გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210015001106974
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19627-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–------ის მ----ა

წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი

 

მოპასუხე - ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ი

წარმომადგენელი - ნ----–-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 6967.46 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ქ. თ---–----------–----–------ის მ----ას და ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს შორის 2014 წლის 21 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ჭავჭავაძის გამზირზე ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის, ლეონიძის ქუჩის და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოების) მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 45 676.47 ლარს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21.05.2014-დან 40 დღე.

ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან უზრუნველყოფდა ქ. თ---–---- მ----ის კ-----–---–----ის საქალაქო სამსახური.

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხოლო ამავე 9.5 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ: ბ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 20 კალენდარულ დღეზე ვადით გადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად სამსახურის მიერ გაგზავნილი შეტყობინებისა მხარის მიერ მაინც არ განხორციელებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ზემოხსენებული პუნქტების შესაბამისად ქ. თ---–----------–----–------ის მ----ის მიერ 2014 წლის 22 აგვისტოს ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებლისთვის ცნობილი გახდა 2014 წლის 26 აგვისტოს წერილით.

საქმეში წარმოდგენილია #1, #2, #3 მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმადაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 22 831.47 ლარი, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ კი 22 845 ლარი (45 676.47-22 831.47=22 845) ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 53 კალენდარული დღე (01 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით). ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს 0.5% - 22 845*0.5/100=114.23 ლარი, ანუ 53*114.225=6053.93 ლარი. ხოლო ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიმწოდებელს დაეკისრებოდა - ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2 %, კერძოდ, 913.53 ლარი (45 676.47*2/100=913.53).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს მიერ უნდა იქნეს შემცირებული. მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულებების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მთელი რიგირ მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, რაც ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვისაც (პრობლემები ,,წყალკანალის“ მხრიდან, ობიექტზე დამქირავებლების არსებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა სამუშაოების წარმოებას).

ასევე, მოპასუხე მხარის მითითებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ საფუძვლით ქ. თ---–----------–----–------ის მ----ას უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 21.05.2014 წელს, ქ. თ---–---- მ----ას და ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ჭავჭავაძის გამზირზე ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის, ლეონიძის ქუჩის და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოების) მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 45 676.47 ლარს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21.05.2014-დან 40 დღე.

ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან უზრუნველყოფდა ქ. თ---–---- მ----ის კ-----–---–----ის საქალაქო სამსახური.

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხოლო ამავე 9.5 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ: ბ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 20 კალენდარულ დღეზე ვადით გადაცილების შემთხვევაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.05.2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 30 ივნისს, ქ. თ---–---- მ----ას და ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს შორის შედგა #1 მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ 2014 წლის 21 მაისის #2.8---------1 ხელშეკრულების საფუძველზე, 21.05.2014 წლიდან 30.06.2014 წლის ჩათვლით შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოების მოწყობა), ჭავჭავაძისა და ატენის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის, ლეონიძის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვაჟა-ფშაველას გამზირის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვაჟა-ფშაველას გამზირის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა) მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 11586.09 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.06.2014 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 27-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2014 წლის 22 ივლისს, ქ. თ---–---- მ----ას და ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს შორის შედგა #1 მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ 2014 წლის 21 მაისის #2.8---------1 ხელშეკრულების საფუძველზე, 30.06.2014 წლიდან 22.07.2014 წლის ჩათვლით შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოების მოწყობა), ჭავჭავაძისა და ატენის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის, ლეონიძის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვაჟა-ფშაველას გამზირის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვაჟა-ფშაველას გამზირის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა) მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3950.94 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.07.2014 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 27-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2014 წლის 30 ივლისს, ქ. თ---–---- მ----ას და ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს შორის შედგა #1 მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ 2014 წლის 21 მაისის #2.8---------1 ხელშეკრულების საფუძველზე, 22.07.2014 წლიდან 30.07.2014 წლის ჩათვლით შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოების მოწყობა), ჭავჭავაძისა და ატენის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის, ლეონიძის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვაჟა-ფშაველას გამზირის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ვაჟა-ფშაველას გამზირის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (ახალი საპირფარეშოს მოწყობა) მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემსყიდველის მიერ მოწოდებულ მისამართებზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 7294.44 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.07.2014 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 26);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 27-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში და არსებული მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 6967.46 ლარს. მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია აღნიშნული თანხის გამოთვლის და მისი ოდენობის საკითხი, მითითება გაკეთდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თ---–----------–----–------ის მ----ის #12----------2 წერილი (ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა მოპასუხე მხარის მითითება ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემაფერხებელი გარემოებების არსებობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა, რომელსაც კატეგორიულად არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე თავისი ახსნა-განმარტებით, საქმეში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნული გარემოების დასასაბუთებლად.

 

3.2.2. ვინაიდან, მოპასუხე მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, მისი უფლებებიც დარღვეულია შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონი სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს, ანუ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2015 წლის 29 სექტემბერს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აპელირებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. ხოლო სსკ-ის 656-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მოცემული ნორმები ადგენენ სპეციალურ ვადებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მენარდის მიერ დამზადებული ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობას. წარმოდგენილ შემთხვევაში, ამგვარი მოცემულობა სახეზე არ არის. სადავო საკითხს წარმოადგენს ვალდებულების არაჯეროვნად (ვადის დარღვევით, სრულად შეუსრულებლობა) შესრულების გამო პირგასამტეხოს დაკისრებას. შესაბამისად, ქ. თ---–----------–----–------ის მ----ის სარჩელის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო კოდექსით, სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები, რომლის მიხედვითაც სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 417-ე, 418-420-ე, 629-ე, მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 21.05.2014 წელს, ქ. თ---–---- მ----ას და ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა კომპლექსის (ახალი საპირფარეშოს მოწყობა), ჭავჭავაძის გამზირზე ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის, ლეონიძის ქუჩის და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელი (ახალი საპირფარეშოების) მოწყობა, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 45 676.47 ლარს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21.05.2014-დან 40 დღე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

21.05.2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი ექნებოდა ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, სამუშაოები შეასრულა ვადის დარღვევით, რამაც განაპირობა მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–------ის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და მოპასუხისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულობის შეფასებისას, აუცილებელია მხარის მირ შემოთავაზებული იქნას ის არსებითი ფაქტორები რაც კონკრეტული პირგასამტხლოს, კონკრეტული გარემოებებისა თუ ვითარების გათვალისწინებით არაგონივრულად შეფასებისათვის არის მნიშვნელოვანი. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლოს მიხედულებით დარიცხვა არ განხორციელებულა კრედიტორის მიერ ხელოვნურად გაზრდილ პერიოდზე, არ აღემატება ძირითადი/შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მოპასუხე არის მეწარმე და მისთვის ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, ვადები, შესასრულებელი სამუშაოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და შესაძლო სანქციების თაობაზე ნათელი და აღქმადი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, არსებული მომენტისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ, არაგონივრულად დიდი ოდენობა უნდა იყოს გარკვეულ ფაქტორებთან დაკავშირებული, რომლის მითითება და დასაბუთება მოპასუხე მხარეს ეკისრება და აღნიშნული წარმოდგენილ შემთხვევაში მისი მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, იგი სახელწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, ქ. თ---–----------–----–------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინდ. მეწარმე მ----- გ---–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ოდენობით (დავის საგნის ღირებულების 3%), რაც შეადგენს 209.02 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ქ თ---–----------–----–------ის მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ი/მ მ----- გ---–-----ს ქ. თ---–----------–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 6967.46 ლარის ანაზღაურება.

 

3. ი/მ მ----- გ---–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 209.02 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე