა, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე არ გააჩნია 50 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 361-ე, 366-ე, 367-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით მოპასუხის მიერ აღიარებულია ვალის (84 000 აშშ დოლარის) არსებობა, სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წერილობითი ფორმის დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში მართალია ვალის არსებობის აღიარებიდან არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მოვალეთა მხრიდან ვალის აღიარება, თუმცა სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით აღიარებული ვალდებულება გამომდინარეობდა მხარეთა შორის უკვე არსებული „პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ საფუძველზე წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან.
ვალის აღიარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ.
განსახილველ შემთხვევაში ვალის აღიარება გაფორმებულია წერილობით და დამოწმებულია სანოტარო წესით.
ვალის აღიარების შეთანხმებიდან გამომდინარე მხარეებმა ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრეს არაუგვიანეს 2019 წლის 16 დეკემბერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულება „დათქმულ დროს“ უნდა შესრულდეს - როგორც წესი, იგულისხმება, რომ ვალდებულების შესრულების ვადა მოვალის სასარგებლოდ არის დაწესებული. ეს პრინციპი ასახულია 366-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. კრედიტორს მხოლოდ პატივსადები ინტერესის არსებობისას აქვს უფლება, უარი უთხრას მოვალეს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულებაზე (366), ხოლო ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სკ-ის 367-ე მუხლის მიზანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა აშკარა ხდება ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობა, ან თუნდაც გაძნელება, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოითხოვოს.
ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის დაცვა ვალდებულების შესრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, ვადამდე შესრულების მოთხოვნა მართლზომიერი იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არ არსებობს სკ-ის 367-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის კრედიტორის უფლების წარმომშობი წინაპირობები, რის გამოც მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას მოსთხოვოს მოპასუხეს აღიარებული თანხის 84 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდა (იხ. 3.1.1. პუნქტი).
ამდენად, მოვალეს სკ-ის 361-ე და 366-ე მუხლებიდან გამომდინარე აქვს უფლება 84 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება შეასრულოს არაუგვიანეს 2019 წლის 16 დეკემბრისა, კრედიტორი კი სკ-ის 367-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას მოითხოვოს მოპასუხისაგან თანხის დაუყოვნებლივ გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „დ-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე