განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002435235
N1/85-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ გ-------- ძე წ--------–ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 2----------), ს-–----–----------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი გ----------;
ადვოკატი - ნ---- ვ----–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 10 ა-----–-, დაახლოებით 10:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ბ-----–----დში (გ---------ში), საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ზ------ წ--------–ს, სიმთვრალის გამო უსაყვედურა მეუღლემ - ი----- ა--–--ემ, რის გამოც გაბრაზებულმა ზ------ წ--------–მა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ი----- ა--–--ეს სახის არეში, ასევე, თმებში მოკიდა ხელი და ორჯერ დაარტყმევინა თავი მაგიდის ზედაპირზე. აღნიშნული ქმედებით, ი----- ა--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 10 ა-----–-, თერჯოლის რაიონის სოფელ ბ-----–----დში (გ----------) საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ზ------ წ--------–ს, ი----- ა--–--ის მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ა--–--ემ განაცხადა, რომ ზ------ წ--------–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ი----- ა--–--ის ქმარი.
4. 2013 წლის 20 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ი----- ა--–--ე, ხოლო საქმროდ ზ------ წ--------–ი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ წ--------–ი და დაზარალებული ი----- ა--–--ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ა--–--ემ განაცხადა, რომ ზ------ წ--------–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ი----- ა--–--ის ქმარი. ზ------ი და ი----- ქორწინებაში იმყოფებიან ექვსი წელია და ცხოვრობენ თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში. 2018 წლის 10 ა-----–-, დაურეკა შვილმა, ი----- ა--–--ემ, რომელიც იყო ანერვიულებული და სთხოვა ჩასვლა. აღნიშნულის საფუძველზე, მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ი-----მ უთხრა, რომ ზ------მა დალია და აღნიშნულის გამო იყო ანერვიულებული. როდესაც ი----- ნახა, მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 4 მაისს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „იქნებოდა დილის 10 საათი და მითხრა, რომ მცემა მეუღლემ ზ------ წ--------–მა და არის ნასვამიო, თან იყო ძალიან ანერვიულებული, მე ის დავაწყნარე და იმის გამო, რომ მეც ავნერვიულდი, დავრეკე 112-ში, რათა პოლიცია მიხმარებოდა ჩემს შვილს, შეტყობინებით მე ოპერატორს ვუთხარი, რომ შესაძლებელია გამოეკიდოს ჩემს შვილს ცელით და იქნებ მალე მივიდეს პოლიციათქო, ეს იმიტომ ვთქვი, რომ ადრე ჩემს შვილს მისი ქმარი გამოეკიდა ელექტრო ხერხით და ამაზე ის მიცემული იქნა პასუხისგებაში, თორემ იმ დღეს იხმარა თუ არა ი-----ს მეუღლემ ცელი მე ეს არ ვიცი, სხვა მე ამ ფაქტის შესახებ არ ვიცი“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ცემის შესახებ მას გამომძიებლისათვის არ უთქვამს, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ არ იცოდა. ჩვენების წარდგენის შემდეგ, მოწმემ დაადასტურა ხელმოწერის და მინაწერის მის მიერ შესრულება გამოკითხვის ოქმზე, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული დაწერა მითითებით.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- მ------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში, ზ------ წ-------–-- მეზობლად. 2018 წლის 10 ა-----–- იმყოფებოდა სახლში, სიცხიანი და იწვა. მასთან მივიდა ი----- ა--–--ე, რომელმაც სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. ი-----მ დაურეკა დედამისს და უთხრა, რომ ზ------ წ--------–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ეჩხუბებოდა მას და ჩამოსულიყო. ასევე, სთხოვა მამის და ძმის ჩაყვანაც. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 11 ა-----–- მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „იქნებოდა დილის 11 საათი, როცა მოვიდა ი----- ა--–--ე, რომელიც ტიროდა და მთხოვა მათხოვე შენი მობილური, რათა დავურეკო დედაჩემსო, დედა ჰყავს მას გურიაში. ვათხოვე ჩემი ტელეფონი, რომელიც არის ჯეოსელის ქსელში ჩართული 557-60-64-89 ნომერით. მან დაურეკა დედამისს და ტიროდა, რომ წამიყვანე აქედან, რადგან გამლახა ქმარმაო“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ „ალბათ ასე იყო, მაშინ მახსოვდა“.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ს--------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 10 ა-----–- იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, გამოცხადდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში, სადაც, მისამართზე დახვდათ ნასვამ მდგორმარეობაში მყოფი ზ------ წ--------–ი და ი----- ა--–--ე. ამ უკანასკნელს შუბლზე აღენიშნებოდა დაზიანება. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს ზ------ წ-------–-- დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. დაკავებულს განემარტა მისი უფლებები.
10. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ------ კ--------ემ.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ------ ს---–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 10 ა-----–- იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაიწყო გამოძიება ზ------ წ-------–-- მიმართ, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ნ---------- განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში უფროსის თანამდებობაზე. იყო ზ------ წ-------–-- ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინდა ზ.წ--------–ს და გაუცვალა მტკიცებულებები. განახორციელა სხვა საპროცესო მოქმედებები და გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცის ზ.წ-------–-- მიმართ.
13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ზ------ წ--------–ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ჭ--–-–---–მა.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1---------–----------:4-----ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი----- ა--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (შუბლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 7.5X0.3სმ). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
15. 2018 წლის 10 აპრილის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა ი----- ა--–--ის ცემა, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ გ---------ში და წარმოადგენს ი----- ბ----------ისა და ზ------ წ-------–-- საცხოვრებელ სახლს.
16. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი----- ა--–--ემ და მოწმე გ------- წ--------–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ზ------ წ--------–მა, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
17. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
18. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------ წ-------–-- მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------ წ-------–-- ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ------ წ-------–-- უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------ წ-------–-- მხრიდან დაზარალებულ ი----- ა--–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 10 ა-----–-, თერჯოლის რაიონის სოფელ ბ-----–----დში (გ----------) საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ზ------ წ--------–ს, ი----- ა--–--ის მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
22. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ წ-------–-- მიერ ი----- ა--–--ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - ნ------- ა--–--ის და ნ---- მ------–---–ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ წ-------–-- მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ა-----–-, ზ------ წ--------–მა ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის - ი----- ა--–--ის მიმართ. ზოგადად მოწმე ნ---- მ------–---–მა მიუთითა და დაადასტურა გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში მითითებული გარემოება, რომ ზ------ წ--------–მა გალახა ი----- ა--–--ე, თუმცა დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, რა ადგილებში მიაყენა დაზიანება ბრალდებულმა დაზარალებულს, მოწმეს არ უთქვამს. რაც შეეხება მოწმე ნ------- ა--–--ეს, მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდგომ, პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ უარყო გამოძიების დროს, გამოკითხვისას სიტყვა „ცემის“ მითითების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ი----- ა--–--ეს სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ზ------ წ-------–-- დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ორი ირიბი მოწმის ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ზ------ წ--------–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
26. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ წ--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ------ წ-------–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის N1/85-2018 განჩინებით, ზ------ წ-------–-- (პ/ნ 2-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N3-----------);
გამართლებულ ზ------ წ--------–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დავალიერების დროს გადაღებული ფოტო-სურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე