გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.10.2018
საქმის ნომერი
330210117002210590
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34779-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - ა-–----------–ი

წარმომადგენელი - ზ--------------–---–ი

მოპასუხე - ლ--–- კ---–---–ი

წარმომადგენელი - მ--–--------–-----ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ--–- კ---–---–ს მოსარჩელე ა-–----------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2600 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

19.03.2011 წელს, ა-–----------–ს და ლ--–- კ---–---–ს შორის დაიდო მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი სესხის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულ იქნა სანოტარო წესით.

 

ლ--–- კ---–---–მა სესხად აღებული თანხის 3000 აშშ დოლარის ანგარიშში, მოსარჩელეს გადაუხადა 400 აშშ დოლარი. მას გადასახდელი დარჩა 2600 აშშ დოლარი. ლ--–- კ---–---–მა 10.03.2014 წელს შეადგინა ხელწერილი მასზედ, რომ ა-–----------–ისგან სესხად აიღო 2600 აშშ დოლარი, რასაც მთლიანად გაისტუმრებდა 2015 წლის დეკემბრამდე. ამავე ხელწერილში მან გააკეთა დათქმა, რომ თუ 2100 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2014 წლის 30 აპრილამდე, აღიარებული ვალი - 2600 აშშ დოლარი, მას ჩაეთვლებოდა მთლიანად გადახდილად. სესხად აღებული თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად - ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარისა. დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულ იქნა სანოტარო წესით.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ლ--–- კ---–---–ი თავს არიდებს 10.03.2014 წლის სესხის ხელწერილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას და მიუხედავად კრედიტორის არაერთი მოთხოვნისა, რომ გადაიხადოს ვალად აღიარებული 2600 აშშ დოლარი, იგი უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ემ--–---–---------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელესთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია და არც არანაირი ფულადი თანხა არ მიუღია მისგან. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოპასუხე არ არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, მას არ ჰქონდა და არ აქვს სათანადო მატერიალური მდგომარეობა, რომ ვალდებულება შეასრულოს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, მისი მოთხოვნა სამართლებრივი დავისათვის არის ხანდაზმული. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 19 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, ლ--–- კ---–---–მა ა-–----------–ისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 19 მარტის ხელწერილი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლისათვის დაბრუნებული იქნა მხოლოდ 400 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 10 მარტის ხელწერილი (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2014 წლის 10 მარტის ხელწერილის თანახმად, ლ--–- კ---–---–მა დაადასტურა ა-–----------–ისგან სესად მიღებული და დარჩენილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა - 2600 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ამავე ხელწერილის თანახმად უნდა დაებრუნებინა 2015 წლის დეკემბრამდე.

ხელწერილში ასევე მითითებული შემდეგი: ,,იმ შემთხვევაში, თუ მე ლ--–- კ---–---–ი 2100 (ორი ათას ასი) აშშ დოლარს გადავიხდი 2014 წლის 30 აპრილამდე, ეს ვალი მთლიანად გადახდილად ჩამეთვლება. თანხას გადავიხდი ეტაპობრივად, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარისა“.

ხელწერილი ხელმოწერილია ა-–----------–ის და ლ--–- კ---–---–ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 10 მარტის ხელწერილი (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე ლ--–- კ---–---–ის მიერ ფულადი ვალდებულება 2600 აშშ დოლარის ოდენობით შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–----------–ის სარჩელი ხანდაზმულია და ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. მოვალეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვს უარი თქვას კრედიტორის ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებაზე.

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, დავა ეხება სასესხო ურთიერთობის ფარგლებში, მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, სესხის სახით მიღებული თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნებას. უდავოა ის გარემოება, რომ 2014 წლის 10 მარტის ხელწერილში, მსესხებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ მის მიერ 2100 აშშ დოლარის 2014 წლის 30 აპრილამდე გადახდის შემთხვევაში, მის მიერ ვალდებულება მთლიანად შესრულებულად ჩაითვლებოდა, ხოლო ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, ვალი უნდა დაეფარა 2015 წლის დეკემბრამდე. მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, ასევე არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, რომ მოპასუხეს ვალდებულება ერთიანი თანხის 2100 აშშ დოლარის სახით არ გადაუხდია მოსარჩელისთვის. ასევე არ არის სადავო ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს ეტაპობრივი გადახდები აღარ განუხორციელებია 2014 წლის მაისიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის დენა დაიწყო სწორედ 2014 წლის ივნისიდან, საიდანაც სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე, 2017 წლის 12 დეკემბრამდე გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ადგილი არ აქვს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევას, რაც ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხზე იქონიებდა გავლენას. წარმოდგენილ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სესხის სახით გაცემული იქნა თანხა და მისი დაბრუნების წესი მხართა მიერ იქნა შეთანხმებული. შესაბამისად, ერთიანი ვალდებულების დაფარვა ხდება გარკვეული პერიოდებით და აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი კონკრეტული თანხის გადახდა. განსხვავებით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა, როდესაც ვალდებულება დაკავშირებულია პერიოდ(ებ)ზე განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულებასთან (მაგ. ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება) და არა თანხის ჯამურ მოცულობაზე, რომლის გადახდის პერიოდია დადგენილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–----------–ის სარჩელი ლ--–- კ---–---–ის მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხანდაზმულობის საფუძვლით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, ა-–----------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 260.60 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 0.40 თეთრი უნდა დაუბრუნდეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან, ა-–----------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, რომლითაც ლ--–- კ---–---–ის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2600 (ორი ათას ექვსასი) აშშ დოლარის შეტანის გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ა-–----------–ს დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 2600 (ორი ათას ექვსასი) აშშ დოლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–----------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, რომლითაც ლ--–- კ---–---–ის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2600 (ორი ათას ექვსასი) აშშ დოლარის შეტანის გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ა-–----------–ს დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 2600 (ორი ათას ექვსასი) აშშ დოლარი.

 

3. ა-–----------–ს დაუბრუნდეს მის მიერ 12/12/2017 წლის N0 საგადახდო დავალებით სს "თიბისი ბანკის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 261 ლარის ნაწილი - 0.40 თეთრის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე